რეზიუმე: სესხის გაცემაზე ეროვნული ბანკის რეგულაციები 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რითაც სესხის გაცემის პირობები გამკაცრდა. შესაბამისად, მას დასაქმების და სამუშაო ადგილების მიმდინარე წლის მაჩვენებლებზე შესაძლოა ჰქონდეს გავლენა. თუმცა, მიმდინარე წლის I კვარტლის მაჩვენებლები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი და რომც იყოს, მტკიცებით ფორმაში მაინც ვერ ვიტყოდით ცალკეულ სექტორში სამუშაო ადგილების რიცხვის ცვლილება უკავშირდება თუ არა კონკრეტულ რეგულაციას. ამრიგად, სამუშაო ადგილების შემცირებაზე პოლიტიკოსი კონკრეტულ მაჩვენებლებს ვერ დაეყრდნობოდა, თუმცა განცხადების სიზუსტის შემოწმების შესაძლებლობას ფაქტ-მეტრიც მოკლებულია.
რაც შეეხება პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ მევახშეობას და ე.წ. „შავ ბაზარს“, ამ უკანასკნელის გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა თეორიულად მსგავსი მითითება შესაძლებელია სამართლიანი იყოს. ამ მონაცემებს არც განცხადების ავტორი ფლობს.
სავალუტო ფონდის მიერ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ბოლოს აპრილში განახლდა, სადაც 4.6%-იანი ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდა. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების პროგნოზები შეამცირა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის მიმოხილვაში 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია ნაკლებად პოზიტიურ საგარეო გარემოზე და კრედიტების დაბალი ზრდის გავლენაზე. ამ უკანასკნელში კი სასესხო რეგულაციები იგულისხმება.
მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2019 წლის ეკონომიკური პროგნოზი 5%-ს შეადგენდა, რაც აპრილის დასაწყისში 4.6% -მდე შეამცირა. შემცირების მიზეზად, საგარეო მოთხოვნის შესუსტება და ე.წ. „პასუხისმგებლიანი დაკრედიტება“ - სასესხო რეგულაციები დაასახელა.
ამჟამად, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-ია. ამავდროულად, ორივე აღნიშნავს, რომ სესხების გაცემის გამკაცრება უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა დადებითად იმოქმედებს სექტორის სტაბილურობაზე და აღნიშნული ფაქტორი მათ პროგნოზებშია ასახული. ამრიგად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების გამომწვევი მიზეზი მხოლოდ სესხებზე დაწესებული რეგულაციები არ არის, ის ერთ-ერთი ფაქტორია.
ზემოთ მოცემული რიგი დაუზუსტებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი ირაკლი აბესაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ საპარლამენტო გამოსვლისას საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ სესხის გაცემაზე დაწესებული რეგულაციების შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა სამუშაო ადგილების შემცირება, სესხების „შავ ბაზარზე“ გადასვლა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება გამოიწვია.
აღნიშნული რეგულაციები კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სესხის გაცემისას შეზღუდვებს უწესებს, რაც გულისხმობს მათ მიერ ფიზიკურ პირების გადახდისუნარიანობის შესწავლას და ანალიზსს. გარდა გადახდისუნარიანობის ანალიზის აუცილებლობისა, რეგულაციებით მოთხოვნილია დამატებითი პირობები, მათ შორის მსესხებლის წმინდა შემოსავლებსა და სესხს შორის სხვაობა არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები (ამჟამად, საარსებო მინიმუმი 181 ლარია). სებ-ის მიერ დაწესებულ რეგულაციებზე ფაქტ-მეტრი წინა თვეებშიც წერდა.
რეგულაციები სებ-ის პრეზიდენტის მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს გამოიცა, რაც 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. შესაბამისად, ის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მიმდინარე წლიდან იქონიებს გავლენას. სამუშაო ადგილების შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლების წარმოება საქსტატის მიერ ბიზნესის სექტორის სტატისტიკის ფარგლებში ხორციელდება, თუმცა მიმდინარე ეტაპზე ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების, დასაქმების შესახებ უახლესი ინფორმაცია 2018 წლის IV კვარტალს მოიცავს. ასევე, სამუშაო ძალის გამოკვლევის გზით წარმოებული დასაქმება/უმუშევრობის შესახებ უახლესი სტატისტიკური ინფორმაცია 2018 წლის IV კვარტალს მოიცავს. თავის მხრივ, მიმდინარე წლის I კვარტლის მაჩვენებლებს საქსტატი 2019 წლის 20 მაისს გამოაქვეყნებს. ამრიგად, პარლამენტის წევრის მიერ მიმდინარე წლის დასაქმების მაჩვენებლებზე, როგორც ფაქტზე საუბარი, სტატისტიკურ საფუძველს მოკლებულია, რადგან ამ ეტაპისთვის ასეთი ინფორმაცია არ არსებობს.
რაც შეეხება სესხების „შავ ბაზარზე“ გადასვლას და მევახშეობის პრობლემას, ეს საკითხიც ვერ იქნება ფაქტობრივ მაჩვენებლებზე დაფუძნებული, რადგან ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია არ იწარმოება და სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „შავი ბაზარს“. ფიზიკური პირებისმიერ ფულადი სახსრების გასესხება არ არის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული და არ ხდება ამის შესახებ ინფორმაციის გენერირება და აღრიცხვა.
სექტორში დასაქმების კლებისა და ე.წ. „შავი ბაზრის“ შესახებ გაკეთებული განცხადების დაზუსტების მიზნით, ჩვენ ირაკლი აბესაძეს დავუკავშირდით, რათა გაგვეგო ხომ არ ფლობდა ის რაიმე სახის სტატისტიკურ მაჩვენებლებს. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი სტატისტიკა არ გააჩნია და მედიაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2019 წლის ეკონომიკური მიმოხილვა და პროგნოზები მიმდინარე წლის აპრილში განაახლა. განახლებული პროგნოზით,2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.6%-ია, რაც თებერვალში არსებული პროგნოზთან შედარებით, არ შეცვლილა. მიმდინარე წლის თებერვალში სავალუტო ფონდის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ 4.6%-იანი ზრდის პროგნოზისას გათვალისწინებულია ნაკლებად პოზიტიური საგარეო გარემო და კრედიტების დაბალი ზრდის გავლენა ეკონომიკაზე. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების ზრდა უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს დააბალანსებს.აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯების წილი გაიზარდა, რასაც 2019 წელსაც გავლენა აქვს[1], ხოლო 2019 წელს წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ამ ტიპის ხარჯები.
გრაფიკი 1: 2019 წლის საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, IMF და WB (%)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდმა 2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8% დან 4.6% -მდე გასული წლის დეკემბერში შეამცირა. აღნიშნული შემცირების მიზეზად ფონდი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებდა. სავალუტო ფონდი ყურადღებას თურქეთში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე და მის გავლენაზე ამახვილებდა.
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორებია (2018 წლის მთლიან ექსპორტში წილის მიხედვით): აზერბაიჯანი (15%), რუსეთი (13%), სომხეთი (8.3%), ბულგარეთი (7.7%), თურქეთი (6.9%) და უკრაინა (5.2%). მიმდინარე წლის აპრილში სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აზერბაიჯანში, რუსეთში და სომხეთში 0.2% პუნქტით შეამცირა, ხოლო ბულგარეთში კი 0.2% პუნქტით გაზარდა. რაც შეეხება თურქეთს, მისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.4%-დან -2.9% -მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტორების და ზოგადად რეგიონში ეკონომიკური ზრდის შემცირების ფონზე, სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წლის დეკემბრის შემდეგ 4.6%-ზე დატოვა.
გრაფიკი 2: 2019 წლის ეკ. ზრდის პროგნოზი, IMF (%)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლის გარეშე) ქვეყნების მაკროეკონომიკური პროგნოზების განახლება. აღნიშნულ დოკუმენტში 2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6% -მდე შემცირდა, რაც მანამდე იანვრის მდგომარეობით, 5.0%-ს შეადგენდა (იხ. გრაფიკი1). მსოფლიო ბანკი აქვე მიუთითებს, რომ შემცირება განპირობებულია საგარეო მოთხოვნის შესუსტებით, რაც თავის მხრივ, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მაკროეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება და ასევე სებ-ის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკით. ეს უკანასკნელი კი სასესხო რეგულაციებს გულისხმობს.
[1] ბიუჯეტიდან სახსრების არსებითი წილი ბოლო თვეში გადაირიცხა, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული სახსრები ეკონომიკაზე სწორედ 2019 წელს იქონიებს გავლენას