სოციალურ ქსელში Facabook-მომხმარებელი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), აქვეყნებს პოსტს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ამტკიცებს, რომ: „გერმანია აფინანსებს პროგრამებს, რათა ასწავლოს ემიგრანტებს, როგორ შეხვდნენ და დაკავდნენ ადგილობრივ ქალებთან. ეწყობა „გაცნობის პროგრამა“, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ხვდებიან 30 წელზე უფროსი ასაკის მიგრანტებს“. რეალურად, გერმანიის მიერ მიგრანტებისთვის დაფინანსებულ პროგრამებში მსგავსი პროექტი არ იძებნება და პოსტზე დართული ფოტოებიც შეცდომაში შემყვანია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ფედერალური ოფისის ოფიციალურ საიტზე მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის (Bundesamt für Migration und Flüchtlinge) გამოქვეყნებულია არაერთი დაფინანსებული პროგრამის აღწერა. აღნიშნული პროგრამები მეტწილად მიგრანტთა ინტეგრაციას ემსახურება და მოიცავს ისეთი პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა ენის კურსები, მიგრანტთა სამოქალაქო და მოხალისეობრივი ჩართულობის ზრდა და ა.შ. საიტზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია მიგრაციისა და საცხოვრებლის მოპოვების შესახებ, თავშესაფრის მაძიებელთათვის სპეციალური სახელმძღვანელო ბროშურები, სახლში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროცედურები. ასევე ვხვდებით ინფორმაციას სტატისტიკის, უსაფრთხოების, დაფინანსებებისა თუ კონტრ-რადიკალიზაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიგრანტებისთვის გერმანიის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ „მიგრანტების და სკოლის მოსწავლეების“ გაცნობის პროგრამებზე ინფორმაცია არც ერთი ავტორიტეტული მედიის მიერ არ გავრცელებულა, რაც მტკიცების რეალურობას კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს. მტკიცება რომ რეალური იყოს, მას მედიასა და ფართო საზოგადოებაში აუცილებლად ექნებოდა გამოხმაურება, რასაც ადგილი არ ჰქონია.

შესაბამისად, ოფიციალურ საიტებსა თუ სხვა ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია გერმანიის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ იმგვარ პროგრამაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებისა და მიგრანტების შეხვედრასა და მიგრანტების „ადგილობრივ ქალებთან დაკავებას“ მოიაზრებს.

პოსტს თან ახლავს ფოტოები, რომელთაგან ერთ-ერთი უცხოელი მიგრანტებისა და ადგილობრივი სკოლის მოსწავლე გოგონების შეხვედრას ასახავს, მეორე კი სექსუალური განათლების შესახებ შექმნილ აპლიკაციას - Zanzu.

პოსტზე თანდართულ ერთ-ერთ ფოტოს ვხვდებით გერმანული ადგილობრივი გაზეთის სტატიაში, რომელიც მიეძღვნა 2015 წელს ვილდესჰაუსენის (ქვემო საქსონიის რეგიონი) ბიზნესის სკოლაში მოსწავლეების შეხვედრას მასწავლებლის მიერ გამომცხვარ ნამცხვარზე. სტატიის მიხედვით, შეხვედრაზე 16-დან 18 წლამდე ლტოლვილი ბიჭები იყვნენ, იქვე იყო გოგონაც, 21 წლის. შესაბამისად, აღნიშნული სტატია, ერთი მხრივ, აბათილებს ფოტო-მტკიცებულებას, მეორე მხრივ კი, ამტკიცებს, რომ ადგილობრივ სკოლის მოსწავლე გოგონებსა და 30 წელს გადაცილებულ მიგრანტებს შორის შეხვედრები გერმანიის ხელისუფლების დაფინანსებით ხდება. პირიქით, 2015 წელს ჩაშვებული მიგრანტთა ერთ-ერთი პროგრამის მიხედვით, გერმანია უზრუნველყოფს ქვეყანაში შესული იმ არასრულწლოვანების უსაფრთხოებას, რომლებიც მეურვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

რაც შეეხება Zanzu-ს, რომლის ფოტოანაბეჭდი თან ახლავს პოსტს, ის აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს მარტივ ინფორმაციას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ 13 ენაზე აწვდის. გარდა ამისა, სთავაზობს საკონსულტაციო ცენტრებსა და მედიკოსებს სპეციალურ ხელსაწყოს ყოველდღიური კონსულტაციების გასამარტივებლად. პორტალი 13 ენაზე ფუნქციონირებს: გერმანული, ნიდერლანდური, ინგლისური, ფრანგული, რუსული, თურქული, არაბული, სპარსული, ბულგარული, პოლონური, რუმინული, ესპანური და ალბანური. აპლიკაცია შექმნილია იმისთვის, რომ არაადგილობრივ მოსახლეობას გერმანიაში გაუმარტივოს წვდომა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან ენობრივი ბარიერის მიუხედავად. Zanzu შეიქმნა ჯანმრთელობის განათლების ფედერალური ცენტრის, ბელგიური არასამთავრობო ორგანიზაცია Sensoa-ს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო და ეროვნული მრჩეველთა საბჭოს მიერ. შესაბამისად, Zanzu საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო აპლიკაციაა, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ გერმანული ენის არმცოდნე მიგრანტებს საკუთარი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება და არანაირი კავშირი არ აქვს პოსტში გამოთქმულ მტკიცებასთან.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საკითხები ხშირად ხდება ხოლმე დეზინფორმაციის საგანი მიგრანტთა დისკრედიტაციისა და დასავლური საიმიგრაციო პოლიტიკის კრიტიკისთვის. მაგალითად, გერმანული ავტორიტეტული მედია-კომპანიის Deutsche Welle-ს სტატია შეეხება პლატფორმა X-ზე გავრცელებულ პოსტს. მიუხედავად იმისა, რომ პოსტი სხვა ფოტოებს მოიცავს, მტკიცების შინაარსი იგივეა. პლატფორმა X-ზე ე.წ. „community note“[1] ფუნქციის საშუალებით მიეთითა, რომ მტკიცება გერმანიაში „მიგრანტების და სკოლის მოსწავლეების გაცნობის პროგრამის“ შესახებ შეცდომაში შემყვანია. მტკიცების სიყალბეს თავად Deutsche Welle-ს სტატია ამტკიცებს.


აღსანიშნავია, რომ მიგრანტების და დასავლეთის დისკრედიტაციის მიზნით ყალბი მტკიცებები „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3).

ამრიგად, პოსტში გამოთქმული მტკიცება ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაციით არ დასტურდება.

[1] X პლატფორმაზე თავად მომხმარებლებს შეუძლიათ გავრცელებულ, სავარაუდოდ, შეცდომაში შემყვან ინფორმაციაზე დამატებითი ცნობები მიუთითონ, რითაც მომხმარებლებს მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5656 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია