2013 წლის 18 სექტემებერს, საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ზურაბ მელიქიშვილმა, მთავრობის ეკონომიკური კურსის კრიტიკისას, შეჩერებულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა: „მიზეზი იმისა, რომ ბიუჯეტში არის დანაკლისი, ძალზედ ბევრია, შევჩერდები ერთ-ერთ მთავარ მიზეზზე, ეს არის გაჩერებული პროექტები. ჩვენ ვაჩერებთ ყველა იმ პროექტს, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მაგალითად, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ფაქტიურად დაკონსერვებული და გაჩერებულია, სადაც ჩატარებულია მასშტაბური სამუშაოები, დაახლოებით 80%“.
ფაქტ–მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ რა მიზეზებით შეჩერდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი და მართლაც ჩატარებულია თუ არა ამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 80%.
სანამ უშუალოდ რკინიგზის შესახებ ვისაუბრებდეთ, უნდა ითქვას, რომ ზურაბ მელიქიშვილის განცხადება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების შესახებ, ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება. ამ ფაქტს თავად მთავრობაც აღიარებს, თუმცა, აცხადებს, რომ პროექტების შეჩერება სხვადასხვა ტენდერების გადახედვის გამო მოხდა, რადგან ისინი ხარვეზებს შეიცავდნენ. ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, 2013 წლის ბიუჯეტის შეუსრულებლობას ამ ფაქტორითაც ხსნის: „მშპ–ს ზრდის დაგეგმილ მაჩვენებელზე არგასვლის გამო, შემოსავლების გარკვეული ნაწილი არ შესრულდა. ასევე, ინფრასტუქტურული პორტფელის ძალიან სერიოზული გადახედვა მოხდა“.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მშენებლობების შემცირებაზე საუბრობს ნოდარ ხადურიც: „ერთი სფერო, რომელშიც წელს ჩავარდნა გვაქვს, ეს არის მშენებლობა, მაგრამ შემცირებულია მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელებული მშენებლობები“.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს სს ”საქართველოს რკინიგზა” ახორციელებს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, 2010 წლის 14 ივნისს გაფორმებული #GR-003 ხელშეკრულების საფუძველზე, სს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფისა” და სს ”ხიდმშენის” ერთობლივი საწარმო ასრულებს.
სექტემბრის თვეში შემოვლით რკინიგზაზე ჩატარებული სამუშაოები საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა დაათვალიერეს. მათ განაცხადეს, რომ რკინიგზის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. აღნიშნული პროექტი თბილისისა და მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისი შეჩერება არ უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტი სააკაშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ინტერვიუებში აცხადებდა, რომ რკინიგზის პროექტის სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია და მისი დაკონსერვება ყოვლად დაუშვებელია (იხ. ბმულები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაესტრო“, „რუსთავი–2“).
პრეზიდენტს და თბილისის მერს „საქართველოს რკინიგზიდან“ და ეკონომიკის სამინისტროდან უპასუხეს. მათი განცხადებებით, რკინიგზის პროექტი გაუმართავია, შეიცავს სხვადასხვა ხარვეზებს და მისი შეჩერება შესწავლისა და პროექტის გაუმჯობესების მიზნით მოხდა.
დეტალებში გარკვევის მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ ოფიციალური წერილით მიგვემართა „საქართველოს რკინიგზისთვის“ და თბილისის მერიისთვის (მერიაში წერილი თბილისის მერის, გიგი უგულავას სახელზე გაიგზავნა). ორივე უწყებას ვთხოვდით, მოეწოდებინათ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია აღნიშნული პროექტის ავკარგიანობის შესახებ. ჩვენს მიერ ორივე უწყებაში გაგზავნილი წერილი იდენტური იყო და შემდეგი კითხვებისგან შედგებოდა:
- თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული დასრულების ვადები;
- მშენებლობაზე პროექტით გათვალისწინებული მთლიანი ხარჯი;
- ამ დროისთვის ათვისებული/დახარჯული თანხის რაოდენობა;
- ამ დროისათვის განხორციელებული სამუშაოების მოცულობა;
- პროექტის მიმდინარეობის სტადია (გაჩერებულია/დაკონსერვებულია/აღარ გაგრძელდება...);
- პროექტის დასრულებისთვის საჭირო თანხის რაოდენობა;
- პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე „საქართველოს რკინიგზამ“ გვიპასუხა, რომ მათ ეს ინფორმაცია კომპანიის ვებ–გვერდზე 16 სექტემბერს გამოაქვეყნეს და მიგვითითეს, რომ პასუხებს ვებ–გვერდის საშუალებით გავცნობოდით. თბილისის მერიამ კი, ჩვენი წერილი „საქართველოს რკინიგზას“ და ეკონომიკის სამინისტროს გადაუგზავნა და კითხვებზე პასუხის გაცემა მათ მიანდო.
2013 წლის 16 სექტემბერს, „საქართველოს რკინიგზამ“, პრეზიდენტის კრიტიკის საპასუხოდ, განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად, კონტრაქტორი ვალდებული იყო სამშენებლო სამუშოები დაესრულებინა 2013 წლის 8 ივლისამდე, რა პირობაც დარღვეულ იქნა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის წლის ბოლომდე დასრულების შესაძლებლობის შესახებ, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან პროექტის ზედამხედველ ინჟინერ-კონსულტანტთა მიერ, ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისიდან, უკვე ნავარაუდევი იყო პროექტის ჩამორჩენა 6 თვით, რომელმაც უკვე 2012 წლის ბოლოსკენ 18 თვე შეადგინა“.
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად, პროექტს წინ უნდა უსწრებდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ვინაიდან თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაწყებამდე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა არ ჩატარებულა, სს „საქართველოს რკინიგზამ“ მიიღო გადაწყვეტილება კომპანია MC Mobility Consultants GmbH-სგან შეესყიდა მსგავსი სახის კვლევა, რომელიც პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის პირველი მცდელობა იყო (MC Mobility Consultants GmbH ავსტრიული კომპანიაა, რომელიც კონსულტაციებს სწევს ექვს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტრანსპორტის კუთხით). MC Mobility Consultants GmbH-ის მიერ მომზადებული კვლევის შედეგად, შემდეგი უარყოფითი ფაქტორები გამოვლინდა:
-მცირდება რკინიგზის გამტარუნარიანობა 24%-ით;
-ჯამური დანახარჯები, როგორც საოპერაციო, ისე მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული, იზრდება 57%–ით;
- მთლიანი ხარჯი მომდევნო 11 წლის განმავლობაში 26 მლნ. დოლარიდან გაიზრდება 197 მლნ. დოლარამდე;
-ლიანდაგის მთლიანი სიგრძე იზრდება 48 კმ-მდე და ასევე ემატება შიდა დარჩენილ სადგურებამდე მისასვლელი ლიანდაგები (სადგური დიდუბე, სადგური თბილისი საკვანძო), ჯამურად 22კმ;
-სატვირთო მატარებლის დღიური სვლა იზრდება 50%-ით;
- აუცილებელი ხდება სალოკომოტივო პარკის გაზრდაც 26%-ით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ:
1. წლიური მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები შემოვლითი რკინიგზისთვის იზრდება 12.2 მლნ. დოლარამდე (+51% არსებულთან შედარებით);
2. მატარებლის საოპერაციო ხარჯი იზრდება 35 %-ით;
3. ინფრასტრუქტურის საოპერაციო ხარჯი იზრდება 31%-ით;
4. ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი იზრდება 73% -ით;
გარდა ზემოხსენებულისა, საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია MC Mobility-ს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, პროექტის დასასრულებლად აუცილებელი იქნება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება: საჭიროა სადგურ მცხეთაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელება, კერძოდ, უნდა გაიზარდოს მიმღებ-გამგზავნი ლიანდაგების რაოდენობა შესაბამისი მანევრების განსახორციელებლად (კომპანია MC Mobility Consultants GmbH-ს მიერ მომზადებული დასკვნის სრული ვერსიის ხილვა შემდეგ მისამართზეა შესაძლებელი: https://www.railway.ge/FinalReport/FinalReport.pdf).
პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით უწყება აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს კვლევები პროექტის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე საქართველოს მთავრობის მიერ მოხდება. როგორც ვხედავთ, კომპანია ცალსახად ვერ ამბობს, გაგრძელდება თუ არა თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა. ამ საკითხზე დაზუსტებულ ინფორმაციას ვერც მთავრობისგან ვისმენთ.
ზურაბ მელიქიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ პროექტის 80% შესრულებულია, „საქართველოს რკინიგზის“ მონაცემების მიხედვით, არაზუსტია. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უკვე დახარჯულია 213 მლნ. აშშ დოლარი, აქედან, დაახლოებით 40 მილიონ აშშ დოლარი პროექტის მიზნებისთვის შესყიდული სამშენებლო მასალების ღირებულებაა. პროექტის დასასრულებლად დარჩენილია დაახლოებით (მოსალოდნელი საჭირო დამატებითი ინვესტიციების გარეშე) 137 მლნ. აშშ დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულებულია პროექტის 60%.
პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ სარკინიგზო მშენებლობის სპეციალისტებსაც. ისინი თვლიან, რომ თავად პროექტის იდეა კარგია, თუმცა ხარვეზები მართლაც არსებობს და გამოსწორებას საჭიროებს. პროექტის კრიტიკას ეკოლოგიური ფაქტორებიც იწვევს, მისი სასმელი წყლის რეზერვუართან სიახლოვის გამო. სპეციალისტებს პროექტის ამ სახით შესრულება რისკის შემცველად მიაჩნიათ, რადგან ავარიის შემთხვევაში სატვირთო მატარებლებით გადაზიდული, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების რეზერვუარში ჩაღვრამ, შესაძლოა თბილისის ნაწილი სასმელი წყლის გარეშე დატოვოს.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე გარკვეული ხარვეზები არსებობს, გარდა ამისა, ახალი სარკინიგზო ინფრასტუქტურის შენახვა გაცილებით ძვირი იქნება ვიდრე არსებულის, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ რკინიგზის გადატანით, ქალაქის ცენტრში საკმაოდ დიდი ტერიტორია განთავისუფლდება, რაც პერსპექტივაში ინვესტორების დაინტერესებას და თბილისის ამ ნაწილის განვითარებას გამოიწვევს. აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა რკინიგზის გადატანით გამოწვეული ხარჯები გადაფაროს და ქალაქისთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს. სწორედ ამ არგუმენტს ასახელებს თბილისის მერი ახალი პროექტის დადებით მხარეებზე საუბრისას.
ზემოთ ნახსენებ დადებით ფაქტორებზეა საუბარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს კვლევაშიც. ორგანიზაცია, შემოვლითი რკინიგზის საწინააღმდეგო და სასარგებლო არგუმენტების განხილვისას, თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის მოსაზრებასაც აქვეყნებს. ჯოხაძის თქმით, რკინიგზის ქალაქის ცენტრიდან გადატანა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქალაქში საცობების პრობლემას.
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, „Ernst and Young“–მა „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით კვლევა ჩაატარა, რომელმაც რკინიგზის გადატანის შემდეგ განთავისუფლებული ტერიტორიის სავარაუდო მოცულობა და საპრივატიზაციო ღირებულება დაადგინა. კვლევის მიხედვით, საპრივატიზაციო ტერიტორია 74 ჰექტარს შეადგენს, ღირებულება კი 30 მლნ. დოლარს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ახალი რკინიგზის პროექტის ხარჯებს. ამ კვლევას არ ეთანხმება აკაკი ჯოხაძე. „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ საუბარში იგი აღნიშნავს, რომ რკინიგზის გადატანით, მთლიანობაში 150 ჰექტარი გამოთავისუფლდება და მისი ღირებულებაც, შესაბამისად, გაცილებით მეტია (წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველო).
დასკვნა
ზურაბ მელიქიშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ თბილისის შემოვლით რკინიგზაზე სამუშაოების არა 80, არამედ 60%–ია შესრულებული (დახარჯულია 213 მლნ. ლარი). ამ დროისთვის, რკინიგზის ეს პროექტი შეჩერებულია. ჯერ არ არის გადაწყვეტილი თუ რა ბედი ეწევა მას. მართალია, პრემიერ მინისტრმა ივანიშვილმა მას უსარგებლო უწოდა, თუმცა, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ პროექტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სამუშაოები ხარვეზების გამო შეჩერდა და მისი ბედი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, მთავრობა დაზუსტებით ვერ ამბობს, დასრულდება თუ არა მშენებლობა. შესაბამისად, ზურაბ მელიქიშვილი განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა, რადგან პროექტის მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი სიტუაციაა.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს თავისი დადებითი ფაქტორები ნამდვილად გააჩნია. მისი დასრულება გამოიწვევს ქალაქის ცენტრში საკმაოდ დიდი ფართობის გამოთავისუფლებას, რაც ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ სივრცეს შექმნის. პროექტის განხორციელება სავარაუდოდ ხელს შეუწყობს სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებას და შეამცირებს ქალაქის გარემოს დაბინძურებას. შემოვლითი რკინიგზის სამუშაოებისთვის უკვე დახარჯულია 213 მლნ. ლარი, პროექტის შეწყვეტა კი ამ თანხის წყალში გადაყრის ტოლფასია.
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან ირკვევა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი მთელ რიგ ხარვეზებსაც შეიცავს. „საქართველოს რკინიგზა“ და მთავრობა აცხადებენ, რომ პროექტის შეჩერება სწორედ ხარვეზების გამოსწორების მიზნით მოხდა.
ჩვენი კვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეპუტატი თითქმის სწორად (თუ არ ჩავთვლით შეცდომას პროცენტების დასახელებისას) ასახელებს ფაქტებს. მის ნათქვამში სიმართლეა ისიც, რომ ამგვარი ინფრასტუქტურული პროექტების გაჩერება საქართველოს ეკონომიკისთვის არასახარბიელოა. თუმცა, უშუალოდ შემოვლითი რკინიგზის შესახებ საუბრისას, დეპუტატი პროექტის ხარვეზებზე არ საუბრობს. მსგავსი პათოსი არასწორია, რადგან თუ პროექტს ხარვეზები აქვს, ბუნებრივია, არა მათი უგულვებელყოფა, არამედ მათი გამოსწორება უნდა მოხდეს მშენებლობის პროცესში. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ მელიქიშვილის განცხადება: „თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ფაქტიურად დაკონსერვებული და გაჩერებულია, სადაც ჩატარებულია მასშტაბური სამუშაოები, დაახლოებით 80%“, არის ნახევრად სიმართლე.