2014 წლის 10 დეკემბერს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

„წელს [2014] საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ს გადააჭარბებს. მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო და ჩამოვთვალო ქვეყნები, სადაც არის ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა, მაგრამ მათი ზრდა არის საკმაოდ დაბალი ჩვენთან შედარებით: ყაზახეთი - 4.3%, აშშ - 2.2%, თურქეთი - 3%, რუსეთი - 0%, უკრაინა - 8%, სომხეთი - 2%, აზერბაიჯანი - 4.5%, მოლდოვა - 1.8%, ბელორუსი - 0.9%, ბულგარეთი - 1.4%, ხორვატია - 0.8%, ბალტიისპირეთის ქვეყნები - 2.6%, ევროკავშირის ქვეყნები - 1.4%, ევროზონა - 0.8%, ხოლო ევროკავშირის ახალი წევრები - 2.6%“.

ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტები გადაამოწმა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5% უნდა იყოს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნოემბერში

 საქართველოს ეკონომიკა 0.5%-ით შემცირდა და ჯამში 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სხვა ქვეყნის მონაცემებს შეადარა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია. უნდა ითქვას, რომ მსგავსი შედარება არამართებულია, რადგან განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების პოლიტიკა აღარ არის მიმართული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მიღწევისკენ. ამასთან, მათი ეკონომიკა გაჯერებულია კაპიტალით, არის მაღალი კონკურენცია ბაზარზე და შესაბამისად, შემცირებულია კაპიტალზე მოგების ნორმა, რაც განვითარებად ქვეყნებში პირიქითაა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ ქვეყნებში და ქვეყნების ჯგუფში ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებელი დაბალი იყო, თუმცა რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელი საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. საქართველო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნაა. 2013 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტმა 16.1 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა,

შესაბამისად, მცირე რაოდენობრივი ზრდაც მეტ პროცენტულ ცვლილებას იძლევა.

2013 წლის მონაცემებით,

ამერიკის ეკონომიკა 16.8 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. აშშ-ს ეკონომიკის 1%-ით ზრდა ეკონომიკის 168 მილიარდი დოლარით ზრდას, ხოლო საქართველოს ეკონომიკის 1%-ით ზრდა კი 161 მილიონი დოლარით ზრდას უდრის. აშშ-ის ეკონომიკის 2.2%-ით ზრდის შედეგად აშშ-ში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 1 150 დოლარით, ხოლო საქართველოში ეკონომიკის 5%-ით ზრდის შედეგად ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი დაახლოებით 180 დოლარით გაიზრდება.

რეალური სურათის მისაღებად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განვითარებადი  ეკონომიკის მქონე ქვეყნებს უნდა შევადაროთ. რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, ამ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მათთან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შედარება ცალსახად არასწორია და სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა. ასევე გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით მიიჩნევს პრემიერი სომხეთს და მოლდოვას საქართველოზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად.

ჩვენ დსთ-ს ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გავაანალიზეთ (იხ. ქვემოთ მოცემული გრაფიკი).

image001

წყარო: მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მონაცემებით, დსთ-ს, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით თურქმენეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, აზერბაიჯანს და ყაზახეთს ჩამორჩება. სომხეთს და საქართველოს კი ეკონომიკური ზრდის მსგავსი მაჩვენებლები აქვთ.

თუ განვიხილავთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის (საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი) მიხედვით საქართველო რამდენად წარმატებულია განვითარებად ქვეყნებს შორის, ვნახავთ, რომ 5%-იანი ზრდით 2014 წელს საქართველო 152 ქვეყანას შორის 49-

ე ადგილზეა. 2014-ში ყველაზე სწრაფად თურქმენეთის (10.2%), ჩადის (9.6%) და მონღოლეთის (9.1%) ეკონომიკა გაიზარდა. 2013 წელს, ეკონომიკური ზრდით საქართველო 96-ე ადგილზე, 2012 წელს 39-ზე, 2011 წელს 33-ზე, 2010 წელს 51-ზე, 2009 წელს 124-ზე, 2008 წელს 124-ზე, 2007 წელს მე-10 და 2006 წელს კი  - 21-ე ადგილზე იყო.

დასკვნა 2014

წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა 5% შეადგინა. დიდი ალბათობით, საქართველოს 2014 წლის ეკონომიკური ზრდა 5%-თან ახლოს იქნება (2014 წლის ეკონომიკური ზრდის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნებს).

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ზრდის ტემპს შეადარა. მსგავსი შედარება არასწორია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის მაღალი პროცენტული ზრდა ძალიან რთულია. რეალური სურათის მისაღებად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ზრდის მაჩვენებელს უნდა შედარდეს. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 152 განვითარებად ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფაქტობრივ მონაცემებს მეტ-ნაკლებლად ზუსტად ასახელებს, ის შედარებებს არასწორად ახდენს და საქართველოს ეკონომიკური ზრდის წარმატებას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. ამასთან, ის არაფერს ამბობს 2014 წლის ბოლო თვეებში შემცირებულ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით პრემიერის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი