რეზიუმე: ანაკლიის პორტის მშენებლობის I ფაზისთვის დაახლოებით 600 მლნ დოლარის ინვესტირება უნდა მოხდეს. აღნიშნული ფინანსების მოძიების, ე.წ. ფინანსური დახურვის ვადა რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად, 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე, შემდეგ კი 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისამდე.
ამ ეტაპზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პორტის მშენებლობის I ფაზისთვის საჭირო თანხები მობილიზებული აქვს. თუმცა, ამ თანხის ინვესტირებისთვის მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ბანკებს შორის შეთანხმება უნდა შედგეს. იმის გამო, რომ ინვესტორი ბანკების მოთხოვნებზე საბოლოო შეთანხმება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, 17 ივნისს, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადა, კიდევ ერთხელ, 6 თვით გაუხანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური დახურვის ვადების გადავადების გამო, სამშენებლო ვადები არ დარღვეულა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კატეგორიულად უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობამ კონსორციუმს 11 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო აპატია. იმ შემთხვევაში თუ მთავრობა კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადას არ გადაუვადებდა, შესაძლოა მას პირგასამტეხლო დაკისრებოდა. შესაძლოა, სწორედ ამას გულისხმობს მინისტრი, როცა პოტენციურ პირგასამტეხლოზე საუბრობს, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარია თუ საიდან ითვლის ის აღნიშნულ 11 მილიონს. აქვე აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად, კონსორციუმისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება არ მომხდარა, შესაბამისად არც პატიება.
მინისტრის განცხადების დასაზუსტებლად, ჩვენ არაერთხელ დავუკავშირდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თუმცა, არაერთი დაპირების მიუხედავად, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ანალიზი
7 ივნისს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა:„ პირველი ვადა, კონსორციუმთან შეთანხმებული, სამუშაოების დაწყების და ფინანსური დახურვის იყო ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული. სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა ამ ვადის გადავადება. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, ამ ვადების დარღვევის გამო“.
ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიაში პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე, მოწვევა 2014 წლის 5 აგვისტოს გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის და შესაბამისად, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ვადამ, არაერთხელ გადაიწია (იხ.სტატია 1; სტატია 2). საბოლოოდ, 2016 წლის თებერვალში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა გამარჯვებულ კომპანიად. 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა. ანაკლიის პორტის მშენებლობა კი, 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.
ანაკლიის პორტის მშენებლობა და განვითარება დაგეგმილია 9 ფაზად. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან დაახლოებით 600 მლნ დოლარის ინვესტირება I ფაზაში უნდა მოხდეს. ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობის ვადებია 2017-2020 წელი.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის I ფაზისთვის ფინანსური დახურვის ვადა რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად, 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის დეკემბრამდე, შემდეგ კი 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ივნისამდე.
ფინანსური დახურვის ვადების გადავადების გამო, სამშენებლო ვადები არ დარღვეულა. კონსორციუმმა სამშენებლო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით დაიწყო. ანაკლიის პროექტში კონსორციუმს 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის მობილიზებულია 620 მილიონი აშშ დოლარი:
• 120 მლნ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის აქციონერების ჯამური ინვესტიცია;
• 100 მლნ - საპარტნიორო ფონდის სუბორდინირებული სესხი;
• 400 მლნ - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.
პორტის მშენებლობის I ფაზისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (EBRD; OPIC; ADB; AIIB) ჯამში 400 მილიონი დოლარის სესხი გამოყოფს. თუმცა ისინი მთავრობისგან რისკების დაზღვევის დამატებით გარანტიებს ითხოვენ. 2018 წლის დეკემბერში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნით, ხელისუფლებას 8 ძირითადი პუნქტი წარედგინა. ამ ეტაპზე მთავრობასა და ინვესტორ ბანკებს შორის 7 პუნქტზე შეთანხმება შედგა. მოლაპარაკებები გრძელდება ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ. მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურება ის ობიექტური გარემოებაა, რის გამოც კიდევ ერთხელ დადგა ფინანსური დახურვის ვადის გადავადების საჭიროება. 17 ივნისს, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადა, წლის ბოლომდე, 6 თვით გაუხანგრძლივა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ კატეგორიულად უარყოფს იმ ინფორმაციას, რომ ფინანსური დახურვის ვადის გადავადების პროცესში, საქართველოს მთავრობამ კონსორციუმს 11 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო აპატია. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ფინანსური დირექტორი ზურაბ ფიჩხაია ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ კონსორციუმისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება არ მომხდარა, შესაბამისად არც პატიება.
იმ შემთხვევაში თუ მთავრობა კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადას არ გადაუვადებდა, შესაძლოა მას პირგასამტეხლო დაკისრებოდა. თუმცა ფაქტია, რომ მოხდა ვადის გადავადება და ამგვარ ჯარიმებს ადგილი არ ჰქონია.
7 ივნისს ჩვენ დავუკავშირდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ვთხოვეთ მინისტრის განცხადების დაზუსტება. კერძოდ, თუ მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ფინანსური დახურვის ვადები გადაუვადა და პირგასამტეხლო არ დააკისრა, როგორ მოხდა აღნიშნული თანხის (11 მლნ დოლარი) გაანგარიშება?
ჩვენ არაერთხელ დავუკავშირდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. მოგვიანებით, ოფიციალური წერილით მივმართეთ სამინისტროს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია.