სოციალურ ქსელში ანგარიში Levan Tavdishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ჰილარი კლინტონის, ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის დაკავების ამსახველ კადრებს (ბმული 1, 2, 3, 4) ავრცელებს, აღწერით, „ეს რეპტილიის შთამომავლები, საქვეყნოდ, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, თორემ თავად დაგვსჯიან უმოქმედობისათვის!“. სინამდვილეში, გავრცელებული ფოტოები რეალური არაა და ისინი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
აღნიშნული ფოტოები ინტერნეტსივრცეში პირველად ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში გამოჩნდა. კადრებს არასანდო მომხმარებლები აზიარებდნენ (ბმული 1, 2), მტკიცებით, რომ მედია მოსახლეობისგან ჰილარი კლინტონისა და ჯო ბაიდენის დაკავების ცნობებს მალავდა.
გავრცელებული ფოტოები, სხვა კადრებთან ერთად, YouTube-არხის VOKS.news-ის მიერ 2023 წლის 24 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოჩნდა, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ: „მომავალი წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტის მიერ“ („The future as imagined by AI“).
ვიდეოში გარდა Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული კადრებისა, ვხვდებით ჯორჯ სოროსის, ბილ გეითსის, დონალდ ტრამპის, დაკავების ამსახველ კადრებს, რომლებიც, როგორც ამას თავად ვიდეოს გამავრცელებელი აღნიშნავს, ასევე გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.