რეზიუმე: 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 245 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ 312 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. აქედან, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 235 000 ტონაზე მეტი ყურძენი, ღირებულებით 288 მლნ ლარი.
ბოლო წლების (2009 წლიდან) სტატისტიკის მიხედვით, გასული წელს საქართველოს მასშტაბით მართლაც ყველაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მიღებულმა შემოსავალმაც მაქსიმუმი შეადგინა. ანალოგიურად, 2018 წელს კახეთში, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალიც ბოლო წლების (2013 წლიდან) მაქსიმუმია. სამწუხაროდ, უფრო ადრინდელი წლების რთველის სტატისტიკა ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული არ არის, თუმცა სააგენტოსთან ზეპირი კომუნიკაციის შედეგად, მივიღეთ პასუხი, რომ მსგავსი მასშტაბის რთველი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არ ყოფილა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს სახელმწიფოს ყურძნის ფასის სუბსიდირება არ განუხორციელებია. თუმცა, მთავრობის განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო კომპანიამ ს.ს. „აკურამ“ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ, ბაზარზე დარჩენილი ყურძენი შეისყიდა.
ანალიზი
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია „ტვ პირველში“ სტუმრობისას, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა:„შარშან, კახეთში შევიდა ისტორიული მაქსიმუმი შემოსავლების სახით. ეს იყო საქართველოს ისტორიაში საუკეთესო რთველი და ყველაზე მეტი შემოსავალი იქნა მიღებული რთველიდან“ - განაცხადა ბახტაძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 292 კომპანიის მიერ 245 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. რეალიზებული ყურძნის ღირებულებამ 312 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.აქედან, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 235 000 ტონაზე მეტი ყურძენი, ღირებულებით 288 მლნ ლარი. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 1 492 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი გადამუშავდა. ამ და სხვა ჯიშის (ჯამში 2 700 ტონა) ყურძნის რეალიზაციის შედეგად, რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის შემოსავალმა 15 მილიონ ლარს მიაღწია.
სააგენტოსვე ინფორმაციით, ყურძენი ღვინის საწარმოებს 22 000-მა მევენახემ ჩააბარა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმატა ვენახების რაოდენობამ და გაჩნდნენ ახალი მევენახეები. ასევე, ყურძნის ფასის დადგენა სრულ საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებზე მოხდა.
ცხრილი 1: 2009-2018 წლებში გადამუშავებული ყურძნის ოდენობა და მიღებული შემოსავლები
წელი |
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა (ტონა) |
შემოსავალი (მლნ ლარში) |
2009 |
23 000 |
- |
2010 |
23 000 |
- |
2011 |
43 500 |
- |
2012 |
54 000 |
- |
2013 |
92 773 |
100 |
2014 |
124 606 |
174 |
2015 |
143 000 |
102 |
2016 |
114 000 |
100 |
2017 |
125 769 |
150 |
2018 |
245 000 |
312 |
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს მართლაც ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა და მიღებულმა შემოსავალმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. რაც შეეხება კახეთის რეგიონის რთველის სტატისტიკას, შემდეგნაირია.
ცხრილი 2: 2013-2018 წლებში კახეთში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა და მიღებული შემოსავალი
წელი |
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა (ტონა) |
შემოსავალი (მლნ ლარში) |
2013 |
91 200 |
87 |
2014 |
122 200 |
161.4 |
2015 |
141 600 |
100 |
2016 |
113 500 |
97 |
2017 |
125 000 |
144 |
2018 |
235 000 |
288 |
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
2018 წელს კახეთის რეგიონში, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი ყურძენი გადამუშავდა და ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალიც წინა წლებისას საგრძნობლად სჭარბობს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს სახელმწიფოს ყურძნის ფასის სუბსიდირება არ განუხორციელებია (ყურძნის ფასის სუბსიდირებას სახელმწიფო 2008 წლიდან ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მევენახეს თითოეულ კილოგრამ ყურძენზე, საბაზრო ფასის ზემოთ, წინასწარ განსაზღვრულ თანხას უხდის. სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავრობამ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო). თუმცა, მთავრობის განკარგულების მიხედვით (იხ. სტატია),სახელმწიფო კომპანიამ ს.ს „აკურამ“, კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ, ბაზარზე დარჩენილი ყურძენი შეისყიდა. ამდენად, 2018 წელს სახელმწიფომ ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განახორციელა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი მაინც გამოყო.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს საქართველოდან 86.2 მლნ ბოთლი (0.75 ლ) ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ბოლო, თითქმის 30 წლის, რეკორდული მაჩვენებელია. ზრდამ, 2017 წელთან შედარებით, 13%-ს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 20%-ით არის გაზრდილი.
საქართველოდან ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 53 ქვეყანაში განხორციელდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო კვლავ რუსეთის ბაზარზე გავიდა (53 682 627 ბოთლი - წინა წელთან შედარებით, 12%-ით მეტი), მთლიანი ექსპორტის 62.3%. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხორციელდება და ახალი ბაზრების ათვისება ხდება, წამყვან საექსპორტო ბაზრად ისევ რუსეთის ბაზარი რჩება. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები (საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პასუხად, რაც რუსეთის „დუმის“ დეპუტატის, გავრილოვის, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო-რუსეთს შორის ავიარეისები შეაჩერა და პარალელურად, „როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ღვინოზე ხარისხის კონტროლი გაამკაცრა) კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფომ და კომპანიებმა ქართული ღვინის ცნობადობის და პოპულარიზაციისთვის უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ, რათა რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის პოლიტიკასა და არასტაბილურ ბაზარზე.