პაატა მანჯგალაძე: უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მანიპულაციაა

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა. ამავე დროს, I კვარტალთან შედარებით, დასაქმების მაჩვენებლები გაუარესდა, ხოლო უმუშევრობის დონე (სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე) მცირედით გაუმჯობესდა. ზოგადად, სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით, მართებულია, კვარტალი შესაბამის კვარტალს შედარდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ფაქტია, რომ II კვარტალში დასაქმება, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა. როგორც წესი, დასაქმების მხრივ I კვარტალი უფრო პასიური კვარტალია.

დასაქმება და უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებლები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დამტკიცებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დაანგარიშებული. ამასთან, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემები ბოლო წლების ტენდენციასთან არის თავსებადი და არ იკვეთება იმგვარად შეცვლილი სურათი, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს გააჩენდა. ისევ „საქსტატის“ სტატისტიკა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება, რაც შემდგომ ემიგრაციის წამყვანი მიზეზად გვევლინება.

რიგ შემთხვევებში, სტატისტიკური მონაცემებით, პოლიტიკოსები მართლაც მანიპულირებენ, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება ან/და ეჭვის საფუძველი, რომ უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მანიპულაციურია.

„ფაქტ-მეტრი“ დაუკავშირდა პაატა მანჯგალაძეს. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ის არ გულისხმობდა, თითქოს საქსტატი მონაცემებს მანიპულაციურად აქვეყნებს. მისი თქმით, ზოგადად, ხდება რიცხვებით მანიპულაცია, ხოლო ქვეყანაში უმუშევრობის მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესება რეალურად არ იგრძნობა.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ პაატა მანჯგალაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

ანალიზი

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, დეპუტატ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო მანიპულაციაა“.

რიგ შემთხვევებში, ხელისუფლების წარმომადგენლები და ზოგადად პოლიტიკოსები, თავიანთ განცხადებებში სტატისტიკური მონაცემებს, მათ შორის დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლებს, მართლაც მანიპულაციურად იყენებენ. რაც შეეხება „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, ის თავსებადია ბოლო წლების ტენდენციასთან და არ იკვეთება ისეთი სურათი, რაც ეჭვს წარმოშობდა, რომ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა შესაძლოა მანიპულაციური იყოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასაქმება და უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებლები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დამტკიცებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დაანგარიშებული (იხ. მეთოდოლოგია).

2020 წლამდე სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიურ საფუძველს ILO-ს მიერ შრომის სტატისტიკოსთა მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული სტანდარტები წარმოადგენდა. 2020 წლიდან საქსტატმა მე-19 და მე-20 კონფერენციაზე მიღებული სტანდარტები და მეთოდოლოგია დანერგა. იმავდროულად, ისტორიული მწკრივის აღდგენისთვის, 2010 წლიდან დასაქმება/უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებლები ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად განაახლა. მეთოდოლოგიაში ახალ სტანდარტზე გადასვლა თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას ითვალისწინებდა. კერძოდ, ახალი სტანდარტით, საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულნი და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებენ, თვითდასაქმებულებად აღარ ითვლებიან. აღნიშნული სტატუსის მქონე პირებმა ან უმუშევართა კატეგორიაში, ან სამუშაო ძალის გარეთ გადაინაცვლეს, იმის მიხედვით, ეძებდნენ, თუ - არა, სამუშაოს. სამუშაო ძალის სტატისტიკაში ახალი სტანდარტის დანერგვა ცალსახად დადებითი მოვლენა იყო, რადგან ის რეალობას უფრო ობიექტურად ასახავს (იხ. ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

დეტალურად განვიხილოთ უმუშევრობის და დასაქმების დონის გამოთვლა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და სამუშაო ძალის (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის) შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა კი არის დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელი უმუშევარი მოსახლეობა. 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არც დასაქმებულია და არც სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევართა სტატისტიკაში არ ხვდება. შესაბამისად, უმუშევრობის სტატისტიკაზე როცა ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს რომ, ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც აქტიურად ეძებს სამუშაოს, მზადაა სამუშაოს დასაწყებად და ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული.

რიგ შემთხვევაში, შეიძლება დასაქმებულთა რაოდენობა მცირდებოდეს, თუმცა უმუშევრობის დონე სამუშაო ძალის კლების ხარჯზე შემცირდეს. მაგალითად, 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა 102.8 ათასით, დასაქმებულთა რაოდენობა კი 12.6 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შემცირდა უმუშევრობის დონეც - 21.9%-დან 17.6%-მდე (იხ. „ფაქტ-მეტრის"სტატია).

მიმდინარე წლის II კვარტალში , წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონის შემცირება დასაქმების ზრდით იყო განპირობებული. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა. ამავე პერიოდში, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც და სამუშაო ძალაც. სწორედ ამ მონაცემების გამოქვეყნებას გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი.

საქსტატის კვარტალურ მონაცემებს თუ გავაანალიზებთ (პანდემიური პერიოდის - 2020-2021 წლების, გამოკლებით), ვნახავთ, რომ II კვარტალში დასაქმების მაჩვენებელი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე I კვარტალში, რაც სეზონური დასაქმებით აიხსნება. მიმდინარე წელს II კვარტალში კი (მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების მაჩვენებლები წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს აღემატება), I კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მონაცემები გაუარესდა. კერძოდ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შემცირდა 14.1 ათასით (1%-ით), კლება კიდევ უფრო მაღალია დაქირავებით დასაქმებულებში - 17.1 ათასი (1.8%). II კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, დასაქმების შემცირების პარალელურად, შემცირდა უმუშევრობის დონეც (0.3 პროცენტული პუნქტით), რაც ამავე პერიოდში სამუშაო ძალის კლებით იყო განპირობებული. ზოგადად, სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით, მართებულია კვარტალი შესაბამის კვარტალს შედარდეს. თუმცა II კვარტალი დასაქმების მხრივ არის უფრო აქტიური კვარტალი, ვიდრე I კვარტალი. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ წინა კვარტალთან შედარებით დასაქმების პარამეტრები გაუარესებულია, ცალსახად უარყოფითი მოვლენაა.

გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები, კვარტალური მონაცემები

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

„ქართული ოცნების“ მმართველობის გრძელვადიან პერიოდს თუ გავაანალიზებთ, 2015 წლის შემდეგ, ქვეყანაში სამუშაო ძალა ყოველწლიურად მცირდებოდა, 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა, შემცირდა. უმუშევრობის დონის შემცირება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე მოხდა. პანდემიურ პერიოდში, 2020-2021 წლებში, ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა. მომდევნო 2022-2023 წლებში აღნიშნული მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა; ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროცესია და ასევე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა, მათ შორის, სოციალურად დაუცველთა დასაქმება საზოგადოებრივ სამუშაოებზე და სხვა.

მიმდინარე წლის II კვარტალში დასაქმების მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტლის მონაცემებს აღემატება, თუმცა I კვარტალთან შედარებით გაუარესებულია.

„ფაქტ-მეტრი“ იზიარებს იმ პოზიციას, რომ უმუშევრობა და არასათანადო ანაზღაურება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ნამდვილად არის, რაზეც საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის გაზრდილი მაჩვენებლებიც მიუთითებს, რაც ასევე „საქსტატის“ სტატისტიკაა. უმუშევრობა/დასაქმების სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 47%-ია დასაქმებული. 219.7 ათასი ადამიანია ქვეყანაში, ვინც აქტიურად ეძებს სამუშაოს და ვერ პოულობს. გარდა ამისა, 15+ ასაკის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილია (1,343.8 ათასი ადამიანი) სამუშაო ძალის გარეთ, რომელთა უმრავლესობა იმედდაკარგული მუშახელია. გარდა ამისა, ემიგრაციაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები ბუნებრივია, საქართველოში უმუშევართა რიგებს, ასევე სამუშაო ძალას, აკლდებიან.

ამრიგად, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული უმუშევრობა/დასაქმების მონაცემები, აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის II კვარტალში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები, წინა წლის შესაბამის კვარტლის მონაცემებთან, გაუმჯობესდა. თუმცა I კვარტალთან შედარებით (რომელიც დასაქმების მხრივ ზოგადად უფრო პასიური კვარტალია), დასაქმების მაჩვენებლები გაუარესდა, ხოლო უმუშევრობის დონე (სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე) მცირედით გაუმჯობესდა.

საქსტატის მეთოდოლოგია, რომლითაც უმუშევრობა/დასაქმების მაჩვენებლების დაანგარიშება ხდება, საერთაშორისო სტანდარტს ეფუძნება. ამასთან, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი არ აჩენს ეჭვებს, რომ „საქსტატმა“ დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები მანიპულაციურად გამოაქვეყნა.

პოლიტიკოსი შეიძლება არ იზიარებდეს მეთოდოლოგიას, რომლითაც სამუშაო ძალის სტატისტიკის წარმოება ხდება, თუმცა ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ხელისუფლების წარმომადგენლები შესაძლოა, სტატისტიკურ მონაცემებს მანიპულაციურად იყენებდნენ, თუმცა რაც შეეხება საქსტატს, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ან/და გააჩენდა ეჭვს, რომ უმუშევრობასთან დაკავშირებით „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მანიპულაციურია.

„ფაქტ-მეტრი“ შეეცადა განცხადების ავტორთან გაერკვია, თუ რის საფუძველზე უწოდებს მანიპულაციურს „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. „ზოგადად ხდება რიცხვებით მანიპულირება, არ მიგულისხმია, რომ „საქსტატი“ აქვეყნებს მონაცემებს მანიპულაციურად. ქვეყანაში და ხალხში უმუშევრობის მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესება ნამდვილად არ იგრძნობა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას.

განცხადების დაზუსტების შემდეგ, „ფაქტ-მეტრი“ პაატა მანჯგალაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5621 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია