სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1, 2) საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომელშიც, პოსტის მიხედვით, პრეზიდენტის ერთი დღეა აღწერილი. ვიდეო ხელმისაწვდომია TikTok პლატფორმაზეც. რეალურად, ვიდეო რედაქტირებულია და შეცვლილია აუდიომასალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ბუნებრივ ხმასთან მიმსგავსებულია, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლები შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს.

ვიდეო სალომე ზურაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუებიდან თუ სიუჟეტებიდან აღებული მონაკვეთებისგან შედგება, ხოლო აუდიომასალა მთლიანად გაყალბებულია.

მაგალითად, Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კადრი, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი პასკას ამზადებს და ისმის ხმა: „დღეს ჩემი ერთი დღე მინდა გაჩვენოთ, დილაადრიან ავდექი, მაკრონი მოვხარშე და ემანუელ მაკარონს დავურეკე. აა, ბოდიში, მაკარონი მოვხარშე და ემანუელ მაკრონს დავურეკე“. ვიდეოს ეს მონაკვეთი აღებულია ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირის“ სიუჟეტიდან, რომელშიც რეალურად სალომე ზურაბიშვილი ამბობს (3:32 წუთიდან): „ბიძაჩემი იყო პასკის სპეციალისტი და პატარა ვიყავი, როცა ვუყურებდი, ძალიან დამამახსოვრდა ერთხელ როცა მითხრა, რომ იმდენი უნდა ზილოო ესაო, სანამ ერთი წვეთი ოფლი არ ჩავარდებაო, მანამდე არ არის მზადო და ვფიქრობდი, ეს მერე როგორ უნდა ვჭამო“.

რედაქტირებულ ვიდეოში იმავე სიუჟეტიდან არის აღებული კიდევ ერთი მონაკვეთი, რომელშიც თითქოს პრეზიდენტი ამბობს: „ცოტა შეშინებულზე გადავწყვიტე ლიბერალურ ტრენდებს ავყოლოდი და ამ გაურკვეველი ორიენტაციის ახალგაზრდებს საქართველოს მომავალი ვეძახე, როგორც ჩანს, გავასულელე და გამაღმერთეს“. სიუჟეტში კი რეალურად პრეზიდენტი ამბობს (4:33 წუთიდან): „ვცდილობდი, ყოველთვის სადაც ვიყავი და მე ძირითადად უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, ვცდილობდი ყოველთვის ეს აღდგომა ყოფილიყო ასეთი, თუნდაც ზოგჯერ არ იყო, აფრიკაში რომ ვიყავი, ქართველი არავინ არ იყო, მაგრამ ვცდილობდი, რომ ეს სიხარული ყოფილიყო, დამეპატიჟებინა ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება არ იზიარებდნენ ამას, მაგრამ სიხარულის გაზიარება ყოველთვის შეიძლება“.

ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია, ვინაიდან აუდიომასალაში ხმა პოლიტიკოსის რეალურ ხმასთან ძალიან მიმსგავსებულია, ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლები შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს.

მსგავსი შინაარსით, რედაქტირებული ვიდეოები ნიკა გვარამიას, გიორგი გახარიას , მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის შესახებაც გაავრცელეს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5656 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია