2020 წელს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული პანდემიის გამო, ბათუმში უფასო სადილის პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სასადილოები დროებით, პანდემიის დასრულებამდე, დაიხურა და მერიამ სადილის დამატებით სიებში მყოფი მოქალაქეებიც პროგრამაში ჩართო (მანამდე მათ უფასო საკვები იმ შემთხვევაში მიეწოდებოდათ, თუ ძირითად სიაში მყოფი პირი არ გამოცხადდებოდა). იხ. ფაქტ-მეტრის სტატია. 2021 წლის ბოლოს ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო ერთჯერად უფასო სადილს 7 595 ბენეფიციარს აწვდიდა.

ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა, გაგაცნოთ, რამდენი ბენეფიციარი სარგებლობს ამ ეტაპზე უფასო კვების პროგრამით აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში და რამდენს იხდის ხელისუფლება ერთი ბენეფიციარის სადილში.

ჩვენ ექვსივე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაცია შევისწავლეთ.

პანდემიის დასრულების მიუხედავად, ბათუმში გაიზარდა უფასო კვების პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რიცხვი. 2023 წლის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, უფასო სადილით ბათუმში 55 მოქალაქით მეტი სარგებლობს. ამავე პერიოდში, უფასო სადილით მოსარგებლეთა რიცხვი კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაიზარდა.

ცხრილი 1. უფასო კვების პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2020-2023 წლები

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დანართი 1, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია დანართი 2, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია დანართი 3, ქედის მუნიციპალიტეტის მერია დანართი 4, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია დანართი 5, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია დანართი 6

ცხრილი 1 აჩვენებს, რომ პანდემის შემდეგ, 2021 წელს, ბენეფიცარების რაოდენობა ქობულეთშიც გაიზარდა. ხელვაჩაურში კი პანდემიამდელ მონაცემს დაუბრუნდა, რაც მეტია, ვიდრე 2021-2022 წლებში იყო. შუახევში, მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, უცვლელად შენარჩუნდა. რაც შეეხება ქედასა და ხულოს, უფასო კვების პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 2022 წელს გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ უფასო სადილს ბენეფიციარები დღეში ერთხელ იღებენ. პროგრამა გულისხმობს, რომ მათი დღიური რაციონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კალორაჟით უნდა შეივსოს. კალორაჟს სპეციალისტი ადგენს. სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშში, რომელიც უფასო სადილის მიწოდების სერვისს აფასებს და 25 მუნიციპალიტეტის 59 სასადილოს მოიცავს, წერია, რომ ქვეყანაში უფასო სასადილოს სერვისის მართვისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. ამდენად, სტანდარტულად არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი. ასევე, სერვისის განხორციელებისას არ არის გათვალისწინებული ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, რაც, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის რაოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, პროგრამაში ჩართული პირის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ასპექტები გათვალისწინებული არ არის.

ბენეფიციარების ნაწილი ხშირად აღნიშნავს, რომ ისინი, მათ შორის, ბავშვები, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იმ დღიურ ულუფას იღებენ, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიეწოდებათ და დამატებით საკვებს ვერ ყიდულობენ. ამდენად, ჩვენ დავინტერესდით, რამდენს ხარჯავს ესა თუ ის მუნიციპალიტეტი ერთი ბენეფიციარის სადილისთვის. მიღებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ წელს ბათუმის მუნიციპალიტეტმა რამდენიმე თეთრით უფრო ნაკლები გაითვალისწინა, ვიდრე 2020 და 2022 წელს ხარჯავდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით, ღირებულება, ასევე, უმნიშვნელოდ, გაზრდილია. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა კი ერთი ბენეფიციარის დღიური საკვებისთვის გამოყოფილი თანხა, 2020 წელთან შედარებით, 60 თეთრზე მეტით გაზარდა. ერთი ბენეფიციარისთვის დღეში ყველაზე მეტს ქედის მუნიციპალიტეტი ხარჯავს.

ცხრილი 2. უფასო კვების პროგრამაში ჩართული ერთი ბენეფიციარის სადილით უზრუნველყოფის დღიური ხარჯი მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2020-2023 წლები, ლ

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ქედის მუნიციპალიტეტის მერია, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

შენიშვნა 1: ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტისთვის გაგზავნილ წერილში დავაკონკრეტეთ, რომ ერთი ბენეფიციარის დღიური კვების ხარჯი გვაინტერესებდა. ხულოს მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ მათ მიერ მითითებული თანხა (2020 წელს - 42476 ლარი 43 ბენეფიციარისთვის; 2021 წელს - 44228 ლარი 43 ბენეფიციარისთვის; 2022 წელს - 49842 ლარი 50 ბენეფიციარისთვის და 2023 წელს - 45625 ლარი 50 ბენეფიციარისთვის) ყველა ხარჯს მოიცავს. ამის გათვალისწინებითაც კი, თანხის მოცულობა შემცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარების რაოდენობა არ შეცვლილა.

თუ ორივე ცხრილის მიხედვით ვიმსჯელებთ, 2023 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტში, ბენეფიციარების რაოდენობის ზრდის პარალელურად, კვებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა შემცირდა. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში კი წელს გაიზარდა როგორც ბენეფიციარების რიცხვი, ისე დღიური სადილის ღირებულებაც. მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტი შარშან 7 595 ბენეფიციარის გამოსაკვებად დღიურად 14 279 ლარს ხარჯავდა, წელს კი 7 650 ბენეფიციარისთვის 13 847 ლარი გამოყო, რაც, გასულ წელთან მიმართებით, 432 ლარით ნაკლებია.