სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, წერს: „პარიზის პოლიციამ პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე დაპატიმრებული ალჟირელი სტუდენტი სამირ ჰამდავი პოლიციის განყოფილებაში ცემით მოკლა. როგორც ჩანს, დემოკრატიულ საფრანგეთშიც რუსული პოლიციური რეჟიმია“. რეალურად, ინფორმაცია, თითქოს სტუდენტი პოლიციელების მიერ ცემის შემდეგ გარდაიცვალა, არასანდო გამოცემის მიერ გავრცელდა და არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის ნამდვილობას დაადასტურებს.
სტატია, რომელიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პრორუსული გვერდების მიერ აქტიურად გავრცელდა, Alternative Media-ს ეკუთვნის. სტატიის თანახმად, 7 მაისს, სამირ ჰამდავიმ, ალჟირელმა სტუდენტმა, რომელიც სასწავლებლად ჩავიდა საფრანგეთში, მონაწილეობა მიიღო სტუდენტების მიერ ორგანიზებულ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაში, რომელიც პარიზში, Sciences Po University-ის წინ გაიმართა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ როდესაც შეკრება საფრანგეთის პოლიციამ დაარბია, რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, მათ შორის - სამირი. ოთხი დღის შემდეგ სამირი ახლობლების სახლში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ პოლიცია უარს ამბობს გამოძიების დაწყებაზე და ექიმებზე ზეწოლას ახდენს, სიკვდილი ბუნებრივ მიზეზს მიაწერონ. თავის მხრივ, სტატია ეყრდნობა YouTube ვიდეოს, რომელშიც თითქოს სამირ ჰამდავის ძმა საუბრობს მომხდარის დეტალებზე.
პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც მიმდინარე წლის 7 მაისს Sciences Po უნივერსიტეტის წინ გაიმართა, პოლიციამ ორი პირი დააკავა. France24 -ის მიხედვით, პარიზის პროკურატურის ოფისმა, რომელიც პოლიციის მიერ დაკავებულებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ 7 მაისს დაკავებულ პირებში აღნიშნული სახელისა და გვარის პიროვნება არ ყოფილა. ამავდროულად, Sciences Po უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ პიროვნების შესახებ არაფერი სმენიათ. გარდა ამისა, YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც თითქოს სამირ ჰამდავის ძმა საუბრობს, არ ჩანს ამ პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, მათ შორის, სახელი და გვარი. თავის მხრივ, ვერც France 24-მა შეძლო ვიდეოში მოსაუბრე მამაკაცის ვინაობის დადგენა.
ონლაინ გამოცემა Alternative Media პრორუსული და ანტიუკრაინული პროპაგანდის გავრცელებით გამოირჩევა. ერთ-ერთ ბოლო სტატიაში გამოცემა ამტკიცებს, რომ ოლენა ზელენსკა, უკრაინის პირველი ლედი, პედოფილიის ქსელშია ჩართული.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა ევროპასა და აშშ-ში აქტიურად მიმდინარეობს პროპალესტინელი სტუდენტების საპროტესტო აქციები. მაგალითად, ბრიტანეთში, მათ შორის ოქსფორდსა და კემბრიჯში, სტუდენტები უნივერსიტეტებს მოუწოდებენ, სრულად გაამჟღავნონ ინვესტიციები და შეწყვიტონ აკადემიური თუ ბიზნეს კავშირები ისრაელთან.
ამდენად, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ალჟირელი სტუდენტი სამირ ჰამდავი პოლიციელების მიერ ცემის შემდეგ გარდაიცვალა.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.