პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სალომე სამადაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის ფრაქციის სხდომაზე გამოცხადების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა:
„მე მინდა შევახსენო კოლეგებს, რომლებიც ამბობენ, რომ შს მინისტრის გადასაწყვეტია მოვა თუ არა ის პარლამენტში, შეგახსენებთ, რეგლამენტის თანახმად, მინისტრი ვალდებულია გამოცხადდეს ფრაქციასთან შეხვედრაზე“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის ცალკეულ წევრებს და ისინი ვალდებული არიან, უპასუხონ შეკითხვას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წევრი ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომებს და პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს: „საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ“.
სალომე სამადაშვილი ამ მოწვევის პარლამენტში არის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თავმჯდომარის მოადგილე,შესაბამისად, მას აქვს უფლებამოსილება ფრაქციის სახელით, ფრაქციის სხდომაზე მიიწვიოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც, თავის მხრივ, კანონი ავალდებულებს დაესწროს ფრაქციის სხდომას და უპასუხოს იქ დასმულ შეკითხვებს.
სალომე სამადაშვილი არ არის ერთადერთი პარლამენტარი, რომელიც მინისტრების პარლამენტში არ მისვლის საკითხზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ 2012-2017 წლებში ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც მთავრობიდან პარლამენტის პლენარულ სხდომას ერთხელ დაესწრო იყო სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, როდესაც მიმდინარეობდა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და თანმდევი კანონპროექტების დამტკიცება. სხვა შემთხვევაში მინისტრები სესიაზე მხოლოდ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ან/და ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების დროს მიდიოდნენ. რაც შეეხება პარლამენტის ფრაქციის სხდომებს, ამ საკითხზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, 2016-2017 წლებში (2017 წლის პირველი ორი თვის მონაცემები) ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ჯამში 10 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრები შემდეგი სამთავრობო უწყებების მინისტრების მოადგილეებთან შედგა – განათლების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო. გარდა ამისა, 2016-2017 (2017 წლის პირველი ორი თვის მონაცემები) ამ წლებში ფრაქციამ შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან. ასევე, მთავარი პროკურორის მოადგილესთან.
2016-2017წლებში (2017 წლის პირველი ორი თვის მონაცემები) საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციებმა „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის“ პარლამენტში მინისტრების მოწვევის 4 მოთხოვნა დააყენეს. 2016 წლის 28 დეკემბერს, მათი მოთხოვნით, უმცირესობების ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე (ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით) პარლამენტში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები დაიბარეს. თუმცა, როგორც წერილშია განმარტებული, გადატვირთული გრაფიკის გამო სხდომას დაბარებული მინისტრებიდან არცერთი არ დასწრებია. საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით 2017 წლის იანვარში “გაზპრომთან” მოლაპარაკებების შესახებ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც დაიბარეს. მინისტრი პარლამენტში არ მისულა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც გადატვირთული გრაფიკი იყო. 2017 წლის იანვარ-თებერვალში ფრაქციამ პარლამენტში კიდევ ორი მინისტრის – განათლებისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრების მოწვევის საკითხი დააყენა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, მივიდნენ თუ არა მინისტრები პარლამენტში, მიღებულ პასუხში მითითებული არ არის.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2013-2016 წლებში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ საქართველოს მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარების 30 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 25 შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადეს. სამ შემთხვევაში, მიწვეული მინისტრი დეპუტატებთან შეხვედრას დათანხმდა. საპარლამენტო ოპოზიციასა და მინისტრებს შორის (საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, შსს მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე) შეხვედრები 2013 წლის თებერვალ-მარტში შედგა. ერთ შემთხვევაში, მოწვეული სამი მინისტრიდან (კახი კალაძე, დავით სერგეენკო, შალვა ფიფია) პარლამენტში მხოლოდ ერთი მათგანი – შალვა ფიფია გამოცხადდა.
დასკვნასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც პარლამენტმა თანხმობა მისცა, მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.
პარლამენტში სალომე სამადაშვილი არის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და თავმჯდომარის მოადგილე,შესაბამისად, მას აქვს უფლებამოსილება ფრაქციის სახელით, ფრაქციის სხდომაზე მიიწვიოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც, თავის მხრივ, რეგლამენტი ავალდებულებს დაესწროს სხდომას და უპასუხოს იქ გაჟღერებულ შეკითხვებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის სიმართლე.