განაცხადა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლებში 2012 წლის შემდეგ უფრო გახშირდა ადამიანების გატაცებები და ისინი [ადგილობრივი მაცხოვრებლები] უფრო მეტად დაუცველები არიან“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) დავუკავშირდით.
უწყების ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობისა და ახალგორის რაონის [ე.წ. წინაგარის ზონის ოსური სოფლების გარდა] სოფლებს (103 სოფელი) აკონტროლებდა. ომის შემდეგ კი, ყველა ეს სოფელი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.აგვისტოს ომის დასრულებიდან დაახლოებით 3 წლის შემდეგ საქართველო კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დადგა - 2011 წლის გაზაფხულზე ე.წ. „ბორდერიზაციის“ (მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მონტაჟი) პროცესი დაიწყო. საბოლოოდ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. საზღვარი არაერთხელ შეიცვალა და დღეის მდგომარეობით, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რაიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჯამურად 52 კმ სიგრძის მავთულხლართი და ღობეა გავლებული.
2008 წლის ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივების დაკავება დაიწყეს. ეს პროცესი დღემდე სისტემატურად გრძელდება. დაკავების შემდეგ „ბრალდებულები“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე წინასწარი დაკავების იზოლატორში ხვდებიან და იქამდე რჩებიან, ვიდრე დაკავებულის ოჯახი ჯარიმის სახით 2 000-დან 4 000-მდე რუბლს არ გადაიხდის (იხ. გაზეთ ფაქტ-მეტრის სტატიაამ თემაზე). ბადრი ბასიშვილი სწორედ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან ადამიანების გატაცებაზე საუბრობდა.
სუს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2008წლიდან 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ოკუპირებული სამაჩაბლოს რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მთლიანობაში 951 ადამიანია დაკავებული.
გრაფიკი 1:
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებულთა რაოდენობა წლების მიხედვით
რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს ცხინვალის რაიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სუს-ში აღნიშნავენ, რომ „სახელმწიფო სტრუქტურები ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცულობის უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებენ - მოქმედებს IPRM-ის ფორმატის შეხვედრები. გარდა ამისა, ფუნქციონირებს „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, 24 საათის განმავლობაში, რაც მხარეებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლასა და ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით არსებული ინციდენტების უმოკლეს ვადაში დარეგულირებას უწყობს ხელს“.
ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) ჟენევის დისკუსიის ფარგლებში არსებული ნეიტრალური სტატუსის მქონე ფორმატია, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა. შეხვედრებში, ქართულ-ოსურ-რუსულ მხარეებთან ერთად, კონფლიქტის განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფის, მოსახლეობის დაცულობის ხელშეწყობისა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაცმონაწილეობს.
საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესაფასებლად ფაქტ-მეტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დაუკავშირდა. მისიამ აქცენტები იმ ძირეულ პრობლემებზე გააკეთა, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში დღემდე აქტუალურია: „ბორდერიზაციის“ პროცესი, ადგილობრივ მცხოვრებთა რეგულარული დაკავებები, ადამიანებისა და ტრანსპორტის გადაადგილებისას გზებზე არსებული წინაღობები და ა.შ. მისიის შეფასებით, ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა „მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის დამატებით გამოწვევებს ქმნის“.
მისიაში ასევე აღნიშნეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული სიტუაცია ამჟამად შედარებით მშვიდი და სტაბილურია, „ინციდენტები კვლავ რეგულარულად ხდება, თუმცა, საბედნიეროდ, არცერთ ამ ინციდენტს სეროზული ესკალაცია არ გამოუწვევია“.
დასკვნა
როგორც ფაქტ-მეტრმა დაადგინა, განცხადება იმის შესახებ, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლებში ადამიანების გატაცება 2012 წლის შემდეგ უფრო გახშირდა“, დასტურდება. კერძოდ, სუს-ის მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ჩანს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე 2012 წლის ჩათვლით (სამი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში) 398, 2012 წლის შემდეგ კი (სამ წელსა და ათ თვეში), 563 ადამიანია დაკავებული. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობის შეფასებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრისპირა სოფლებში არსებული ვითარება ამჟამად შედარებით მშვიდი და სტაბილურია, თუმცა დაბრკოლებები ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისთვის და „საზღვრის დარღვევისთვის“ დაკავებების პრაქტიკა ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბადრი ბასიშვილის განცხადება არის სიმართლე.