იტვირთება

რეზიუმე: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელში და არც იმას, თუ რომელ პერიოდებს ადარებს ერთმანეთს.

იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილმა ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელში ზოგადად ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირთა საერთო რაოდენობაში, ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირთა პროცენტული წილი იგულისხმა, მაშინ ვნახავთ, რომ 2012 წელთან შედარებით, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2.8-ჯერ არის შემცირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.74 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის საშუალო მაჩვენებელს (5.52%), „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ანალოგიური პერიოდის (6 წელი) საშუალო მაჩვენებელს (16.69%) შევადარებთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ზუსტად 3-ჯერ არის შემცირებული. თუმცა, მონაცემების ამგვარად წარმოდგენა არ არის მიზანშეწონილი, რადგან სურათის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობას არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“ სახდელის სახედ პატიმრობას მხოლოდ 23 სამართალდარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს. შესაბამისად, როდესაც ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, უფრო მიზანშეწონილი იქნება პატიმრობათა წილი სწორედ აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის გამოყენებულ სახდელთა რაოდენობაში განვსაზღვროთ. თუმცა, სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ამ სახით მონაცემების დამუშავება არ ხდება.

ანალიზი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გადაცემაში „პირისპირ“, საზოგადოებას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო, მათ შორის ყურადღება ადმინისტრაციულ პატიმრობის მაჩვენებლის კლებაზეც გაამახვილა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით (40 წთ-დან): „ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა“.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 32-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გამოიყენება. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე უფარდებს. პატიმრობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აგვისტოს განხორციელებულ ცვლილებებამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 90 დღით იყო განსაზღვრული.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ სახდელის სახედ ადმინისტრაციულ პატიმრობას 23 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ითვალისწინებს. მათ შორის არის ისეთი გავრცელებული სამართალდარღვევები, როგორიცაა: წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166), სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ან მისი სიტყვიერი ან სხვაგვარი შეურაცხყოფა (მუხლი 173), მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება (მუხლი 45) და სხვა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის მაჩვენებელი სამჯერ არის შემცირებული. მართალია, ის არ აზუსტებს თუ კონკრეტულად რას შეიძლება გულისხმობდეს აღნიშნულ მაჩვენებელში, თუმცა მიგვაჩნია, რომ მასში სწორედ ფარდობითი მაჩვენებელი (პროცენტული) უნდა იგულისხმებოდეს და არა აბსოლუტური (მხოლოდ ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირთა რაოდენობა).

იმის დასადგენად, წლების განმავლობაში კონკრეტულად ამ 23 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სულ რამდენ პირს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და როგორი იყო მათში ადმინისტრაციული პატიმრობის წილი, უზენაეს სასამართლოს მივმართეთ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უწყებაში მონაცემები ჩვენ მიერ მოთხოვნილი სახით არ აღირიცხება.

რაც შეეხება წლების განმავლობაში ზოგადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ სახდელთა რაოდენობას და მათში ადმინისტრაციულ პატიმრობათა ხვედრით წილს,შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ მაჩვენებელს 2012-2017 წლებში კლება ახასიათებდა, 2018 წელს კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.74 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

გრაფიკი 1: პირველი ინსტანციის სასამართლოების მირ 2003-2018 წლებში ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირთა და მათში ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირთა ხვედრითი წილი (%)

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლო

2012 წელთან შედარებით, 2018 წელს ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირთა მაჩვენებელი (სახდელდადებულ პირთა შორის ადმინისტრაციულ პატიმრობა შეფარდებულ პირთა ხვედრითი წილი), 2.8-ჯერ არის შემცირებული. ხოლო, თუკი „ქართული ოცნების“ მმართველობის საშუალო მაჩვენებელს (5.52%), „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ანალოგიური პერიოდის (6 წელი) საშუალო მაჩვენებელს (16.69%) შევადარებთ, ვნახავთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ზუსტად 3-ჯერ არის შემცირებული.

თუმცა, მხოლოდ აღნიშნულ მაჩვენებელზე აპელირება არ არის სწორი და სურათის ადეკვატურად დანახვის საშუალებას არ იძლევა. კერძოდ, თუკი გრაფიკზე 2012 და 2013 წლის მონაცემებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ აღნიშნულ წლებში უშუალოდ პატიმრობაშეფარდებულ პირთა რაოდენობაში მნიშვნელოვანი სხვაობა არ გვაქვს, თუმცა ამავე პერიოდებში საგრძნობლად განსხვავდება ზოგადად ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირთა რაოდენობა (2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, 10 435-ით მეტი პირი). ამ უკანასკნელი რიცხვის ზრდა შესაძლოა სულაც არ იყოს იმ სამართალდარღვევათა რაოდენობის ზრდით განპირობებული, რომელიც სახდელის სახედ პატიმრობას ითვალისწინებს. მეტიც, მათი რაოდენობა შესაძლოა საგრძნობლადაც შემცირებულიყო, ან პირიქით.

შესაბამისად, მაშინ როცა არ ვიცით, ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირთაგან, რამდენია ისეთი, რომელთაც სახდელი უშუალოდ იმ სამართალდარღვევისთვის დაედოთ, რომელიც სახდელის სახედ პატიმრობას ითვალისწინებს, დასკვნების გამოტანა რთულია, ხოლო აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება კი - მიზანშეუწონელი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი კლება ახასიათებს ადმინისტრაციულ პატიმრობათა აბსოლუტურ მაჩვენებელსაც. 2013-2018 წლების საშუალო მაჩვენებელი, 2007-2012 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 3.5-ჯერ არის შემცირებული. თუმცა, თავის მხრივ, საინტერესოა ის თუ რაზე შეიძლება მეტყველებდეს ადმინისტრაციულ პატიმრობათა რაოდენობის შემცირება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლის ჩადენისთვის პირს შეიძლება შეეფარდოს პატიმრობა, უნდა განიხილებოდეს, როგორც „სისხლის სამართლის ბრალდება“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) გაგებით, იმის მიუხედავად, რამდენად ხანმოკლე იქნება შესაძლო პატიმრობის ვადა. შესაბამისად, სავალდებულოა აღნიშნული სამართალდარღვევების შემთხვევაში პირი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი გარანტიებით, უდანაშაულობის პრეზუმფციითა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით იყოს უზრუნველყოფილი.

სახალხო დამცველს არაერთხელ აღუნიშნავს რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სისტემურ ხარვეზებს შეიცავს, სრულყოფილად არ არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების პროცედურულ საკითხებს, სათანადოდ არ უზრუნველყოფს პირს სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ელემენტებით და საჭიროებს დაუყოვნებლივ შეცვლას, ახალი კოდექსის შემუშავებას.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ რიგ შემთხვევებში პირს შეიძლება სისხლის სამართლებრივი ბუნების მქონე სანქცია (ადმინისტრაციული პატიმრობა) შეეფარდოს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში ბრალდებულს სამართლიანი პროცესის გაცილებით უფრო ნაკლებ გარანტიებზე მიუწვდება ხელი, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს.

აღნიშნულ პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ Human Rights Watch-ის 2012 წლის ანგარიშში, ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სახდელის ერთ-ერთი სახის გაუქმების რეკომენდაციას ვხვდებით. ამასთან, პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზებია შემოთავაზებული „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP)” 2013 წელს მომზადებულ დოკუმენტში. ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის არაკონსტიტუციური გამოყენების აღმოსაფხვრელად შემდეგი სამი ალტერნატივა არსებობს (გვ. 8):

  1. ცვლილებები შევიდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც დაწესდება სამართლიანი პროცესისთვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა;
  2. გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც სახდელის სახე და კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ერთადერთ სახდელად, ჯარიმა განისაზღვროს;
  3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან სისხლისსამართლებრივი ხასიათის ყველა სამართალდარღვევა სისხლის სამართლის კოდექსში გადავიდეს, რა შემთხვევაშიც მათზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სამართლიანი პროცესის გარანტიები გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის ავტორთა შემოთავაზებით, უფრო სწორი იქნება სისხლის სამართლის კოდექსს ცალკე თავი დაემატოს, რომელიც ნაკლებ მძიმე დანაშაულებს -ე.წ. მისდიმინორებს (misdemeanor) გააერთიანებს, რომელთა ჩადენის და მსჯავრდების შემთხვევაშიც პირს ნასამართლეობა არ წარმოექმნება.

სახალხო დამცველის განმარტებით, ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო გეგმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური გადასინჯვა და ახალი პროექტის შემუშავება, ჯერ კიდევ 2014-2015 წლებში იყო გათვალისწინებული. შეიქმნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია. მოგვიანებით, შემუშავდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტიც, თუმცა პარლამენტში კანონპროექტი ამ დრომდე არ არის წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2018-2020 წწ.), ახალი კოდექსის ინიცირების ვადად 2018-2019 წწ. განისაზღვრა (გვ:132).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართალია ადმინისტრაციულ პატიმრობის შეფარდებას (რიცხობრივ მაჩვენებელს) კლების ტენდენცია ახასიათებს (აღსანიშნავია, რომ გამონაკლისია 2018 წელი), თუმცა მხოლოდ კლება არ არის გამოსავალი. მანამ, სანამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სისტემური ცვლილებები არ განხორციელდება და ადმინისტრაციულ პატიმრობაზე არ გავრცელდება ისეთივე სტანდარტი, როგორიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არის გათვალისწინებული, შესაბამისი პროცესუალური გარანტიების გარეშე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების თითოეული შემთხვევის კონსტიტუციურობის შესახებ სერიოზული კითხვის ნიშნები იარსებებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2693 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი