სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Gvan Ca, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), სამხრეთ ილინოისში ფერმაზე გაჩენილ ხანძარს „კლიმატის აფიორას“ უკავშირებს. „კლიმატ აფიორის მადლი. სამხრეთ ილინოისში 1,2 მილიონიან ქათმის ფერმას ოთხშაბათს ღამით ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა.მიზეზად არ გამიკვირდება ქათმების აირები დაასახელონ“, - წერს ანგარიში პოსტში. რეალურად, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ ცნობილი არაა. ამავდროულად, მეცნიერები თანხმდებიან, რომ კლიმატის ცვლილება სახეზეა და მრავალ პროცესს იწვევს. ის შესაძლოა ბუნებრივი პროცესებითაც იყოს განპირობებული, თუმცა, 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილების მთავარ გამომწვევად ადამიანის საქმიანობა იქცა, უპირველეს ყოვლისა, წიაღისეული საწვავის (როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი) წვა.

მეფრინველეობის ფერმას სამხრეთ ილინოისში, სადაც სულ მცირე 1 მილიონი ქათამი იყო მოთავსებული, 29 მაისს გამთენიას ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი მინიმუმ სამ შენობას მოედო. მომუშავე პერსონალის თქმით, შენობებში გამთენიისას პერსონალი არ იმყოფებოდა.

მარიონის ოლქის დეპარტამენტის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. Plant Based News-ის მიხედვით, ზოგადად, ფერმაში ხანძრის გაჩენის რამდენიმე მიზეზი არსებობს: გათბობის ან ელექტრული სისტემების გაუმართაობა და ფერმებში მარტივად აალებადი მასალების არსებობა. მაგალითად, თივა და ფრინველების ფეკალიები. ეს უკანასკნელი მეთანს და წყალბადის სულფიდს გამოყოფს, ორივე ფეთქებადი ნივთიერებაა. ფერმაში ფრინველების ფეკალიებს სპეციალურ მოწყობილობებში ათავსებენ, სადაც დიდი რაოდენობით მეთანის დაგროვებამ შესაძლოა აფეთქება გამოიწვიოს. ასე მაგალითად, 2023 წლის აპრილში რძის ფერმაში სწორედ მეთანის აფეთქებას 18000 ძროხა ემსხვერპლა.

რაც შეეხება კლიმატის ცვლილებას, მიუხედავად მრავალი კვლევისა, რომელიც კლიმატის ცვლილების ნამდვილობასა და მის მავნე შედეგებს ადასტურებს, სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება მტკიცება, რომ კლიმატის ცვლილება „აფიორა“ და „აბსურდია“.

სინამდვილეში, კლიმატის ცვლილება რეალურია და ის დედამიწაზე სხვადასხვა პროცესზე გავლენას ახდენს. მაგალითად, 1880 წლიდან, დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ით გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური ტემპერატურის ცვლილება 2050 წლისთვის დაახლოებით 1,5 °C მიაღწევს და 2100 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 2-4 °C იქნება. ტემპერატურის ზრდის შედეგად ყინულის ფართო მასები, განსაკუთრებით დედამიწის პოლუსებზე, დნება, რაც ხელს უწყობს ზღვის დონის აწევას. ზღვის დონე წელიწადში 3,2 მილიმეტრით იზრდება. ზრდა ბოლო წლებში უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და უახლოეს ათწლეულებში, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შესაძლოა, დაჩქარდეს.

კლიმატის ცვლილება ტემპერატურისა და ამინდის შაბლონების გრძელვადიან ცვლას ეხება. ასეთი ძვრები შეიძლება იყოს ბუნებრივი, მზის აქტივობის ცვლილების ან დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგი. მაგრამ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანის საქმიანობა იქცა კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელ ძალად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი წიაღისეული საწვავის დაწვის გამო, როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი.

გლობალური კლიმატის ცვლილების თეორიის მიხედვით, წიაღისეული საწვავის დაწვა ქმნის საფარს, რომელიც დედამიწაზე მზის სითბოს იკავებს და ამგვარად, გლობალურ ტემპერატურას ზრდის. გლობალური დათბობა კი, თავის მხრივ, ისეთ მოვლენებს იწვევს, როგორებიცაა: გვალვები, წყლის დეფიციტი, ძლიერი ხანძარი, ზღვის დონის აწევა, წყალდიდობა, პოლარული ყინულის დნობა, ძლიერი ქარიშხალი და ბიომრავალფეროვნების შემცირება (აღნიშნულ თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია