„2013 წლიდან სახელმწიფო მხარს უჭერს კოოპერატივების პროგრამას. მინისტრის პოსტზე დანიშვნამდე ვხელმძღვანელობდი გაერო-ს პროგრამას აჭარაში და 77 კოოპერატივი გვყავს დაფინანსებული იმ პერიოდში ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში. ამას დავამატოთ დაახლოებით იგივე რაოდენობა სახელმწიფო პროგრამის... აჭარაში სულ რეგისტრირებულია 150-მდე კოოპერატივი“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
აჭარის ა/რ ტერიტორიაზე კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამები ხორციელდება დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო და რესპუბლიკური ბიუჯეტების მხარდაჭერით. 2013-2016 წლებში, ENPARD აჭარის პირველი ფაზის ფარგლებში მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც, ევროკავშირისა და აჭარის ბიუჯეტის დახმარებით, UNDP-ის აჭარის წარმომადგენლობა ახორციელებდა. ამ პროგრამაში ჩართული იყო 77 კოოპერატივი. ცხრილი 1:ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული კოოპერატივების სექტორები და დაფინანსება (ლარი)
სექტორი | მეურნეობების რაოდენობა | დახმარების სახე | ევროკავშირის გრანტის ოდენობა |
მეფუტკრეობა | 22 | 850 სკა ოჯახით, ფიჭის საწარმოო დანადგარი, მინიტრაქტორი, სხვა აღჭურვილობა | 359 100 |
სასათბურე | 14 | 5 200 კვმ სათბურის მოწყობა, 4 სავენტილაციო დანადგარი, 1 წვეთოვანი სარწყავი | 351 500 |
მეღვინეობა | 8 | 7 მინი საწარმო, 1 ელსაწნეხი | 218 000 |
თხილი | 8 | 2 მოტობლოკი, 3 სარჩევი დანადგარი, 3 მინიტრაქტორი, 2 შესაწამლი აპარატი, 14,4 ჰა ნაკვეთზე გაშენება | 178 500 |
მოცვი | 5 | 6 000 კვმ ფართობზე გაშენება, ნერგები, 1 გასარეცხი და დამხარისხებელი დანადგარი | 62 300 |
საკალმახე | 4 | 3 სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება, 4 საქვირითე ინკუბატორი | 97 300 |
მეცხოველეობა | 3 | 2 ჰიდროპონიკის კონტეინერი, 1 ყველის გადამამუშავებელი დანადგარი | 142 000 |
მეფრინველეობა | 2 | 3 ინკუბატორი | 8 000 |
ციტრუსი | 2 | 1 დამხარისხებელი აპარატი, 5,5 ჰა გაშენება | 82 700 |
მარწყვი | 2 | ნერგები | 56 200 |
ყურძნის წარმოება | 2 | 1 მოტობლოკი, 1 750 ნერგი | 30 100 |
წიწაკა | 2 | 1 მინიტრაქტორი, 0,8 ჰა გაშნება | 27 400 |
კარტოფილი | 1 | 4,3 ჰა გაშენება | 54 200 |
პომიდორი | 1 | 0,8 ჰა გაშენება | 9 600 |
თივა | 1 | 1 დანადგარი | 23 100 |
სულ | 77 | 1 700 000 |
რაც შეეხება აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის მიერ განხორციელებული პროგრამები და ქვეპროგრამები მოიცავს როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ისე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ სხვა პროგრამებსაც. 2014 წელს ამოქმედდა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა, რომელშიც 11 კოოპერატივი ჩაერთო. ცხრილი 2:
ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარება და გამოყოფილი თანხები (ლარი)
სექტორი | კოოპერატივების რაოდენობა | მიწის საერთო ფართობი (ჰა) | ნერგების რაოდენობა (ცალი) | დახმარების სახეები | ღირებულება |
ვენახი | 4 | 2 | 5 000 | ნერგები, მინერალური და ორგანული სასუქი, შპალერისა და ეკალმავთული, მიწის დამუშავება | 27 514 |
კაკალი | 5 | 2 | 700 | ნერგები, მინერალური და ორგანული სასუქი, ეკალმავთული, მიწის დამუშავება | 14 618 |
მოცვი | 2 | 1 | 3 300 | ნერგები, მინერალური სასუქი, ეკალმავთული, სარწყავი სისტემები, მიწის დამუშავება | 28 927 |
აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელებაზე ჯამში 71 060 ლარი დაიხარჯა. აჭარის ა/რ 2017 წლის ბიუჯეტში, ა(ა)იპ „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ ქვეპროგრამებით, გათვალისწინებულია ადგილობრივი პროდუქციის რეალიზების, სასათბურე მეურნეობების განვითარების, მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება, ჯამში 6 828 081 ლარით, საიდანაც, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციის
თანახმად, 713 575 ლარი უკვე გახარჯულია. ქვეპროგრამებისთვის ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ენიჭება. ასევე, 2017 წლის 20 მარტიდან UNDP-ის აჭარის წარმომადგენლობამ განახორციელა კოოპერატივების მხარდამჭერი საგრანტო პროგრამა 200 000 ლარის ფარგლებში, რომელიც აჭარის მთავრობამ დააფინანსა.
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ამჟამად აჭარაში 153 კოოპერატივი ფუნქციონირებს.
დასკვნააჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, 77 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაფინანსდა, რისთვისაც სხვადასხვა პროგრამასა და ქვეპროგრამაზე 1 700 000 ლარი დაიხარჯა. ასევე, რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარდაჭერით, დაახლოებით 1 130 000 ლარის ფარგლებში სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამა და ქვეპროგრამა განხორციელდა. დღეისთვის აჭარის რეგიონში 153 კოოპერატივი ფუნქციონირებს.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლაშა კომახიძის განცხადება არის სიმართლე.