სოციალურ ქსელში 30 მაისს Facebook-გვერდმა „საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება“ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით, 29 მაისს მოლდოვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ვიზიტისას, მაია სანდუს ხელისუფლებას 135 მილიონი დოლარი იმისთვის ჩაუტანა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში არ წააგოს (დაარქივებული ბმული). ცნობისთვის, გვერდის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3).

პოსტში ასევე აღნიშნულია, სავარაუდოდ ამერიკული მითითებით, მოლდოვის ხელისუფლებამ ოპოზიციური არხების ფუნქციონირება შეაჩერა. აღნიშნულია ასევე, რომ გასულ წელს მოლდოვას ხელისუფლებამ 50 ახალი ამბების პორტალი დახურა, რაც „ამერიკული დემოკრატიის“ მაგალითად აქვთ წარმოდგენილი.

„გუშინ მოლდოვაში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა. მან 135 მილიონი დოლარი ჩაუტანა მაია სანდუს ხელისუფლებას, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებში არ წააგოს, რადგან საზოგადოებაში ხელისუფლების კრიტიკა თვალშისაცემია. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. დიდი ალბათობით ამერიკული მითითებით, დღეს გაირკვა, რომ მოლდოვის ხელისუფლება ძირითადი ოპოზიციური არხების ფუნქციონირებას აჩერებს. შარშან მათ 50 ნიუს პორტალი დახურეს.

ასე მუშაობს ამერიკული დემოკრატია, როცა ჰეგემონს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ანაღვლებს. ის ძალას და გავლენას კარგავს, ახლა დემოკრატიობანას თამაშის დრო არ არის“, - აღნიშნულია პოსტში.

სინამდვილეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოლდოვისთვის 135 მილიონი დოლარის დახმარების შესახებ მართლაც განაცხადა, თუმცა ამ დახმარების მიზანი მოლდოვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტირება და დეზინფორმაციის შეკავებაა. კერძოდ, 85 მილიონი დოლარი მოლდოვას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად - ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციისთვის აღჭურვილობების დამონტაჟებისთვის დაიხარჯება, ხოლო 50 მილიონი დოლარი ენერგეტიკისა და ფერმერული მრეწველობის ცვლილებას და დეზინფორმაციის შეკავებას ისახავს მიზნად.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ეს ნაბიჯები „გააძლიერებს მოლდოვას შესაძლებლობებს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ ჩარევებს, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, გააგრძელოს ევროკავშირისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზა და შექმნას უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები“.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი და გაუმართლებელი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ბოლოს გაზპრომმა მესამედით შეამცირა მოლდოვისთვის მიწოდებული გაზის რაოდენობა და მიწოდების სრულად შეწყვეტის შესახებაც დაიმუქრა. ამ ქმედებამ მოლდოვას ენერგეტიკული სისტემა, რომელიც სრულად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, დაუცველი დატოვა. ვითარებას ართულებდა ის ფაქტიც, რომ ქვეყნის საბჭოთა კავშირის დროინდელი ენერგო სისტემა უკრაინის ენერგოსისტემაზე იყო დაკავშირებული, რის გამოც რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე მიტანილმა შეტევებმა მოლდოვაში ენერგოკრიზისი გამოიწვია. ამავე პერიოდში დნესტრისპირეთმა, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ერთეულია და სადაც მოლდოვას ძირითადი ელექტროსადგურებია განთავსებული, კიშინიოვის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ასევე შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ მოვლენებმა კიშინიოვს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისა და ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებისკენ უბიძგა. ამ მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს მოლდოვისთვის 300 მილიონი დოლარის დახმარების გადაცემის შესახებ დაიწყო მუშაობა.

29 მაისს ენტონი ბლინკენის მიერ მოლდოვისთვის 135 მილიონ დოლარიანი დახმარების გამოცხადების შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის სისტემის სტაბილურობისთვის გამოყოფილი 85 მილიონი დოლარი, სწორედ წარსულში გამოცხადებული 300-მილიონიანი ინვესტიციის ნაწილია.

რაც შეეხება პოსტში გამოთქმულ მეორე მტკიცებას, რომლის მიხედვით ამერიკული მითითებით, მოლდოვის ხელისუფლება ძირითადი ოპოზიციური არხების ფუნქციონირებას აჩერებს.

2023 წელს მოლდოვამ რამდენიმე ათეულ ახალი ამბების სააგენტოზე წვდომა ნამდვილად შეზღუდა, მათ შორისაა ისეთი რუსული გაზეთები, როგორიცაა Komsomolskaya Pravda და Lenta.ru და ახალი ამბების სააგენტოები, მათ შორის TASS და Interfax. მოლდოვას დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანება წვდომის შეზღუდვის მიზეზად მათ მიერ გავრცელებულ ონლაინ მასალას ასახელებდა, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში გამოიყენებოდა. მანამდე, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ომისა და მოლდოვას შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზეზით ლიცენზია ასევე შეუჩერეს 6 შიდა სატელევიზიო არხსაც. ექვსივე სატელევიზიო არხი ეკუთვნოდა ან დაკავშირებული იყო პრორუს ბიზნესმენ ილან შორთან, რომელიც მოლდოვას მართლმსაჯულებას თავს არიდებს და სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ.

მოლდოვამ 2024 წლის 30 მაისს დამატებით 3 სატელევიზიო კომპანიას მფლობელობაში მყოფი სატელევიზიო არხისა და რადიოსადგურის ლიცენზიის შეჩერების შესახებაც გამოაცხადა. მოლდოვას მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებისთვის Telesistem TV company, Archidoc Group და Telestar Media, რომლებიც ფლობდნენ ტელეარხებს Primul, Accent TV, Orizont TV, Canal 2, Canal 3, ლიცენზიის შეწყვეტა უკავშირდება მათ მიერ საბჭოს მოთხოვნის შეუსრულებლობას. კერძოდ, მათ წარადგინეს მხოლოდ ერთი საბანკო ანგარიშის ინფორმაცია, როდესაც სინამდვილეში 5-8 სხვადასხვა ანგარიშს ფლობენ. საბანკო ტრანზაქციები კი ადასტურებს მათ კავშირს პლაჰოტნიუკსა და შორთან.

როგორც უკვე აღნიშნულია, პრორუსი ოლიგარქი ილან შორი მოლდოვაში გასამართლებულია და იძებნება 2014 წელს ფულის გათეთრებისა და თაღლითობის ბრალდებით. მოლდოვური ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვის საქმეში ფიგურირებისთვის მას თავდაპირველად 7.5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც მოგვიანებით 15 წლამდე გაიზარდა. 2022 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა შორს სანქცია დაუწეს და განაცხადა, რომ ის „კორუმპირებულ ოლიგარქებთან და მოსკოვში დაფუძნებულ სუბიექტებთან მოლდოვაში პოლიტიკური არეულობის შესაქმნელად“ მუშაობდა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს ძირს უთხრიდა.

პრორუსი ვლად პლაჰოტნიუკი, მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი და ოლიგარქი, მოლდოვაში ასევე კავშირშია საბანკო სისტემებიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვის საქმესთან და ბრალდებულია კრიმინალური ქსელის ორგანიზებაში, რომელიც უკანონო საქონლით ვაჭრობასა და მილიონობით დოლარის გათეთრებაში გამოიყენებოდა. ცნობისთვის, 2014 წელს, როდესაც მოლდოვას ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარი დაიკარგა, ეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მერვედს უდრიდა.

ამდენად, Facebook-გვერდის „საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მცდარია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოლდოვას ფინანსური დახმარება უმეტესად ენერგეტიკული სტაბილურობისთვის გამოუყო. ეს დახმარება კიშინიოვის მიერ რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკის ნაწილია, რასაც ის პარტნიორების - უმეტესად აშშ-ის - დახმარებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მისდევს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია