სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას (სუბსიდია - ფულადი ან ნივთიერი დახმარება, რომელსაც სახელმწიფო უწევს ადგილობრივ ორგანოებს, ფირმებს ან ცალკეულ პირებს. რთველის სუბსიდირების შემთხვევაში სახელმწიფო ახდენს ყურძნის ფასის სუბსიდირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მევენახეს თითოეულ კილოგრამ ყურძენზე, საბაზრო ფასის ზემოთ, წინასწარ განსაზღვრულ თანხას უხდის) 2008 წლიდან ახორციელებს. სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავრობამ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო.

2008-2018 წლებში რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 175.8 მილიონი ლარი გამოიყო.

ცხრილი 1: 2008-2018 წლებში ყურძნის ცალკეული ჯიშების სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა და ჯამური ხარჯი (ლარებში)

წელი რქაწითელი საფერავი მუჯურეთული სულ
2008 0.15 0.25 - 6.1 მლნ
2009 0.15 0.25 1 5.5 მლნ
2010 0.15 0.25 1 4.7 მლნ
2011 0.15 0.25 1 8.7 მლნ
2012 0.25 0.35 1 14.8 მლნ
2013 0.4 0.35 1 32 მლნ
2014 0.35 0.15 1 32 მლნ
2015 0.35 0.15 1 30 მლნ
2016 0.45 0.2 2 19 მლნ
2017 - - 2 13 მლნ
2018 - - - 10 მლნ

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

2017 წლის მთავრობის გადაწყვეტილებით,ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია არ გაიცა. სუბსიდია მხოლოდ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე შენარჩუნდა (1 კგ. ყურძენზე - 2 ლარი). კომპენსაცია ასევე იმ ღვინის კომპანიებმა მიიღეს, რომელთაც საბრენდე სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის დასამზადებლად, ერთი კილოგრამი ყურძენი (რქაწითელი და კახური მწვანე) არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს. საკომპენსაციო თანხა 1კგ. ყურძენზე 0.35 ლარი იყო.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში განაცხადა, რომ სახელმწიფო სრულად გადიოდა რთველის სუბსიდირებიდან: „2018 წელს სახელმწიფო არანაირი ტიპის ჩართულობას დაფინანსების კუთხით რთველში არ განახორციელებს. სუფთა საბაზრო ეკონომიკის პირობებით განისაზღვრება, როგორც ფასი, ისე მიწოდების პრინციპები. შესაბამისად, სახელმწიფო მთლიანად გამოდის რთველის სუბსიდირებიდან“.

აღნიშნული განცხადების საპირისპიროდ, მთავრობის განკარგულების პროექტით, კომპანია ს.ს. „აკურას“ 2018 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება დაევალა. განკარგულების პროექტის მიხედვით, „აკურას“ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძენი უნდა შეესყიდა. შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ 10 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის შესყიდვის პროექტს (SMP180001683) თანხმობა მისცა.

ამდენად, მიმდინარე წელს სახელმწიფო ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განახორციელა, თუმცა ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესაძენად ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი მაინც გამოყო, რაც, შეიძლება ითქვას, რთველის ირიბი სუბსიდირებაა.

ყურძნის სუბისიდირების მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში რთველი ტრადიციულად გარკვეული აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობს. კახელი ფერმერების ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილო რჩება ხოლმე. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი აღმოჩნდა. მევენახეთა ნაწილმა ყურძნის ფასები გააპროტესტა.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროდუქტის ფასს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანაფარდობა განსაზღვრავს. თუმცა, წლების განმავლობაში სუბსიდიას მიჩვეულმა მევენახეთა ნაწილმა ყურძნის წლევანდელი ფასი მაინც გააპროტესტა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროტესტის სათავე წლების განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ გაცემული უხვი დაპირებები და სუბსიდირების პოლიტიკაა, რაც მევენახეებს მუდმივად გადაჭარბებულ მოლოდინებს უჩენს.

მიმდინარე წელს ღვინის ქარხნები რქაწითელს 0.70 ლარად, საფერავს კი 1-1.5 ლარად იბარებდნენ. თუ წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ყურძნის ფასი სუბსიდიის ჩათვლით შემდეგნაირი იყო:

ცხრილი 2: ყურძნის ფასი (ლარში) 2010-2018 წლებში, სუბსიდიის ჩათვლით

წელი 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018
თეთრი 0.60 0.70 1 1 1 0.70 0.80 0.85 0.70
წითელი 0.80 1 1 1.3 1.95 0.80 1 1.50 1-1.5
მუჯურეთული 3 3 4 8 8 4-5 5 6-7 6-7

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, მიმდინარე წელს ყურძნის ფასი თითქმის იგივე იყო, რაც ბოლო წლებში სუბსიდიის ჩათვლით.

ფაქტ-მეტრმა ბოლო წლებში სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძნის სტატისტიკაც გააანალიზა:

ცხრილი 3:გადამუშავებული ყურძნის ოდენობა (ტონა) და მიღებული შემოსავლები (ლარი)

წელი 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 (წინასწარი მონაც.)
ყურძენი (ტონა) 23 000 23 000 43 500 54 000 92 773 124 606 141 600 114 000 125 000 230 000
შემოსავალი - - - - 100 174 100 100 150 300

წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო

როგორც მონაცემებიდან ჩანს, მიმდინარე წელს 230 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო წლების მაქსიმალური ოდენობაა და ყურძნის გადამუშავებიდან მიღებულმა შემოსავალმაც მაქსიმუმს - 300 მლნ ლარს მიაღწია.

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წელს სახელმწიფომ ყურძნის ფასის სუბსიდირება აღარ განახორციელა, თუმცა სავარაუდოდ, მოახლოებული არჩევნების ფონზე ბოლომდე „ვერ გარისკა“ და ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესასყიდად ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი მაინც გამოყო.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია