სათაურით - "ოცნება გვაღარიბებს". "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალი 2012 წელს 3.99 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო 2016 წელს 4.4 მილიარდი დოლარი გახდა, საშინაო ვალი კი ოთხი წლის განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა. მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით სახელმწიფო ვალი 34%-დან 41%-მდეა გაზრდილი.
ფაქტ-მეტრი "ნაციონალური მოძრაობის" განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქვეყნის მთლიანი სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო სახელმწიფო ვალებისგან შედგება. საგარეო სახელმწიფო ვალი მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ჯამია. საშინაო სახელმწიფო ვალი კი, მთავრობის შიდა ვალს მოიცავს. სახელმწიფო ვალის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე საშინაო ვალის სხვადასხვა მონაცემებია წარმოდგენილი. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2012 წლის ბოლოს, საქართველოს საშინაო ვალი 1.89 მილიარდი ლარი (მშპ-ის 7.2%), 2016 წლის ივნისის ბოლოს კი, 2.87 მილიარდი ლარი (მშპ-ის 8.9%) იყო. ფინანსთა სამინისტროს საიტზე სახელმწიფო ვალზე ინფორმაციაცალკე განყოფილებადაც არის წარმოდგენილი, სადაც ვკითხულობთ, რომ 2012 წელს საშინაო ვალი 1.22 მილიარდი ლარი იყო, 2016 წლის ივნისის ბოლოს კი, 2.39 მილიარდი. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკა მოიცავს „სხვა კრედიტორულ დავალიანებას“, 672 მილიონ ლარს, რაც საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ არსებული დავალიანებაა. ორივე დათვლის მეთოდით, სახელმწიფო საშინაო ვალი დაახლოებით ერთი მილიარდითაა გაზრდილი. გრაფიკი 1-ზე ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა სახელმწიფო საშინაო ვალი ბოლო წლებში („სხვა კრედიტორული დავალიანების“ ჩათვლით).
გრაფიკი 1:
სახელმწიფო საშინაო ვალი (მილიარდი ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
რაც შეეხება საგარეო ვალის ზრდას, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წლის მთავრობის ვალი 2016 წლის სახელმწიფო ვალს შეადარა, რაც არასწორია. სახელმწიფო ვალი მთავრობის ვალთან ერთად ეროვნული ბანკის ვალსაც მოიცავს. 2012 წელს სახელმწიფო ვალი 4.35 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2016 წლის ივნისში კი, 4.40 მილიარდი დოლარი იყო. შესაბამისად, ზრდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარია. ცალკე აღებული მთავრობის საგარეო ვალი 2012 წლის ბოლოს 4 მილიარდი დოლარი იყო, 2016 წლის ივნისის ბოლოს კი - 4.4 მილიარდი დოლარი. ზრდა დაახლოებით 400 მილიონი დოლარია. მთავრობის და სახელმწიფო ვალების შემცირებას შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა გამოიწვია იმან, რომ 2012 წლის შემდეგ, ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 348 მლნ დოლარით შემცირდა. 2012 წლის ბოლოს ეროვნულ ბანკს 360 მლნ დოლარის საგარეო ვალი ჰქონდა, 2016 წლის ივნისის მონაცემებით კი, მხოლოდ 12 მლნ დოლარის ვალი დარჩა.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფოგრაფიკზე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალის დათვლის ყველაზე სწორი ფორმა მისი მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებაა. ეს სწორი მიდგომაა, რადგან ნომინალში გაზომილი ვალით ვერ მივხვდებით, თუ რამდენად მძიმე ტვირთი აწევს სახელმწიფოს. ნომინალში შეიძლება ქვეყნის ვალი ძალიან დიდი ჩანდეს, მაგრამ თუ ეკონომიკაც დიდია (ქვეყანა მდიდარია), მაშინ ნომინალში მაღალი ვალი პრობლემას არ წარმოადგენს. 2012 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 34%-ს შეადგენდა. როგორც გრაფიკი 2-დან ჩანს, ვალის მოცულობამ მშპ-ის მიმართ მაქსიმუმს 2015 წელს მიაღწია, როდესაც 41.5%-მდე გაიზარდა, 2016 წელს კი, 0.5% პუნქტით შემცირდა და 41% შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წლიდან, 2016 წლის ივნისამდე, სახელმწიფო საგარეო ვალი 3 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ლარის გაუფასურების შედეგია. საგარეო ვალს ქვეყანა უცხოურ ვალუტაში იღებს, გასტუმრების დროს კი უწევს ლარით შეიძინოს დოლარი და ისე გადაიხადოს. შესაბამისად, ვალის მომსახურება ქვეყნის ბიუჯეტში ლარშია დაანგარიშებული. აქედან გამომდინარე, საგარეო ვალის მომსახურების ტვირთზე ლარის გაუფასურება პირდაპირ აისახება. ხელისუფლებას დამატებითი საგარეო ვალი რომც არ აეღო, ლარის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული ვალი მაინც გაიზრდებოდა, როგორც ნომინალში, ასევე მშპ-ის მიმართ.
გრაფიკი 2:
სახელმწიფო ვალი და ვალის მიმართება მშპ-თან
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროდასკვნა 2012
წლიდან 2016 წლამდე, როგორც საგარეო, ასევე საშინაო სახელმწიფო ვალი გაიზარდა. სახელმწიფო საშინაო ვალი დაახლოებით ერთი მილიარდითაა გაზრდილი, მშპ-ის მიმართ კი 1.7 პროცენტული პუნქტით. ნაციონალური მოძრაობის განცხადება, რომ საგარეო სახელმწიფო ვალი 400 მილიონი დოლარით გაიზარდა არასწორია, რადგან 2012 წლის მონაცემებში არ აქვთ შეყვანილი ეროვნული ბანკის ვალი, რაც საგარეო სახელმწიფო ვალის ნაწილია. 2012 წლის შემდეგ, საგარეო სახელმწიფო ვალი მხოლოდ 48 მლნ დოლარით გაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე მართალი იქნებოდა ტერმინ „მთავრობის საგარეო ვალს“ რომ იყენებდეს.
საშინაო ვალის ზრდის და ლარის გაუფასურების გამო, ლარში გამოხატული სახელმწიფო ვალი 4 მილიარდი ლარით გაიზარდა. შედეგად, სახელმწიფო ვალმა მშპ-სთან მიმართებით 34%-დან 41%-მდე მოიმატა. ვალის ტვირთის მაჩვენებელს ყველაზე კარგად სწორედ მისი მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი გამოხატავს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება არის მეტწილად სიმართლე.