ქვეყანაში ჭარბვალიანობის არსებობისა და მისი შემცირების საჭიროების საფუძვლით, ხელისუფლებამ რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები გაატარა. ცვლილებების არსი სესხის გაცემის გართულებაში მდგომარეობს იმ პირთათვის, ვისაც შესაძლოა არ აღმოაჩნდეს საკმარისი შემოსავლები მისი დაფარვისთვის.
ხსენებული მიზნით, 2018 წლის 17 აპრილს, ცვლილება შევიდა „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ“ დებულებაში. აღნიშნული ცვლილებები 7 მაისიდან ამოქმედდა, რითაც მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეიზღუდა. მსგავსი სესხების საერთო თანხაზე დაწესდა ზედა ზღვარი, კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ის ოდენობით. საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიციით, შემოსავლის დადასტურების გარეშე საცალო სესხების გაცემის მოტივაციის შემცირება ხელს შეუწყობდა საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში და კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების ხარისხს.
უფრო შემზღუდველი შინაარსის მქონე რეგულაცია 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შესაბამისი საკანონმდებლო აქტი (ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“) 2018 წლის 24 დეკემბერს იქნა მიღებული. ბრძანება ვრცელდება ფიზიკურ პირზე სესხის გამცემ ნებისმიერ სუბიექტზე, მათ შორის კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და სხვა. ბრძანების მე-3 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს და აზუსტებს გადახდისუნარიანობის ანალიზის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს: ა) პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზსადა სესხის საჭიროების შემოწმებას; ბ) გონივრულობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას; გ) ბიუროში საკრედიტო ისტორიის გადამოწმებას; დ) ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებას, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე; ე) მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მსესხებლის მიერ მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების გარეშე სესხის მომსახურების შესაძლებლობის განსაზღვრას. გარდა გადახდისუნარიანობის ანალიზის აუცილებლობისა, მე-3 მუხლით მოთხოვნილია დამატებითი პირობები, მათ შორის მსესხებლის წმინდა შემოსავლებსა და სესხს შორის სხვაობა არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები (ამჟამად, საარსებო მინიმუმი 176 ლარია).
ამავე ბრძანების მე-4 მუხლით კი მოთხოვნილია სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტებთან თავსებადობის აუცილებლობა. შესაბამისი კოეფიციენტების ზღვრულ ოდენობებს ცხრილი 1 ასახავს.
ცხრილი 1: სესხის მომსახურების კოეფიციენტები შემოსავალთან მიმართებით
ყოველთვიური წმინდა შემოსავალი (ლარი) |
არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის |
ჰეჯირებული[1] მსესხებლებისთვის |
მაქსიმალურ[2] /საკონტრაქტო ვადაზე |
მაქსიმალურ/საკონტრაქტო ვადაზე |
|
<1,000 |
20% / 25% |
25% / 35% |
>=1,000-2,000< |
35% / 45% |
|
>=2,000-4,000< |
25% / 30% |
45% / 55% |
>=4,000 |
30% / 35% |
50% / 60% |
წყარო: სებ-ის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №281/04
მაგალითად, 1 000 ლარი ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირი შეძლებს აიღოს სესხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხის მომსახურებაზე ყოველთვიურად გასაწევი ხარჯი იქნება 200-350 ლარის ფარგლებში. ლიმიტის ზედა ზღვარი დამოკიდებულია პირის შემოსავლების სტრუქტურასა და სესხის ვადაზე.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს საკანონმდებლო ცვლილებების გაცხადებული მიზნის მიღწევადობის თვალსაზრისითაც. ჭარბვალიანობის[3] მიზეზი დიდწილად საკრედიტო რესურსზე მაღალი მოთხოვნა იყო, რაც აიძულებს მსესხებელს ნაკლები ყურადღება მიაქციოს სესხის პირობებს, ანუ მიიღოს კრედიტი ნებისმიერი პირობებით. რეგულაციები კი საკრედიტო რესურსზე მოთხოვნილებაზე არ მოქმედებს (არ ცვლის მსესხებლის სურვილს აიღოს კრედიტი), მხოლოდ ლეგალურად ზღუდავს მოთხოვნას, საკრედიტო რესურსის მიწოდებას კი ამცირებს. შედეგად, მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის არსებული სხვაობა იზრდება, ჩნდება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა[4]. ამ მოთხოვნის მომსახურება კი კომერციულად საკმარისად მიმზიდველი, თუმცა კანონიერად შეუძლებელი ხდება. ამდენად, იზრდება იმ პირთა ოდენობა ვისაც აქვს სურვილი აიღოს კრედიტი, მაგრამ ფორმალური უფლება შეზღუდული აქვს. ლოგიკურია ვარაუდი, რომ აღნიშნული პირები ვალის აღებას ოფიციალური ინსტიტუტებისა და პროცედურების გვერდის ავლითა და უარესი პირობებით ეცდებიან. თეორიულად, სავარაუდოა გაიზარდოს ჩრდილოვან გარიგებათა მოცულობა, რაც მოვლენათა განვითარების მიუღებელი სცენარია. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც თეორიულად ბაზარზე არსებულ ვითარებაზე მეტად სრულყოფილ ინფორმაციას ფლობს, ამ მიმართულებით არსებით რისკებს ვერ ხედავს.
რაც შეეხება მოცემული შეზღუდვების შესაძლო გავლენას ბიზნეს სექტორზე. ცალსახაა, რომ კრედიტის გაცემის გართულება უარყოფით გავლენას მოახდენს დამტკიცებული სესხების ჯამურ მოცულობაზე, შესაბამისად შემცირდება მოხმარებაც. ანუ, თუ ბანკისთვის რთულდება სესხის გაცემა, ფიზიკურ პირს ეზღუდება საკრედიტო რესურსზე წვდომა, რაც ამცირებს მის შესაძლებლობას შეიძინოს საქონელი და მომსახურება. აქედან გამომდინარე, შეზღუდვები გავლენას მოახდენს არა მარტო საფინანსო ინსტიტუტებზე, არამედ ბაზარზე საქონლისა და მომსახურების გაყიდვით დაკავებულ პირებზეც. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია გავლენა იმ ბიზნეს სუბიექტებზე, რომელთა რეალიზაციაში მნიშვნელოვანი წილი უკავია განვადებით პროდუქციის გაყიდვას (ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო კომპანიები). ბრუნვის შემცირება უარყოფითად აისახება მთლიანად ეკონომიკურ ზრდაზე. კომპანიების ნაწილს შემცირებული შემოსავლების პირობებში მოუწევს ხარჯების ოპტიმიზაციაც, რაც მოსალოდნელია როგორც დასაქმებულთა ოდენობის ასევე პერსონალის შრომის ანაზღაურების შემცირებაში აისახოს.
ბიზნეს სუბიექტები, საკუთარი კომერციული მიზნებიდან გამომდინარე, დეტალური ინფორმაციის გაცემას ერიდებიან, თუმცა ზოგადი შეფასებები ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან უკვე გაცხადდა.ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელექტრონიკას“ მონაცემებით, რეგულაციების ამოქმედებამდე, განვადების წილი მთლიან გაყიდვებში 60-70%-ს შეადგენდა, რეგულაციების ძალაში შესვლის შემდგომ კი მთლიანი რეალიზაცია 50%-ით შემცირდა. კონკრეტული რიცხვის დასახელების გარეშე რეალიზაციის შემცირებაზე მიუთითებს „ტექნო-ბუმის“ დამფუძნებელიც და რეალიზაციაში განვადების წილის 70-დან 20%-მდე შემცირებაზე საუბრობს. რეგულაციების შედეგად, გაყიდვების შემცირების თავიდან ასაცილებლად, სარეალიზაციო ფასისა (10-15%-ით) და მოგების მარჟის შემცირება მოუწია ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ბეკოს“.
იპოთეკური სესხების გაცემის შემცირებაზე საუბრობენ მენაშენეთა ასოციაციაშიც. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით იპოთეკური სესხების გაცემა გასული წლის იანვართან შედარებით 10-ჯერ არის შემცირებული. კონკრეტული რიცხვების დასახელებისაგან თავს იკავებს, თუმცა განვადებისა და იპოთეკური სესხების მნიშვნელოვნად შემცირებას ადასტურებს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტიც. თავის მხრივ, მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარეც განმარტავს, რომ სექტორის განვითარებაზე უარყოფითად უკვე აისახა 2018 წლის მაისიდან შესული ცვლილებები, რაც საკრედიტო პორთფელის ზრდის შენელებასა და რისკიანობის ზრდაში აისახა. საკუთარი ორგანიზაციის „ლაზიკა კაპიტალის“ მაგალითზე ბესიკ შენგელია აცხადებს, რომ საკრედიტო პორთფელის ზრდა 40%-ით იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა ზრდამ კი 15-20% შეადგინა.
დასკვნის სახით, შესაძლებელია ითქვას, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ძალაში შესული რეგულაციები საკმაოდ მკაცრია და უარყოფითი გავლენა ექნება როგორც საფინანსო, ასევე საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებზე, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური განვითარების შეფერხებას განაპირობებს. ცვლილებებით გამოწვეულ პირველ უარყოფით ეფექტებზე ინფორმაცია უკვე ვრცელდება. თუმცა, სრული ფაქტობრივი შედეგების შეფასებისათვის საკმარისი დრო გასული არ არის. სავარაუდოა, რომ ცვლილებების ამოქმედებიდან უახლოეს პერიოდში, სანამ ბიზნეს სექტორი რეგულაციებს მოერგება, უარყოფითი გავლენა მაღალია, რაც დროთა განმავლობაში შემცირდება. კერძოდ, ორგანიზაციები, რომელთაც შეეხო ცვლილებების უარყოფითი გავლენა, ეცდებიან დროთა განმავლობაში ახალი რეგულაციების პირობებში მუშაობის გზები გამონახონ. აღსანიშნავია, რომ რეგულაციებით გამოწვეული უარყოფითი გავლენა დასახული მიზნის მისაღწევად მისაღებ ფასად მიაჩნია საქართველოს ეროვნულ ბანკს. სებ-ის პოზიციით, ჭარბვალიანობის მასშტაბები და ე.წ. შავ სიაში მყოფი პირების ოდენობა უახლოეს პერიოდში მიუახლოვდებოდა კრიტიკულ ზღვარს, რაც მეტად მტკივნეულად იმოქმედებდა ქვეყნის ეკონომიკაზე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, ვიდრე დაწესებული რეგულაციები.
[1] პირი ითვლება კონკრეტული ვალუტის მიმართ ჰეჯირებულად, თუ მისი ყოველთვიური წმინდა შემოსავლები არანაკლებია ამავე ვალუტაში სესხის მომსახურებისათვის საჭირო წმინდა შემოსავალზე
[2] იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის – 10 წელი, სატრანსპორტო სესხის – 6 წელი, სხვა დანარჩენი სამომხმარებლო სესხებისთვის (გარდა რევოლვირებადი პროდუქტებისა) – 4 წელი
[3] თუ დავუშვებთ რომ მსგავსი რეალობა ნამდვილად არსებობს
[4] მოთხოვნილების ნაწილი, რომელიც რეგულაციებამდე ერთობლივი მოთხოვნის ნაწილს შეადგენდა, რეგულაციების შედეგად კი ვერ რეალიზდება მოთხოვნად