როგორც კი სასამართლო სისტემის პრობლემები და ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი განწყობები აქტიური დებატების საგანი გახდა, „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის, ტელეკომპანია „იმედის“, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და რიგი მოსამართლეების მთავარ გზავნილად სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები იქცა. აღნიშნულ მაჩვენებლებზე აპელირებით, ისინი ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ მართალია სასამართლოში ისევ ის მოსამართლეები არიან, რომელთა ხელშიც იყო მართლმსაჯულება წინა ხელისუფლების დროს, თუმცა ისინი გამოსწორდნენ და ამაზე გაუმჯობესებული სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს.
დასახელებული სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ მშრალი რიცხვებია, რომელთა აღქმა განსაკუთრებით რთულდება იმდენად, რამდენადაც მათ წარმოსაჩენადაც განმცხადებლები ხშირად განსხვავებულ პერიოდებს იყენებენ, უმეტესად კი საერთოდ არ აკონკრეტებენ რომელ პერიოდებს ადარებენ ერთმანეთს. ასევე, ხშირ შემთხვევაში, უცნობია თუ რას გულისხმობს განმცხადებლების მიერ მოყვანილი მაჩვენებლები და რამდენად შეგვიძლია მათზე დაყრდნობით სასამართლოს დამოუკიდებლობის და გაჯანსაღების შესახებ დასკვნების გამოტანა. რაც ყველაზე თვალშისაცემია, დღემდე მათ ერთადერთ წყაროდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ანგარიში (რომელიც 2013 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს ფარავს) რჩება, რომელიც უკვე საკმაოდ ძველ და ამავე დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, არასწორ ინფორმაციას შეიცავს. ანგარიშში დაშვებული უხეში შეცდომები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, თავად საბჭოს განმარტებით, აღნიშნული ანგარიში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. ამასთან, როგორც ჩანს, ეს კვლევა არის ის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც 2013 წლიდან, „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლოს სისტემაში ტალღებად ცნობილი რეფორმების ეფექტიანობას ზომავს.
სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებას ყურადღება არასდროს მოუდუნებია, თუმცა აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 2018 წლის მიწურულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიტატების სიის პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ გახდა. ხელისუფლებამ მოზღვავებულ კრიტიკას, სტატისტიკური მონაცემები დაუპირისპირა.
2019 წლის 22 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულება“ წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძისა და მოსამართლე ლევან მურუსიძის ცნობილ დებატებს, წამყვანმა შემდეგი წინასიტყვაობა დაურთო: „2012 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, ორი არჩევანი იყო: ან ყველა ძველი მოსამართლე უნდა გაეყარა სისტემიდან და გაეკეთებინა რეპრესიული წმენდა სასამართლოში, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა, ან დაემკვიდრებინა ახალი სტანდარტი და სასამართლო კორპუსისთვის დამოუკიდებლობის განვითარების შანსი მიეცა. რაც მე ახლა ვთქვი, ამის მიხედვით, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ „ოცნებამ“ მეორე გზა აირჩია“.
აღნიშნული განცხადების შემდეგ კი წამყვანმა საერთო სასამართლოები სისტემაში არსებული სხვდასხვა სტატისტიკური მონაცემი წარმოადგინა (მისი განცხადებით, ეს ის მონაცემებია, რომელთა მოგროვებაც მათ თავიანთი რესურსით მოახერხეს), რომელიც ცხრილ 1-შია ჩამოთვლილი.
გადაცემის გასვლიდან რამდენიმე დღეში, 5 თებერვალს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც გავრცელდა, რომელიც არა მხოლოდ რიტორიკით, არამედ მონაცემებითაც ძალიან ჰგავდა „იმედის“ წამყვანის მიერ წარმოთქმულ შესავალ სიტყვას. „ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის განაცხადით ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამომრჩეველთა განწყობების მიუხედავად და, გარკვეულწილად, ამ განწყობების საწინააღმდეგოდაც კი, უარი ვთქვით სასამართლო სისტემის გარდაქმნის არაკონსტიტუციურ მეთოდზე. ჩვენ უარი ვთქვით სისტემის რევოლუციური წმენდის მანკიერ პრაქტიკაზე და მისი გაჯანსაღების რთული, თუმცა, ერთადერთი კანონიერი გზა ავირჩიეთ - პოლიტიკური წნეხის მოხსნით, სასამართლო ხელისუფლებას მივეცით თვითგამორკვევის საშუალება, რათა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუტი კანონის სამსახურში ჩამდგარიყო და, იმავდროულად, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკანონმდებლო უზრუნველყოფის გზით, სისტემის თვისებრივი გაუმჯობესებისათვის მიგვეღწია“ - ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
9 აპრილს კი, „იმედის“ იმავე გადაცემაში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგების გაცნობის მიზნით, საზოგადოებას პოლიტსაბჭოსა და ტელეკომპანია იმედის მიერ წარმოდგენილი მონაცემების იდენტური მაჩვენებლები გააცნო.
ცხრილი 1: ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და ტელეკომპანია „იმედის“ თითქმის იდენტური რიტორიკა სასამართლო სისტემის შესახებ
|
(05/02/2019) |
(09/04/2019) |
(22/01/2019) |
1 |
6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა |
6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა (ფაქტ-მეტრის ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე) |
გამამართლებელი განაჩენები: 2008-2011 წლები- 112 2013-2016 წლები - 643 (ამ შემთხვევაშიც 6-ჯერ ზრდაა ხაზგასმული) |
2 |
3-ჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი |
3-ჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი |
|
3 |
3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელი |
3-ჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელი |
ადმინისტრაციული პატიმრობა: 2009 – 2012 წწ - 18 288 2013-2016 წწ - 5 939 (ამ შემთხვევაშიც 3-ჯერ შემცირება ფიქსირდება) |
4 |
18-ჯერ (91-დან 5 მლნ ლარამდე) შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი |
18-ჯერ (91-დან 5 მლნ ლარამდე) შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი |
გადახდილი გირაო: 2009-2011 წწ - 91 მლნ ლარი. 2013-2016 წწ - 5 მლნ ლარი. |
5 |
თითქმის 5-ჯერ (229-დან 48 მლნ ლარამდე) შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი |
თითქმის 5-ჯერ (229-დან 48 მლნ ლარამდე) შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი (რიცხვებით მანიპულირება) |
გადახდილი ჯარიმა 2009 – 2012 წწ - 229 მლნ ლარი 2013 -2016 წწ - 48 მლნ ლარი |
6 |
200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და სიტი-პარკის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. |
200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და სიტი-პარკის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი (ვერდიქტის გარეშე) |
|
7 |
|
კერძო პირების მიერ მოგებული ადმინისტრაციული დავები (სახელმწიფოს წინააღმდეგ იგებენ, მინისტრებს უგებენ) 64%-ია მოგებული, სახელმწიფო აგებს კერძო პირებთან (სიმართლე) |
კერძო პირების მიერ მოგებული ადმინისტრაციული დავები უზენაეს სასამართლოში 2011 წ– 47%, 2016 წ - 64%. |
8 |
|
კერძო პირების მიერ მოგებული საგადასახადო დავები უზენაეს სასამართლოში 73%-ია (მეტწილად-სიმართლე) |
კერძო პირების მიერ მოგებული საგადასახადო დავები უზენაეს სასამართლოში 2011 წ - 59%, 2016 წ - 73%. |
9 |
11-ჯერ ( 44 553-დან 415-მდე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. |
11-ჯერ (4 453-დან 415-მდე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა |
სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრები: 2008-2011 წწ - 4 463; 2013 -2016 წწ - 415 |
ფაქტ-მეტრმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებები გადაამოწმა, წინამდებარე კვლევაში გთავაზობთ თითოეული მათგანის შესახებ მოკლე მიმოხილვას, რომლის უფრო ვრცელი და დეტალური ვერსიის ნახვაც, მითითებულ ბმულებზე გადასვლით იქნება შესაძლებელი.
განცხადება 1: 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის აღნიშნული განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
განცხადებაში, რომელიც გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ექვსჯერ გაზრდას გვაუწყებს, არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი პერიოდის მონაცემებია შედარებული. ერთი შეხედვით, ჩნდება განცდა, რომ წარმოდგენილი მონაცემები „ტალღებად“ ცნობილი რეფორმების შეჯამებას წარმოადგენს და შესაბამისად, სასამართლოს სისტემაში დღეს არსებულ მდგომარეობას (უახლოეს მონაცემებს) ასახავს.
თუმცა, ფაქტ-მეტრის დაკვირვებით, აღნიშნული განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 ივნისი - 2017 მაისი საქმიანობის ანგარიშში წარმოდგენილ მონაცემებს ეყრდნობა და შესადარებლად ერთი მხრივ, 2008-2011 წლებისა და მეორე მხრივ, 2013-2016 წლების 4 წლიანი პერიოდები ააღებული (სწორედ ის მონაცემები, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ აქვს წარმოდგენილი).[1]
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები არ არიან ვალდებულები გადაამოწმონ თუ რას გულისხმობდა ან რას ეყრდნობოდა განმცხადებელი, ამასთან, ვერც დაუშვებენ რომ შესაძლოა 2019 წლის თებერვალ-აპრილში გაკეთებული განცხადება, მხოლოდ 2016 წლის ჩათვლით არსებულ მდგომარეობას ასახავდეს. აქედან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის ზრდის შესახებ განცხადება, უახლესი მონაცემების გათვალისწინებით უნდა გადამოწმდეს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ არასწორია მხოლოდ აბსოლუტურ მაჩვენებლებზე აპელირება და სურათის უკეთ დასანახად, აუცილებელია ფარდობითი მაჩვენებლის განსაზღვრაც.
ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავებისას შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა, რამაც საბოლოოდ განცხადების ვერდიქტიც განსაზღვრა: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გამამართლებელი განაჩენების მართლაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო (იგულისხმება პროცენტული მაჩვენებელი). მდგომარეობის გამოსწორება 2011 წლიდან დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ 2012 წელი, სტატისტიკური მონაცემების მხრივ, საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც შენარჩუნდა.
შესაბამისად, განცხადების კონტექსტი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივი მონაცემების აბსოლუტურ სიზუსტესთან დაკავშირებით, იმავეს თქმა რთულია. 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა (აბსოლუტური მაჩვენებელი) მხოლოდ 4-ჯერ გაიზარდა და არა 6-ჯერ (2012 წ - 117 გამამართლებელი განაჩენი; 2018 წ - 477). 6 წლიანი პერიოდების შედარებისას (იგულისხმება 2007-2012 და 2013-2018 წლები), აბსოლუტური მაჩვენებელი 4.8-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო 6 წლიანი პერიოდების საშუალო მაჩვენებლების შედარებისას, აღნიშნული რიცხვი მართლაც 6-ჯერ გაიზარდა.
რაც შეეხება ფარდობით მაჩვენებელს, 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს არსებითად განხილულ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების პროცენტული წილი არ შეცვლილა (2012წ.- 8.32%; 2018 წ. – 8.27%). 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელი (2007-2012 წლებში ის 1.91-ს, ხოლო 2012-2018 წლებში - 4.41-ს შეადგენდა) - 2.3-ჯერ გაიზარდა. ასევე, 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს განაჩენით გამოტანილ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების წილი 2.8-ჯერ გაიზარდა, ხოლო 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელი 5-ჯერ არის გაზრდილი.
განცხადება 2: 3-ჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის აღნიშნული განცხადება არის მეტწილად მცდარი.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ აკონკრეტებს თუ რა პერიოდს ან მაჩვენებელს გულისხმობ. ჩვენ მიერ განხილული მაჩვენებლებისა და შერჩეული სხვადასხვა პერიოდის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის მაჩვენებლის სამჯერ შემცირება არცერთ შემთხვევაში არ ფიქსირდება.
თუ წინასწარი პატიმრობის მაჩვენებელში აღკვეთის ღონისძიებათა მთლიან რაოდენობაში პატიმრობათა ხვედრით წილს მოვიაზრებთ, ვნახავთ, რომ არა თუ შემცირდა, არამედ 2018 წლის მაჩვენებელმა (43.1%) 2012 წლის მაჩვენებელსაც (41.9%) კი გადაასწრო (1.2 პროცენტული პუნქტით). რაც შეეხება 6 წლიანი პერიოდების შედარებას, „ქართული ოცნების“ მმართველობის საშუალო მაჩვენებელი (32.5%), მხოლოდ 1.5-ჯერ ჩამოუვარდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ანალოგიური პერიოდის საშუალო მაჩვენებელს (47.6%).
ასევე, 2018 წელს, 2012 წელთან შედარებით, სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობათა დაკმაყოფილების მაჩვენებელი 1.2-ჯერ არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს დაფიქსირდა (74.5%). რაც შეეხება ქართული ოცნების მმართველობის 6 წლიანი პერიოდის საშუალო მაჩვენებელს (2007-2012 წლები - 93.6%; 2013-2016 წლები - 65.5%), წინა ხელისუფლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ის 1.4-ჯერ შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, პატიმრობის შეფარდებათა შემთხვევები რაოდენობრივად მართლაც იკლებს, თუმცა მხოლოდ აბსოლუტურ მაჩვენებელზე აპელირება არასწორია. ამასთან, ისევე როგორც აბსოლუტურის, ფარდობითი მაჩვენებლის კლებაც 2011 წლიდან იწყება, შესაბამისად, რთულია იმის განსაზღვრა თუ კონკრეტულად რომელ რეფორმას უნდა მივაწეროთ აღნიშნული მაჩვენებლების კლება.
განცხადება 3: სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელი
ფაქტ-მეტრი ბიძინა ივანიშვილის აღნიშნულ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
არც ამ შემთხვევაში არის დაკონკრეტებული თუ რა იგულისხმება ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელში და არც ის, თუ რომელი პერიოდები დარდება ერთმანეთს.
თუკი, ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელში ზოგადად ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირთა საერთო რაოდენობაში, ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირთა პროცენტული წილი იგულისხმა, მაშინ ვნახავთ, რომ 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2.8-ჯერ არის შემცირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.74 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის საშუალო მაჩვენებელს (5.52%), „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ანალოგიური პერიოდის (6 წელი) საშუალო მაჩვენებელს (16.69%) შევადარებთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ზუსტად 3-ჯერ არის შემცირებული. თუმცა, მონაცემების ამგვარად წარმოდგენა არ არის მიზანშეწონილი, რადგან სურათის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობას არ იძლევა.
აღსანიშნავია, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ სახდელის სახედ პატიმრობას მხოლოდ 23 სამართალდარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს. შესაბამისად, როდესაც ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, უფრო მიზანშეწონილი იქნება პატიმრობათა წილი სწორედ აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის გამოყენებულ სახდელთა რაოდენობაში განვსაზღვროთ. თუმცა, სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ამ სახით მონაცემების დამუშავება არ ხდება.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი კლება ახასიათებს ადმინისტრაციულ პატიმრობათა აბსოლუტურ მაჩვენებელსაც. 2013-2018 წლების საშუალო მაჩვენებელი, 2007-2012 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 3.5-ჯერ არის შემცირებული. თუმცა მიგვაჩნია, რომ მხოლოდ აბსოლუტურ მაჩვენებელზე (ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირთა რაოდენობა) აპელირება არასწორია და განცხადებას მხოლოდ ამ კუთხით ვერ შევხედავთ.
ამასთან, ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიში, რომელსაც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი ეყრდნობა, ხოლო ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყაროს სწორედ აღნიშნული კვლევა წარმოადგენს, შეცდომაა დაშვებული. კერძოდ, უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ მონაცემებსა და ანგარიშში არსებულ მონაცემებს შორის შეუსაბამობა ფიქსირდება. თუკი ანგარიშის თანახმად, 2009-2012 წლებში, ადმინისტრაციული პატიმრობა 18 288 პირს შეეფარდა, უზენაესი სასამართლოს მონაცემების თანახმად, აღნიშნული რიცხვი 16 252-ს უდრის. აღსანიშნავია, რომ 2013-2016 წლების მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა, კერძოდ, ორივე წყაროს ინფორმაციით, ამ პერიოდში ადმინისტრაციული პატიმრობა 5 939 პირს შეეფარდა.
განცხადება 4: 18-ჯერ (91-დან 5 მლნ ლარამდე) შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი
ფაქტ-მეტრის შეფასებით, აღნიშნული განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.
შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის საერთო ოდენობა, რადგან უზენაესი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ამ სახის მონაცემები სასამართლო სისტემაში არ მუშავდება.
წინამდებარე განცხადების მთავარ წყაროს „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის 2013-2016 წლების ანგარიში“ წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს (მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს და არა პირველი ინსტანციის სასამართლოების სრულად) მიერ გირაოს სახით შეფარდებული თანხის საერთო ოდენობა, მართლაც, 18-ჯერ არის შემცირებული (შედარებულია 2009-2012 და 2013-2016 წლების პერიოდები).
განცხადებაში წარმოდგენილი რიცხვები მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებია და არ ასახავს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვითარებას. უფრო მეტიც, ეს სტატისტიკა 2016 წლის სურათს ასახავს და არა უახლესს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი (თუნდაც მართლაც საგრძნობლად იყოს ის შემცირებული), ცალკე აღებული, ვერ იქნება სასამართლოს ეფექტიანობის საზომი. საზოგადოებისთვის ის „მშრალი რიცხვებია“, რომელიც მხოლოდ ეფექტის მოხდენას ისახავს მიზნად.
განცხადება 5: თითქმის 5-ჯერ (229-დან 48 მლნ ლარამდე) შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი
ფაქტ-მეტრის დასკვნით, აღნიშნული განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება.
ისევე როგორც გირაოსთან მიმართებით, ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი (როგორც განცხადებიდან ირკვევა მასში ჯარიმის სახით შეფარდებული თანხის ოდენობა იგულისხმება), რადგან უზენაესი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ამ სახის მონაცემები სასამართლო სისტემაში არ მუშავდება.
როგორც აღმოჩნდა, ისევე როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, ბიძინა ივანიშვილის განცხადების მთავარ წყაროსაც „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის 2013-2016 წლების ანგარიში“ წარმოადგენს. ანგარიშის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს (მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს და არა პირველი ინსტანციის სასამართლოების სრულად) მიერ სასჯელის სახედ შეფარდებული ჯარიმების საერთო ოდენობა, მართლაც, 5-ჯერ არის შემცირებული (შედარებულია 2009-2012 და 2013-2016 წლების პერიოდები).
გარდა იმისა, რომ აღნიშნული რიცხვები მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემებს მოიცავს (მაშინ როდესაც განცხადებაში ამის შესახებ მითითება არ არის), ამავე დროს, ეს სტატისტიკა 2016 წლის სურათს ასახავს და არა უახლესს მონაცემებს (რისი მოლოდინიც მოსახლეობას ლოგიკურად უჩნდება).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი (თუნდაც მართლაც საგრძნობლად იყოს ის შემცირებული), ცალკე აღებული, ვერ იქნება სასამართლოს ეფექტიანობის საზომი. შესაძლოა, აღნიშნულ მაჩვენებელზე აპელირებით განმცხადებელი ცდილობს იმაზე ხაზგასმას, რომ ბოლო წლებში სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება არ ატარებს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მიზანს, თუმცა მხოლოდ მშრალი რიცხვების დასახელებით, ამ დასკვნამდე მისვლა გაგვიჭირდება. ჯარიმის სახით ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობის შემცირება შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც გამოყენებული ჯარიმების ოდენობის შემცირებით, ასევე, ზოგადად სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების რაოდენობის კლებით. ამასთან, საინტერესოა არა ცალკე აღებული ჯარიმის ოდენობის შედარება, არამედ, სასამართლოს მიერ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკის შესწავლა, თუ რამდენად დასაბუთებულია სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა, რამდენად გათვალისწინებულია პირის ქონებრივი მდგომარეობა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე.
შესაბამისად, განმცხადებლების მიერ მხოლოდ ჯარიმის საერთო ოდენობაზე აპელირება, ისე რომ ისიც კი არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რომელი პერიოდის, ან რომელი მონაცემები დარდება ერთმანეთს, არაფრის მომცემია (თუნდაც მართლაც მნიშვნელოვნად იყოს შემცირებული) და მხოლოდ საზოგადოებაზე ეფექტის მოხდენას ისახავს მიზნად.
განცხადება 6: 200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და სითი-პარკის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი
ფაქტ-მეტრი, ბიძინა ივანიშვილის აღნიშნულ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
ამ შემთხვევაშიც, ფაქტ-მეტრი მოკლებულია განცხადების ფაქტობრივი სიზუსტის გადამოწმებას, რადგან, უზენაესი სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ამ სახის მონაცემები სასამართლო სისტემაში არ მუშავდება.
თუმცა, აღნიშნულ მაჩვენებელთან დაკავშირებითაც, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განმცხადებელი კვლავ „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის 2013-2016 წლების ანგარიშს“ ეყრდნობიან. შესაბამისად, მონაცემები არ არის უახლესი (რაც თუნდაც იმით დასტურდება, რომ „სითი-პარკი“, როგორც სამართალსუბიექტი ამ დროისთვის აღარ არსებობს), და ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მხოლოდ ძველ მონაცემებს წარუდგენს.
ამასთან, მხოლოდ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გაგვიჭირდება გარკვეული დასკვნების გამოტანა. ის ფაქტი, რომ პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 200-ჯერ გაიზარდა, შესაძლოა არა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდით, არამედ, თუნდაც პოლიციის საქმიანობის გაუარესებით ან სხვა ობიექტური გარემოებებით იყოს განპირობებული.
განცხადება 7: კერძო პირების მიერ მოგებული ადმინისტრაციული დავები (სახელმწიფოს წინააღმდეგ იგებენ, მინისტრებს უგებენ) 64%-ია მოგებული, სახელმწიფო აგებს კერძო პირებთან
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის აღნიშნული განცხადება არის სიმართლე.
მართალია განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი პერიოდის ან რომელი ინსტანციის მონაცემებზეა საუბარი, თუმცა, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით (რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წინ უძღოდა), ვასკვნით, რომ განცხადებაში 2016 წელს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მიერ განხილულ საკასაციო საჩივრებსა და მათში კერძო პირების (ფიზიკური და იურიდიული პირების) საჩივრების დაკმაყოფილების პროცენტული წილია წარმოდგენილი.
უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 2016 წელს განხილული საკასაციო საჩივრებიდან (699 საქმე), 64.4% შემთხვევაში (450 საქმე), დავა არა სახელმწიფოს, არამედ კერძო პირების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
ცხადია, საზოგადოება არ არის ვალდებული გაარკვიოს თუ რას გულისხმობდა, რომელი პერიოდის და რომელი ინსტანციის მონაცემებზე აპელირებდა განმცხადებელი. 2019 წლის აპრილში, სასამართლოს სისტემაში არსებული სტატისტიკური მონაცემების წარდგენისას, საზოგადოებას მოლოდინი უჩნდება, რომ მონაცემებიც განახლებული იქნება, შესაბამისად, მიგვაჩნია, მონაცემების ამ სახით წარდგენა, როგორც მინიმუმ არა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და „ანგარიშის ჩაბარებას“, არამედ უფრო მეტად ეფექტის მოხდენას ისახავს მიზნად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მაჩვენებელს (მესამე ინსტანციაში კერძო პირების სასარგებლოდ დავის გადაწყვეტა), 2008-2012 წლებთან შედარებით, 2013-2018 წლებში ზრდა ახასიათებს. მეტიც, 2018 წლის მონაცემებით, კერძო პირების დაკმაყოფილების მაჩვენებელი ასევე 64%-ია. შესაბამისად, მართალია განმცხადებლები 2016 წლის მონაცემებს გულისხმობდნენ, თუმცა აღნიშნული დამთხვევის გამო, წინამდებარე განცხადება ფაქტობრივად ზუსტია.
განცხადება 8: კერძო პირების მიერ მოგებული საგადასახადო დავები უზენაეს სასამართლოში 73%-ია
ფაქტ-მეტრის დასკვნით, აღნიშნული განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
საგადასახადო დავა ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეს განეკუთვნება და სასამართლოს მიერ განხილული დავებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო კატეგორიის დავად არის მიჩნეული. ვინაიდან, გადასახადებით დაბეგვრა და გადასახადების დაწესება, სახელმწიფოს მხრიდან პირის საქმიანობაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე საგრძნობ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც გავლენას ახდენს პირის საქმიანობაზე მისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო ორგანოების მხრიდან პირის საქმიანობაში ჩარევა ხორციელდებოდეს კანონმდებლობის დაცვით და კონტროლდებოდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ორგანოს მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სახის დავებისას სასამართლოს დამოუკიდებლობა და მოდავე მხარეების მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზება. სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის წარმოსაჩენად მოჰყავს ბიძინა ივანიშვილს დასახელებული მაჩვენებელი (უზენაესი სასამართლოს მიერ საგადასახადო დავებში კერძო პირების დაკმაყოფილების მაჩვენებელი), თუმცა არ აზუსტებს, თუ კონკრეტულად რომელი პერიოდის მონაცემებზე საუბრობს.
2016 წელს საკასაციო სასამართლოს მიერ განხილული საგადასახადო დავებიდან, კერძო პირების სასარგებლოდ დამთავრებულ დავათა პროცენტული წილი - 73-ს (73%) შეადგენს. 2018 წლის ანალოგიური მაჩვენებელი კი 68.9%-ს უდრის. აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 8.7 პროცენტული პუნქტით დაიკლო. რაც შეეხება ზოგად სურათს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებთან შედარებით (2010 წ - 48%; 2011 წ. – 59.8%; 2012 წ. - 48.1%), „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აღნიშნული მაჩვენებლი შედარებით გაზრდილია, თუმცა გარკვეულწილად არასტაბილურობა ახასიათებს (2013 წ. – 75%; 2014 წ. – 64%; 2015 წ. – 82%; 2016 წ. – 73%; 2017 წ. – 72%; 2018 წ. 69%).
განცხადება 9: 11-ჯერ (4 453-დან 415-მდე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა
ჯერჯერობით არ შეფასებულა.
სტრასბურგის სასამართლოში წარგზავნილ საჩივართა რაოდენობა, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომელზეც ფაქტ-მეტრი სრულყოფილ კვლევას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. ამ ეტაპისთვის კი თავს შევიკავებთ აღნიშნული განცხადების შეფასებისგან.
თუმცა, აღსანიშნავია ერთი გარემოება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ წარგზავნილ საჩივართა თვალშისაცემ რაოდენობას გარკვეულწილად ხსნის და რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შესაძლოა განგებაც ხუჭავენ თვალს. როგორც ცნობილია, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელი ეთნიკური ოსების მიერ, რუსეთის დახმარებით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 3 000-მდე განცხადება შევიდა. აღნიშნული რიცხვი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ 4 453 საჩივარში შედის, რაც პრინციპულად არასწორია იმ სურათის საჩვენებლად, რომელსაც ის აღნიშნული რიცხვების მოხმობით ცდილობს.
[1] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვლევაში არაერთი ხარვეზია დაშვებული, მათ შორის, შეცდომები და კითხვის ნიშნები ამ კონკრეტულ მონაცემთან მიმართებითაც არის. მაგალითად, ანგარიშის თანახმად, ის, რომ 112-დან, 643-მდე გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 82%-იანი ზრდაა, რეალურად კი საქმე 474%-იან ზრდასთან გვაქვს. ანუ დაშვებულია შეცდომა პროცენტის გამოთვლაში. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ განსაზღვრავს რა მოტივით გამოტოვეს საანგარიშო პერიოდიდან 2012 წელი და რის მიხედვით შეარჩიეს ზოგადად შესადარებელი პერიოდები. პრობლემას წარმოადგენს აბსოლუტური და არა ფარდობითი მონაცემების შედარებაც.