საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს, როგორც რეფორმატორ ქვეყანას, 2016-2017 წლებში მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მსოფლიო ეკონომიკური განვითარების ხედვა (WEO)წელიწადში ორჯერ ქვეყნდება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევას წარმოადგენს, რომელშიც მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდებისთვის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებია შეფასებული. ბოლო ანგარიში მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. გრაფიკ 1-ზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის შესაბამისად, საქართველოს და მისი რეგიონის ქვეყნების მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებია მოცემული.
გრაფიკი 1:
მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
როგორც გრაფიკზე ჩანს, 2016 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით, საქართველო მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდით რეგიონის 13 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა. 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებლებით კი, ის მხოლოდ თურქმენეთსა და უზბეკეთს ჩამორჩება. უშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფოებთან შედარებით, საქართველო 2016-2017 წლების მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 3-5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მაღალი არ არის. ამასთან, უკრაინა და რუსეთი საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც მათ ეკონომიკებზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს. რუსეთის შემთხვევაში გასათვალისწინებელია სანქციები და ასევე ნავთობპროდუქტებზე ფასების დაცემით გამოწვეული შოკი, რასაც ადგილი აქვს აზერბაიჯანის შემთხვევაშიც. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკური ინტეგრაციის განსხვავებული მასშტაბებიდან გამომდინარე, გაცილებით მტკივნეულად აისახება სომხეთსა და ბელორუსზე, ვიდრე საქართველოზე. მნიშვნელოვანი საშინაო თუ საგარეო გამოწვევების წინაშე დგას თურქეთიც, რაც მის ეკონომიკაზე ასევე უარყოფით გავლენას ახდენს. ამავდროულად, თურქეთის ეკონომიკური განვითარების დონე საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალია. შესაბამისად, საბაზო ეფექტიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ განვითარებულ თურქეთთან შედარებით ქართული, ნაკლებად განვითარებული ეკონომიკა უფრო მაღალი ტემპებით უნდა იზრდებოდეს. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარების შესახებ არსებულ რეალობას და დაშვებებს ეყრდნობა. იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მოვლენები როგორ ვითარდება, საპროგნოზო მაჩვენებლები გადახედვას ექვემდებარება.
გრაფიკი 2:
საქართველოს ეკონომიკის საპროგნოზო და ფაქტობრივი მაჩვენებლები 2011-2017 წლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 და 2015 წლების ანგარიშის მიხედვით
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
როგორც გრაფიკ 2-ზე ჩანს, 2015-2017 წლების განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები 2012 წლის ოქტომბრის ანგარიშისგან მნიშვნელოვნადა განსხვავდება. აგრეთვე, 2012-2014 წლების ფაქტობრივი მაჩვენებლები 2012 წლის მდგომარეობით შეფასებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს არ ემთხვევა. სხვაობა ყოველთვის ნეგატიურია. 2011 წელს კი გადახრა პოზიტიური იყო და პროგნოზირებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საპროგნოზო მაჩვენებლისგან გადახრის მიმართულება კი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან ერთად ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზეც არის დამოკიდებული.
დასკვნა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა 2016-2017 წლებში 2.96 და 4.95%-ით გაიზრდება, რაც მოსაზღვრე ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ხოლო, რეგიონის 13 ქვეყანას შორის, 2016 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდით მე-5, 2017 წელს კი, მე-3 პოზიციას იკავებს.
საქართველოს ადგილი რეიტინგში მეტწილად რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური პრობლემებით აიხსნება. ამასთან, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მონაცემი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის მაღალი არ არის.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.