სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნონა შარაბიძე“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (მაგალითად, იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4), რომის პაპი ფრანცისკეს ფოტოს ავრცელებს, სადაც ის თითქოს არგენტინელ მოდელს უყურებს, აღწერით: „ჯვარი არ უკეთიაო“. რეალურად, გავრცელებული ფოტო რედაქტირებულია.

აღნიშნული ფოტო ინტერნეტსივრცეში მრავალი წელია ვრცელდება. მის ვირუსულ გავრცელებას ჯერ კიდევ 2020 წელს ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია AFP გამოეხმაურა.

გავრცელებული ფოტოს ორიგინალი ვერსია Associated Press-მა (AP) 2015 წლის ივლისში გაავრცელა. მასზე აღბეჭდილია რომის პაპის შეხვედრა ბოლივიის მაშინდელ პრეზიდენტ ევო მორალესთან (იხილეთ სტატიის ფოტოანაბეჭდი ).

რომის პაპი რეალურად ორიგინალ სურათში პრეზიდენტ მორალესის მიერ წარდგენილ ჩაქუჩზე გამოსახულ ქრისტეს გამოსახულებს უყურებს.

Facebook-ანგარიშის პოსტში სწორედ ბოლივიის პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოს რედაქტირებული ვერსიაა წარმოდგენილი:

რაც შეეხება არგენტინელი მოდელის ვიქტორია ქსიპოლიტაკისის ფოტოს, ის პარაგვაიში რომის პაპის ვიზიტის დროსაა გადაღებული. ფოტო თავდაპირველად ავსტრალიური ახალი ამბების ვებსაიტმა News.com.au 2015 წლის 16 ივლისს გამოაქვეყნა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, არგენტინელ მოდელს შეუსაბამო ჩაცმულობის გამო ტერიტორია დაატოვებინეს. აღნიშნული ინციდენტის შესახებ ახალი ამბების სხვა გამოცემებმაც დაწერეს (1,2).

იხილეთ News.com.au სტატიის ფოტოანაბეჭდი, რომელშიც არგენტინელი მოდელის ფოტო არის წარმოდგენილი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სურათის ორიგინალში ის რომის პაპთან არ დგას:

ამდენად, გავრცელებული ფოტო, რომელზეც რომის პაპი და არგენტინელი მოდელი ერთად არიან აღბეჭდილნი, რედაქტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.