სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Politics, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია,ამჯერად პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას ვიდეოს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), აღწერით: „გიორგი ახვარიას ერთი დღე“. იდენტური ვიდეო გავრცელდა TikTok-პლატფორმაზეც. ვიდეოს აუდიომასალა გიორგი გახარიას ბუნებრივ ხმასთან მიმსგავსებულია, რამაც შესაძლოა, მსმენელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას. სინამდვილეში, ვიდეოში მოცემული ხმა გიორგი გახარიას არ ეკუთვნის და ვიდეო რედაქტირებულია.
ვიდეოში წარმოდგენილი მონაკვეთები გიორგი გახარიას სოციალური ქსელებიდან არის აღებული. ასე მაგალითად, რედაქტირებული ვიდეო იწყება კადრით, რომელშიც გიორგი გახარია ცხოველებთან დაკავშირებით საუბრობს, ვიდეო მის TikTok-გვერდზეა ხელმისაწვდომი (იხ. ქვემოთ პირველ სურათზე).
რედაქტირებულ ვიდეოში კიდევ ერთი კადრი, რომელშიც გახარიას მოქალაქე დაუპირისპირდა, ასევე პოლიტიკოსის TikTok-გვერდზეა ხელმისაწვდომი(იხ. ქვემოთ მეორე სურათზე).
ვიდეოებში არსებული ხმა და ტექსტი განსხვავდება Facebook-გვერდ Politics-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არსებული ხმისა და ტექსტისგან.
რედაქტირებულ ვიდეოში ისმის, თითქოს, გიორგი გახარია მის ერთ დღეს აღწერს. თხრობისას, გამოყენებულია უცენზურო ლექსიკაც. ასე მაგალითად, რედაქტირებული ვიდეოს პირველ კადრში ისმის: „გამარჯობა, მე ვარ გიორგი ****, ბოდიშით, გიორგი გახარია და მინდა, ჩემი ერთი დღე გაჩვენოთ. გაიცანით, ეს ჩემი ძაღლია ლოლა, ჩემგან განსხვავებით ის ძალიან ერთგულია“.
ორიგინალ ვიდეოში გიორგი გახარია ამბობს: „გამარჯობა, მე გიორგი ვარ გახარია, ეს ლოლაა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში, როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს. ამიტომ, იმისთვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, მოდით, შევიკრიბოთ კვირას, 7 საათზე, პარლამენტის წინ.
ამდენად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და შესაძლოა, მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.
აღნიშნული Facebook-გვერდისა და TikTok-ანგარიშის მიერ ნიკა გვარამიას რედაქტირებული ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ასევე აუდიო მასალა იყო შეცვლილი (აღნიშნულ თემაზე იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.