მიმდინარე წლის იანვარში "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობამ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტში დაიბარა. თუმცა, მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში მისვლა საჭიროდ არ მიიჩნია და განმარტა, რომ მან გაზპრომთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები გასცა და შესაბამისად, თემაც დახურულია. მინისტრის ამ განცხადებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი გამოეხმაურა: „ჩვენ არაერთხელ დავიბარეთ მინისტრები და ბოლო წლების განმავლობაში ისინი თავს არიდებენ უმცირესობის სხდომაზე მოსვლას. ფაქტობრივად, ან არ აქვთ სასაუბრო, ან უბრალოდ გაურბიან ფრაქციაზე მოსვლას“. მისივე განმარტებით, მინისტრებისგან მსგავსი მიდგომა ფაქტობრივად ტენდენციად იქცა.

ფაქტ-მეტრმა სერგო რატიანის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ინფორმაციისთვის ჩვენ საქართველოს პარლამენტს მივმართეთდა 2010-2017 წლებში პარლამენტის დეპუტატის, პარტიის ან ფრაქციის სახელით მთავრობის წევრების პარლამენტში მისვლის მოთხოვნის დაყენების და აღნიშნული მოთხოვნების საფუძველზე მთავრობის წევრების პარლამენტში მისვლის სტატისტიკა გამოვითხოვეთ. პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციისთანახმად, 2016-2017 წლებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ჯამში 10 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრები შემდეგი სამთავრობო უწყებების მინისტრების მოადგილეებთან შედგა - განათლების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო. გარდა ამისა, 2016-2017 წლებში ფრაქციამ შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან. ასევე, მთავარი პროკურორის მოადგილესთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პარლამენტიდან 2010-2017 წლების ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მიღებულ პასუხში ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის წევრების შეხვედრების მხოლოდ 2016-2017 წლების მონაცემები მივიღეთ. წერილში ასევე არ არის დაკონკრეტებული, იყო თუ არა ფრაქციის მხრიდან სხვა შეხვედრების ორგანიზების მცდელობა და რა რეაგირება მოჰყვა მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან აღნიშნულს.

პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციით, 2016-2017 წლებში საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციებმა „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ პარლამენტში მინისტრების მოწვევის 4 მოთხოვნა დააყენეს. 2016 წლის 28 დეკემბერს, მათი მოთხოვნით, უმცირესობების ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე (ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით) პარლამენტში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები დაიბარეს. თუმცა, როგორც წერილშია განმარტებული, გადატვირთული გრაფიკის გამო სხდომას დაბარებული მინისტრებიდან არცერთი არ დასწრებია.

საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით 2017 წლის იანვარში "გაზპრომთან" მოლაპარაკებების შესახებ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც დაიბარეს. მინისტრი პარლამენტში არ მისულა. მიზეზი ამჯერადაც გადატვირთული გრაფიკი აღმოჩნდა.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ფრაქციამ პარლამენტში კიდევ ორი მინისტრის - განათლებისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრების მოწვევის საკითხი დააყენა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, მივიდნენ თუ არა მინისტრები პარლამენტში, მიღებულ პასუხში მითითებული არ არის.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2013-2016 წლებში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მიერ საქართველოს მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარების 30 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 25 შემთხვევაში, მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადეს. 3 შემთხვევაში, მიწვეული მინისტრი დეპუტატებთან შეხვედრას დათანხმდა. საპარლამენტო ოპოზიციასა და მინისტრებს შორის (საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე, შსს მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე) შეხვედრები 2013 წლის თებერვალ-მარტში შედგა.

ერთ შემთხვევაში მოწვეული სამი მინისტრიდან (კახი კალაძე, დავით სერგეენკო, შალვა ფიფია) პარლამენტში მხოლოდ ერთი მათგანი - შალვა ფიფია გამოცხადდა. ერთ შემთხვევაში კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პარლამენტში მოწვევის მოთხოვნა თავად ფრაქციის მიერ გაუქმდა.

პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2016-2017 წლებში ფრაქციების - „საქართველოს პატრიოტების“ და „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ მიერ საქართველოს მთავრობის წევრების პარლამენტში მოწვევის მოთხოვნის შესახებ ინიციატივა არ გაჟღერებულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წერილი სხვა პარტიების, ფრაქციისა და თუ დეპუტატის მიერ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენლების მოწვევის შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს.

დასკვნა

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ პარლამენტში მინისტრების დაბარების შესახებ 2010-2017 წლების სტატისტიკა გამოვითხოვეთ, თუმცა პარლამენტიდან მიღებული ინფორმაცია მხოლოდ 2013-2017 წლების მონაცემებს შეიცავს. შესაბამისად, მანამდე არსებული ვითარების შესახებ ფაქტ-მეტრს ინფორმაცია არ აქვს.

საქართველოს პარლამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2013-2017 წლებში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარების 33 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 27 შემთხვევაში მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადეს, ხოლო ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილების შესახებ პარლამენტიდან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე, დეპუტატებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სამი შეხვედრა 2013 წლის თებერვალ-მარტში გაიმართა. 2016-2017 წლებში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს შორის 10 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ფრაქციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება არის სიმართლე.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი