სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Politics, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, ამჯერად პოლიტიკური პარტია „ლელოს“ დამფუძნებელ და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), აღწერით: „მევახშე ხაზარაძის ერთი დღე“. იდენტური ვიდეო გავრცელდა TikTok-პლატფორმაზეც. ვიდეოს აუდიო მასალა მამუკა ხაზარაძის ბუნებრივ ხმასთან მიმსგავსებულია, რამაც შესაძლოა მსმენელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას. სინამდვილეში, ვიდეოში მოცემული ხმა მამუკა ხაზარაძეს არ ეკუთვნის და ვიდეო რედაქტირებულია.
ვიდეო კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ Facebook-გვერდიდან აღებული სხვადასხვა ვიდეოს გამოყენებით შეიქმნა, ხოლო ხმოვანი ნაწილი მთლიანად შეცვლილია. ასე მაგალითად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კადრი, რომელშიც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს ხელს ართმევს, ვიდეო „ძლიერი საქართველოს“ Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი (იხ. ქვემოთ პირველ სურათზე).
ვიდეოს ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელშიც მამუკა ხაზარაძე მოსახლეობას ესაუბრება, ასევე კოალიციის Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული (იხ. ქვემოთ მეორე სურათზე). ვიდეოებში არსებული ხმა და ტექსტი განსხვავდება Facebook-გვერდ Politics-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არსებული ხმისა და ტექსტისგან.
რედაქტირებულ ვიდეოში ისმის, თითქოს მამუკა ხაზარაძე მის ერთ დღეს აღწერს. თხრობისას უცენზურო ლექსიკაც არის გამოყენებული. ასე მაგალითად, ერთ-ერთ მონაკვეთში ისმის: „ეს ჩვენ ყველა ერთად ვისვენებთ კიბეზე, მას შემდეგ, რაც ქერიჭაშვილების ექვსსულიანი ოჯახი გამოვასახლეთ“.
ორიგინალ ვიდეოში მამუკა ხაზარაძე ამბობს: „წალენჯიხიდან მოგესალმებით, არაჩვეულებრივი ადგილიდან, ძალიან მაგარ ბიჭებთან ერთად, ახალგაზრდებთან და იმ ხალხთან, რომელსაც ხვალ ექნება თავისი შრომის შედეგად ძალიან მაგარ საქართველოში ცხოვრება და მე მინდა, რომ ამ არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ერთობით უნდა გავისტუმროთ რუსული ხელისუფლება საქართველოდან და ნამდვილი ეროვნული, პატრიოტული, ახალგაზრდული პროფესიონალების გუნდი მოვიყვანოთ ქვეყანაში“.
ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და შესაძლოა, მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.
აღნიშნული Facebook-გვერდისა და TikTok-ანგარიშის მიერ ნიკა გვარამიას და გიორგი გახარიას რედაქტირებული ვიდეოც გავრცელდა, რომლებშიც ასევე აუდიო მასალა იყო შეცვლილი (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1, 2).
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.