რეზიუმე: ეკონომიკური ზრდის პროგნოზს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. მამუკა ბახტაძე აქცენტს შემდგომ 4 წელზე აკეთებს, შესაბამისად, მართებულია ანალიზი 2019-2023 წლებისათვის. მოცემული პერიოდისათვის საქართველოს საპროგნოზო საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 5%, ხოლო საშუალო ეკონომიკური ზრდა მეზობელ ქვეყნებში 2.5%. საქართველოს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა, მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელს ზუსტად 2-ჯერ აღემატება. თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვა მეზობლების დაბალი ზრდის ფონზე, რაც განაპირობებს საშუალო მაჩვენებლის სიმცირეს სამეზობლოსათვის, სომხეთის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი არსებითად არ ჩამოუვარდება საქართველოსას, ფაქტობრივი კი აღემატებოდა ბოლო ორი წლის მანძილზე.
რაც შეეხება რეგიონს, მიზანშეწონილია, რომ მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია. ასეთი რეგიონი კი, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფია. რეგიონში საქართველო მართლაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ ლიდერად (თუმცა, არა ერთპიროვნულ ლიდერად) პროგნოზირებული 5% საშუალო ეკონომიკური ზრდით, რაც მესამე ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადება რეალობას სრულყოფილად არ ასახავს და მის მსმენელს, შესაძლოა არსებულ რეალობაზე, გარკვეულწილად შელამაზებული წარმოდგენა შეექმნას.
2019 წლისთვის 4.6%-ს შეადგენს ეკონომიკური ზრდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1% შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა.
ანალიზი
აშშ-ში, მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მესამე კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა, სადაც მან განაცხადა: „საქართველოში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5%-ია და 2-ჯერ აღემატება სამეზობლოში არსებულ მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს რეგიონში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით“.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. ეკონომიკური ზრდის დინამიკა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, ასახულია ცხრილ 1-ში.
ცხრილი 1: ეკონომიკური ზრდა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში
2017 |
2018 |
2019 |
2020 |
2021 |
2022 |
2023 |
2024 |
|
საქართველო |
4.8 |
4.7 |
4.6 |
5.0 |
5.2 |
5.2 |
5.2 |
5.2 |
აზერბაიჯანი |
0.1 |
1.4 |
3.4 |
3.1 |
2.1 |
1.6 |
1.5 |
1.7 |
სომხეთი |
7.5 |
5.0 |
4.6 |
4.5 |
4.5 |
4.5 |
4.5 |
4.5 |
რუსეთი |
1.6 |
2.3 |
1.6 |
1.7 |
1.7 |
1.6 |
1.6 |
1.6 |
თურქეთი |
7.4 |
2.6 |
-2.5 |
2.5 |
3.0 |
3.0 |
3.5 |
3.5 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
მამუკა ბახტაძე აქცენტს შემდგომ 4 წელზე აკეთებს, შესაბამისად, მართებულია ანალიზისათვის 2019-2023 წლების მონაკვეთის აღება. მოცემულ პერიოდში საქართველოს საპროგნოზო საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 5%, ხოლო საშუალო ეკონომიკური ზრდა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში აგრეგირებულად 2.5%. საქართველოს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა, მეზობელი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ზუსტად 2-ჯერ აღემატება. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ სამეზობლოს საშუალო მაჩვენებლის სიმცირეს განაპირობებს სხვა მეზობელი ქვეყნების დაბალი ზრდის ტემპი, სომხეთის ანალოგიური მაჩვენებელი კი საქართველოსას არსებითად არ ჩამოუვარდება.
რაც შეეხება რეგიონს, მიზანშეწონილია, მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია. ასეთი რეგიონი კი, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფია (მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოების გამოკლებით). ამ ჯგუფის ქვეყნების ეკონომიკების მახასიათებელი ნიშან-თვისებები მეტ-ნაკლებად იდენტურია.
გრაფიკი 1: 2019-2023 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი რეგიონში (%)
წყარო: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, რეგიონში საქართველო შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ ლიდერად, პროგნოზირებული 5% საშუალო ეკონომიკური ზრდით, რაც მესამე ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაა.
რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, მსოფლიო ბანკის მიერ იანვარში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საპროგნოზო ეკონომიკური ზრდა 5%-ს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებულ ანგარიშში პროგნოზი შემცირდა 4.6%-მდე. ასევე, 4.6%-ს შეადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც. პროგნოზის შემცირების მიზეზად ერთი მხრივ საგარეო ეკონომიკური ფაქტორების გაუარესება - საგარეო მოთხოვნის შემცირება, მეორე მხრივ კი, დაწესებული საბანკო რეგულაციების უარყოფითი გავლენა დასახელდა. აღნიშნულ საკითხზე იხ. ფაქტ-მეტრის კვლევა.
გრაფიკი 2: 2019 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასება, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით (%)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8 პროცენტით განისაზღვრა, 2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.6-ია.