ირაკლი კობახიძე: საქართველო 2012 წლამდე იყო დესტაბილიზაციის წყარო რეგიონში, 2012 წლის შემდეგ კი ქვეყანამ ამ კუთხით პოზიტიური წვლილი შეიტანა
ვერდიქტი: ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია და არა საქართველო. საქართველოს მხრიდან საკუთარი სუვერენული ტერიტორიების დაცვა არ არის დესტაბილიზაციის ხელშეწყობა.
ამასთან, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რამდენიმე გაყინული კონფლიქტია. ეს კონფლიქტები პირდაპირ ან ირიბად რუსეთსა და მასთან აფილირებულ აქტორებს უკავშირდება. ამრიგად, დესტაბილიზაცია რეგიონში სწორედ რუსეთის მხრიდანაა გამოწვეული. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების ძირითადი მიზეზები საბჭოთა კავშირში, მისი მოწყობის სტილში, ტერიტორიების გადანაწილებაში უნდა ვეძებოთ. საბჭოთა კავშირი ე.წ. „ნაღმების“ დატოვებას წევრი რესპუბლიკების ტერიტორიებზე მუდმივად უწყობდა ხელს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „2012 წლამდე საქართველო იყო დესტაბილიზაციის წყარო რეგიონში და ამის საუკეთესო გამოხატულება იყო 2008 წლის ომი, რომელშიც ჩაითრია ქვეყანა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის საფუძველზეც ჩვენ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. საქართველო 2012 წლამდე იყო დესტაბილიზაციის წყარო რეგიონში, 2012 წლის შემდეგ კი ქვეყანამ ამ კუთხით პოზიტიური წვლილი შეიტანა“.
მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნები (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) დამოუკიდებლები გახდნენ, სულ სამი კონფლიქტი (ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური და ყარაბაღის ომი) წარმოიშვა. ეს კონფლიქტები პერიოდულად ახლდებოდა და მათ საერთო ის ჰქონდა, რომ ან რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული ან უშუალოდ რუსული სამხედრო შენაერთები მონაწილეობდა.
ამ დროის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში სამი კონფლიქტი შეიძლება განვიხილოთ: აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და მთიანი ყარაბაღი. სტატიაში თითოეულ ამ კონფლიქტს მოკლედ მიმოვიხილავთ.
მთიანი ყარაბაღი
ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო, სადაც სომხური და აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალები აქტიურად იყვნენ ჩართულები. კონფლიქტი 1994 წლამდე გაგრძელდა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. კონფლიქტის დაწყების მომენტში სომხეთიც და აზერბაიჯანიც სსრკ-ს წევრები იყვნენ და საბჭოთა კავშირს მათ შესაკავებლად, ფაქტობრივად, არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ყარაბაღში შეტაკებები პერიოდულად ახლდებოდა, თუმცა ამას სერიოზული მასშტაბი 2020 წლამდე აღარ მიუღია. 2020 წლის სექტემბერში კონფლიქტი განახლდა, ფაქტობრივად კონვენციურ ომში გადაიზარდა და, საბოლოოდ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 10 ნოემბერს იძულებული გახდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელს ვლადიმერ პუტინიც აწერს ხელს და სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის შემდგომი განახლების თავიდან ასაცილებლად აგზავნის. საბჭოთა კავშირის დროს მიღებული რუკებით გამოწვეული კონფლიქტი საბჭოთა კავშირმა ჯერ თავის დროზე არ შეაჩერა, ხოლო შემდგომში სსრკ-ს სამართალმემკვიდრე „გამშველებლად“ მოგვევლინა. სინამდვილეში, ამ კონფლიქტის მთავარი წყარო რუსეთში უნდა ვეძებოთ და ეს იქიდანაც ჩანს, რომ რუსეთი, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარისთვის, სამხედრო პარტნიორია.
ცხინვალის რეგიონი
1991-1992 წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტი მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალები და რუსეთის მიერ წახალისებული ოსი სეპარატისტები იღებდნენ მონაწილეობას. კონფლიქტი 1991 წლის 4 იანვარს დაიწყო, როდესაც ოსმა სეპარატისტებმა ქართველ პოლიციელებს სცემეს და მოუწოდეს, 24 საათის განმავლობაში იარაღი ჩაებარებინათ. ამის საპასუხოდ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თავისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად რეგიონში სამხედრო ძალები შეიყვანა. ომი 1 წელზე მეტი გრძელდებოდა და 1992 წლის 24 ივნისის სოჭის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა.
2008 წლის ზაფხულის პერიოდში ოსური მხარის მიერ არაერთი პროვოკაცია განხორციელდა. ამას აგვისტოს დასაწყისში მოჰყვა განუწყვეტელი საარტილერიო სროლა ქართული მხარის მიმართულებით, რასაც ქართულმა მხარემ 7 აგვისტოს უპასუხა, 8 აგვისტოს ქართული ჯარი ცხინვალში შევიდა, ხოლო 9 აგვისტოს რუსულმა მხარემ აქტიურად დაიწყო ქართული ქალაქების დაბომბვა და მეორე ფრონტი აფხაზეთის მხრიდან გახსნა. საბოლოო ჯამში ომი 5 დღე მიმდინარეობდა, რაც 15-16 აგვისტოს, საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დახმარებით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დასრულდა. ომის პერიოდში ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ათასეულობით დაიჭრა და დაახლოებით 150 ათასი დევნილად იქცა.
მთელი ამ დროის განმავლობაში, რუსული ძალები რეგიონში სამშვიდობო ძალების სტატუსით იყო განთავსებული. მიუხედავად ამისა, რუსულ მხარეს არათუ კონფლიქტის შეჩერება არ უცდია, არამედ საქართველოს წინააღმდეგ, პირდაპირ მხარედ მონაწილეობდა.
აფხაზეთი
1992-1993 წლების აფხაზეთის ომი, სამოქალაქო დაპირისპირების ნიადაგზე, რკინიგზის დაცვის მიზნით ჯარების აფხაზეთში ჩაყენებით დაიწყო. რუსეთის მიერ წახალისებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა და ბანდფორმირებებმა ეს მოვლენა პროვოკაციად ჩათვალეს და ცეცხლი გახსნეს. 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში სამშვიდობო შეთანხმება შედგა, რასაც ხელი ედუარდ შევარდნაძემ, ბორის ელცინმა და ვლადისლავ არძინბამ მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო და დაქირავებული ბოევიკები რეგიონიდან გასულიყვნენ, მაგრამ შეთანხმების მიუხედავად, სექტემბერშივე აფხაზურ-რუსულმა მხარემ შეტევა გაგრაზე მიიტანა. შესაბამისად, შეთანხმება დაირღვა. კონფლიქტი 1 წელზე მეტი მიმდინარეობდა. მართალია, ქართული სამხედრო ნაწილები უშუალოდ აფხაზურს ბევრად აღემატებოდნენ, თუმცა აქაც რუსეთის მიერ დაქირავებული ბანდფორმირებების საშუალებით მოხდა ის, რომ 1993 წლის სექტემბერში კონფლიქტი სოხუმის აღებით და აფხაზეთის დროებით ოკუპაციით დასრულდა. შედეგები საქართველოს ეკონომიკისთვის კატასტროფული და დამანგრეველი აღმოჩნდა.
სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების ანალიზი აჩვენებს, რომ რეგიონში დესტაბილიზაციის მთავარი წყარო რუსეთია. მიმდინარე და გაყინულ კონფლიქტებში რუსეთი პირდაპირ ან ირიბად - მარიონეტული რეჟიმების საშუალებით მონაწილეობს. ამ ფონზე საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ საქართველო 2012 წლამდე დესტაბილიზაციის წყარო იყო, მცდარია. ამგვარ განცხადებებს არამარტო შეცდომაში შეჰყავს საქართველოს მოსახლეობა, არამედ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ავტორიტეტსაც აზიანებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი. სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო, უკანასკნელი მინიმუმ 100 წლის განმავლობაში, არის რუსეთი.