სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი „საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება“ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სარჩელის მიხედვით მიმდინარე ისტორიულ პროცესს არც ერთი მსხვილი დასავლური მედია არ აშუქებს. სარჩელით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელს ღაზაში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს. აღნიშნული საკითხის გაუშუქებლობა, ავტორის თანახმად, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ობიექტური დასავლური მედია არ არსებობს და ისინი მხოლოდ „ჰეგემონის ინტერესების გამტარი აგენტები“ არიან. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელზეც, ავტორის მტკიცებით, იმ მედიასაშუალებების ჩამონათვალია მოცემული, რომლებიც აღნიშნულ საკითხს არ აშუქებენ. მათ შორისაა BBC, CNN, Fox News, MSNBC, CBC, Euronews და France 24. რეალურად, აღნიშნული მედიასაშუალებები პროცესთან დაკავშირებულ ცნობებს ჯერ კიდევ მოსმენების დაწყებამდე აქვეყნებდნენ და პროცესის მიმდინარეობასაც აქტიურად აშუქებენ.

2023 წლის 29 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საჯარო მოსმენა 2024 წლის 12 იანვარს დაიწყო. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი იურიდიული ორგანოა, რომელსაც წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული საკითხების განხილვა შეუძლია.

სარჩელით სამხრეთ აფრიკამ ისრაელი ღაზაში გენოციდის ჩადენაში, 1948 წლის გენოციდის კონვენციის დარღვევაში, დაადანაშაულა. სარჩელში ჩამოთვლილ გენოციდურ ქმედებებს შორისაა: ღაზაში 23,000-ზე მეტი პალესტინელის, მათ შორის - დაახლოებით 10,000 ბავშვის, მკვლელობა; პალესტინელების სახლების განადგურება, მათი გამოსახლება და იძულებით გადაადგილება; საკვების, წყლის და სამედიცინო დახმარების ბლოკადა; ჯანმრთელობის სერვისების განადგურება. სამხრეთ აფრიკა ICJ-ს დაუყოვნებელ ქმედებას სთხოვს, რათა აღიკვეთოს ისრაელის სამხედრო კამპანია.

29 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის მიერ ისრაელის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას იმავე დღეს შემდეგი მსხვილი სამაუწყებლო კორპორაციები გამოეხმაურნენ: ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC, ამერიკული CNN და Fox News, კანადის სამაუწყებლო კორპორაცია CBC, ევროპული საინფორმაციო სატელევიზიო არხების იმპორტიორი კომპანია Euronews და ფრანგული France 24. მათ მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებში მოცემულია ინფორმაცია ღაზაში არსებული ვითარების, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ბრალდებისა და მოსმენებთან დაკავშირებული დეტალების შესახებ.

პროცესის მიმდინარეობას აქტიურად აშუქებდა BBC, რომელიც ინფორმაციას არამხოლოდ ვებგვერდზე (იხილეთ ბმული: 1, 2, 3, 4, 5), არამედ YouTube-არხზეც აქვეყნებდა (მაგალითად იხილეთ ბმული: 1, 2, 3, 4, 5). მიმდინარე მოსმენებთან დაკავშირებულ ცნობებს ასევე ავრცელებდნენ ამერიკული ტელეკომპანიები, CNN (იხილეთ სიახლეები ბმულზე 1, 2, საინფორმაციო ჩართვის სანახავად ეწვიეთ ბმულს) და Fox News (ბმული 1, 2).

ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის სარჩელის, მასთან დაკავშირებული დეტალებისა და მიმდინარე პროცესში კანადის პოზიციის შესახებ კანადის სამაუწყებლო კორპორაციაც (CBC) აქვეყნებდა. საკითხს Euronews (ბმული 1, 2, 3, 4, 5), ფრანგული მაუწყებლობა France 24 (ბმული 1, 2, 3, 4) ასევე არაერთხელ გამოეხმაურა. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე მოსმენებს ამერიკული საკაბელო ახალი ამბების არხი MSNBC არ გამოხმაურებია, თუმცა პროცესთან დაკავშირებულ ცნობებს მასთან აფილირებული მაუწყებლობა NBC (ბმული 1, 2) აქვეყნებდა.

ამგვარად, მართალია ზემოხსენებული დასავლური მსხვილი მედიასაშუალებები მოვლენასთან დაკავშირებულ ცნობებს განსხვავებული სიხშირით და ინტენსივობით აშუქებენ, თუმცა მტკიცება იმის შესახებ, რომ მიმდინარე ისტორიულ პროცესს არც ერთი მსხვილი დასავლური მედია არ ეხმიანება, სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.