წარმოგიდგენთ გორის #42 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატთა ინტერვიუებს. ესენი არიან: თემურ ხუბულური ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"), ბადრი ბასიშვილი ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), მედია აბაშიძე ("პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის"), გიორგი მჭედლიძე ("პატრიოტთა ალიანსი"), სოსო ვახტანგაშვილი ("ეროვნული ფორუმი"), ჯაბა იმერლიშვილი - საინიციატივო ჯგუფი (თეო ტლაშაძე, თამაზ ბეგიაშვილი, მერაბ მახარაშვილი, გიორგი დედაბრიშვილი, თემურ აფხაზაშვილი).

ინტერვიუები მომზადდა წინასწარ მომზადებული კითხვარის მიხედვით, რომელიც ყველა კანდიდატისთვის ძირითადად ერთნაირი იყო. მიღებული პასუხები იმგვარადაა დაჯგუფებული, რომ მკითხველს კანდიდატთა პოზიციების ერთმანეთთან შედარება გაუადვილდეს.

კითხვა 1: რატომ იყრით კენჭს ამ კონკრეტულ ოლქში?

ბადრი ბასიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

ქართლელი ვარ, ეს რაიონი ჩემთვის უცხო არ არის, ჩემთვის ძალიან ნაცნობია ეს მხარე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სიკეთის გაკეთება შემიძლია გორის რაიონის მოსახლეობისთვის. მე თვითონ სოფლიდან ვარ და მზად ვარ, ვიყო ამ ხალხის ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში.

გიორგი მჭედლიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

კონკრეტულად ამ ოლქში იმიტომ, რომ ამ ოლქის ერთ-ერთ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ზედმიწევნით ვიცი ყველა ის პრობლემა, რაც აქ მდებარე სოფლებს გააჩნიათ.

თემურ ხუბულური („ქართული ოცნება”)

გორის რაიონის მაჟორიტარობაზე კენჭისყრა თავიდან ჩემი სურვილით არ მომხდარა, პარტიამ წარმადგინა.

მედეა აბაშიძე („პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“)

როდესაც დადგა საკითხი, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა ვყოფილიყავი, მე ავირჩიე ეს რაიონი იმიტომ, რომ ძალიან აქტიურად ვარ ჩართული სოფლის მეურნეობის საკითხებში, ძალიან მაინტერესებს ეს თემა და როგორც ბიზნესვუმენი ვაპირებ გავფართოვდე ამ მიმართულებით, მაქვს საკმაო რაოდენობის მიწები. ვიცი, რა პროგრამები შეიძლება მოვიძიოთ, რა სახის ინვესტიცია შეიძლება ჩაიდოს გორის რაიონში. ეს იყო დიდი ინტერესი ჩემი და ამავე დროს ძალიან დიდი პატივისცემა სოფლის მოსახლეობის მიმართ. სწორედ ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზანი. ჩემი მამამთილი, ავთანდილ ჩხეიძე, 41 წელიწადი იყო გორის რაიონის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი და ის მაღალი მაჩვენებელი რაც დღეს არის სოფლის ბავშვების განათლებისა, მერწმუნეთ, რომ მისი მუშაობის შედეგია. თითოეული სასკოლო შენობა არის მისი აშენებული. სწორედ მის ნაკვალევზე გავლა მაძლევს უფლებას იმისა, რომ შეცდომები არ დავუშვა, ვიყო ისეთივე პატიოსანი, ისეთივე კეთილგანწყობილი და ისეთივე დიდი მამულიშვილი, როგორიც ის იყო თავისი ქვეყნისთვის.

სოსო ვახტანგაშვილი („ეროვნული ფორუმი”)

მინდა ჩემი გამოცდილება მოვახმარო კონკრეტული ოლქის ამომრჩევლებს.

ჯაბა იმერლიშვილი (საინიციატივო ჯგუფი)

მე გორის რაიონის საკრებულოში უკვე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი და უკეთ ვიცი ჩემი რაიონის პრობლემები. შესაბამისად, გადავწყვიტე, ყველა ეს საკითხი პარლამენტის დონეზე გადავწყვიტო.

კითხვა 2: ჩამოთვალეთ 3-5 (ან მეტი) მთავარი პრობლემა, რომელიც თქვენი ოლქის ამომრჩევლებს (და არა ზოგადად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას) განსაკუთრებით აწუხებს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?

ბადრი ბასიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

როგორც მოგეხსენებათ, გორის რაიონში ბევრი ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფელია. აქედან გამომდინარე, მათი მთავარი პრობლემა არის დაუცველობა. 2012 წლის შემდეგ უფრო გახშირდა ადამიანების გატაცებები, გრძელდება მცოცავი ოკუპაციაც და ადამიანები მეტად დაუცველები არიან. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცავები უფრო მეტ პატრულირებას აკეთებდნენ ამ სოფლებში და მოსახლეობაც უფრო მშვიდად იყო.

მეორე მთავარი პრობლემაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სპეციალური პროექტები, რომ ამ ადამიანებმა ისარგებლონ არა მთის კანონით, რომელიც ყველაზე არც მოქმედებს, არამედ უნდა მივიღოთ სხვა კანონი, რომელიც უშუალოდ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე იქნება გათვლილი. მაგალითად, მთა არც ერგნეთშია და არც ნიქოზში, თუმცა ორივე საზღვრისპირა სოფელია და მათთვის განსხვავებული კანონია მისაღები. მე მზად ვარ, პარლამენტში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავო.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ბიზნესი - დღეს მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა ქმნიდეს დოვლათს, უნდა შენდებოდეს საწარმოები, რათა რეგიონი ეკონომიკურად მოძლიერდეს და მათ შორის, ეს საზღვრისპირა სოფლები განსაკუთრებით, რადგან აქ მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს და ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ მათ სჭირდება.

პრობლემაა ასევე ის, რომ დღემდე არ არის გორის რაიონის სოფლების გაზიფიცირება დამთავრებული, ზოგან გამრიცხველიენებაც კი. მაგალითად მეღვრეკისში გაზის მილი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს გავიყვანეთ, დღემდე მოსახლეობას გაზი არ აქვს, ასევე სოფელი არაშენდა, ზერტი, კვარხეთი. ამ სოფლებზე იძახდნენ, რომ 2014 წელს უნდა დასრულებულიყო გაზიფიცირება, მაგრამ აი, 2016 წელია და ამ სოფლებს გაზი მაინც არ აქვთ.

პრობლემაა ასევე სარწყავი და სასმელი წყალი, ბევრ სოფელში ეს კიდევ მოუგვარებელია, ზოგან არ არის საბავშვო ბაღი, მაგალითად, მეღვერკისში, რომელიც ძალიან დიდი სოფელია, საბავშვო ბაღი არ აქვთ და ბავშვები ტყვიავში დაჰყავთ... ჩემი აზრით, პრობლემები ბევრია და ხალხს მაქსიმალურად უნდა გავუადვილოთ ცხოვრება.

გიორგი მჭედლიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

სოფლის მეურნეობა ჩვენს რაიონში არის გაუთვლელი, ნულიდან ვიწყებ სოფლის მეურნეობის პროგრამის გათვლას, დარეგიონებას. არათუ გლეხებს მოჰყავთ მოსავალი თავის ნებაყოფლობით, არამედ ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას რა უნდა მოიყვანონ. ამ შემთხვევაში გლეხს ექნება შემოსავალი. მეორე მთავარი პრობლემა - უმუშევრობის პრობლემა - განსაკუთრებით აწუხებს ამ ოლქის მოსახლეობას. მესამე პრობლემა არის აგრარულ სექტორში სპეციალისტების არყოლა და განათლების დაბალი დონე. გორის რაიონს რამდენიმე ასეული აგრონომი ესაჭიროება. ამის გარეშე რა პროექტიც უნდა დავიწყოთ, ჩვენი ბიუჯეტით და ევროპის დაფინანსებით შედეგი არ დადგება. თუ ეს სამივე კომპონენტი გვექნება 5 წელიწადში აყვავდება გორის რაიონი. მთავარია, რომ შევაცვლევინოთ კანონპროექტები, მოვიწვიოთ სპეციალისტები და შევისწავლოთ ჩვენი რაიონი და იმის მიხედვით, რისი მწარმოებლები შეიძლება ვიყოთ და რასაც ვაწარმოებთ რამდენად მისაღები იქნება ევროპული ბაზრისათვის ამ კულტურების მოყვანა დავიწყოთ და ხარისხი გავზარდოთ. ერთია მოიყვანო მოსავალი და მეორე არის ის სტანდარტი, რაც მათ ესაჭიროებათ.

თემურ ხუბულური („ქართული ოცნება“)

ვინაიდან გორის რაიონში წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, მოსახლეობა მთავარ საკითხად სარწყავი წყლის პრობლემას ასახელებს. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაზიფიცირება, სასმელი წყალი და შიდა გზების პრობლემა.

მედეა აბაშიძე („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“)

გორის რაიონის უპირველესი და უმთავრესი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვართ საზღვრისპირა რაიონი. ჩვენი მოსახლეობა ვერ გრძნობს იმას, რომ ხელისუფლება მათ დაიცავს. ყოველი დღე მათთვის არის მუდმივი ფიქრი და შიში იმის შესახებ, რომ არ მოადგეთ რუსის ჯარი, არ გადმოწიონ. გარდა ამისა, აბსოლუტურად უწყლოდ და უსახსროდ არის დარჩენილი ჩვენი სოფლები. არსებობდა აქამდე ტირიფონის სარწყავი არხი, რომელიც ახლა მოყოლილია ოსების ტერიტორიაზე. ფაქტიურად მთელი ეს რეგიონი და კულტურა მიწათმოქმედებისა, რომლითაც გორის რაიონი იყო ყოველთვის გამორჩეული, არის უწყლოდ და სახნავ-სათესების გარეშე. ყველა სოფელში არის სარწყავი წყლის პრობლემა და ეს მოსახლოების უმთავრესი მოთხოვნაა. ამის შემდეგ მოდის ის, რომ რუსეთთან რამენაირად დალაგდეს ურთიერთობა, ეს აისახება მათ ყოველდღიურობაზე. მე ვგულისხმობ სიმშვიდის მხრივ, მეორე და უმთავრესი იქნება ის, რომ მათ შეეძლებათ პროდუქციის გატანა/გამოტანა.

მაჟორიტარის გადმოსახედიდან, მე ვფიქრობ, რომ საზღვრისპირა რეგიონებში სულ მცირე ერთი საწარმო უნდა აშენდეს, რომელიც იქნება პირდაპირ სოფლის მეურნეობაზე მიმაგრებული, რომ ამ საწარმოს მეშვეობით დასაქმდეს იქ ხალხი. მე, პირადად, ძალიან აქტიურად ვმუშაობ ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან და ვაწარმოებთ კიდეც მოლაპარაკებას შაქრის ქარხნის აშენების თაობაზე. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჭარხლის მოყვანით დაკავდნენ ადამიანები.

მე ვაპირებ პარლამენტში წარვადგინო კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს და წაახალისებს სოფლის მოსახლეობას. უნდა შეიქმნას განსხვავებული მომსახურეობის სოციალური პაკეტი ამ ხალხისთვის. სოფელი უნდა გახდეს საინტერესო, მათ უნდა ჰქონდეთ გაცილებით მეტი დახმარება.

სოსო ვახტანგაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

1) მიგრაციის პრობლემატიკა; 2) უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 3)ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება.

ჯაბა იმერლიშვილი (საინიციატივო ჯგუფი)

პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაა მთავარი. აუცილებელია, გაკეთდეს სუბსიდირება ვაშლზე. თუ ვაძლევთ სუბსიდიას ყურძენსა და ციტრუსზე, რატომ არ უნდა მივცეთ ვაშლზეც?! სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და მისცეს სუბსიდირება.

კითხვა 3: რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის? რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი.

ბადრი ბასიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

გორის რაიონში უამრავ ადამიანს მოუხსნეს სოციალური დახმარება. ვფიქრობ, ამ ადამიანებს უსამართლოდ მოქცნენ და ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანებს დავუბრუნო სოციალური დახმარება. ამიტომ, ჩემს დაპირებებში ეს პუნქტი წერია. ასევე, დაპირებაა ის, რომ პენსია გაიზრდება 50 ლარით, ეს არის მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი ოლქის მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია.

დაცულობა, რომელზეც უკვე ვისაუბრე - მე მათ ვაძლევ პირობას, რომ იქნებიან იმაზე მეტად დაცულები, ვიდრე დღეს არიან და რა თქმა უნდა, ეს მოხდება კანონის ფარგლებში.

სამუშაო ადგილების შექმნა - ჩვენ დროს ეს პრობლემა ნაკლებად იდგა. მაგალითად, სოფელ ნიქოზში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებობდა ე.წ. წვეთოვანი სისტემის მეურნეობები, სადაც ბოსტნეული მოგვყავდა და მოსახლეობა აქ საქმდებოდა. უამრავი ფული დაიხარჯა ამ პროექტების წამოსაწყებად, მაგრამ რადგანაც ჩვენს სახელს უკავშირდებოდა, ყველა ეს პროექტი გაჩერებულია. იყო ასევე სასათბურე მეურნეობა გორის შემოსასვლელში, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში მთელი ორი წელი გაჩერებული იყო და წელს დაიწყეს მისი ამუშავება.

და ყველაზე მთავარი დაპირება - გორის რაიონი მეხილეობით ცხოვრობს და ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ მეტი კონტროლი უნდა განახორციელოს ამ შხამქიმიკატების გაცემასთან დაკავშირებით, ვინაიდან უამრავი ქვეყნიდან შემოდის ეს შხამქიმიკატები, არის უხარისხო და მოსავალზეც უარყოფითად აისახება. ამიტომ, მე ვიქნები გარანტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად გაკონტროლდეს ამ შხამქიმიკატების შემოტანა.

გიორგი მჭედლიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

კონკრეტულად, დაპირება მაქვს ასეთი: ნიქოზში არსებობს მეურნეობა, ასეთივე იქნება მთელს რაიონში. ყველა სოფელში შეიძლება იყოს ისეთივე ბაღები, როგორიც არის ნიქოზში, ახალი ტექნოლოგიებით დამუშავებული, ახალი ჯიშები მოყვანილი.

თემურ ხუბულური („ქართული ოცნება“)

რომ გითხრათ, რომ არაფერი გაკეთებულა, ასე არ არის. სარწყავი წყალი მთლიანად მოშლილი იყო, ბევრ სოფელში არ იყო სასმელი წყალი, გაზიფიცირება საერთოდ არ იყო და ეს პრობლემები თითქმის აღმოფხვრილია, მაგრამ არის ხარვეზები, ზოგან ის სარწყავი წყალი არ ჰყოფნით, ზოგან გაზი სახლებში არ აქვთ შეყვანილი... ზოგჯერ სხვადასხვა სამუშაოს ბოლომდე მიყვანა ძალიან იწელება და ეს მოსაგვარებელია.

მოკლედ, ჩემი ვალია, ხელისუფლებასთან ვითანამშრომლო რათა დასრულდეს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და მოგვარდეს ნებისმიერი საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს. აშენდეს ისეთი დაწესებულებები, სადაც ახალგაზრდობა დაკავდება და სოფლიდან ქალაქისკენ წასვლა აღარ მოუნდება. აუციებლად უნდა აშენდეს სპორტული დარბაზები, განვითარდეს სპორტი და სოფელი უფრო მრავალფეროვანი გახდეს.

სახელმწიფო მოსახლეობას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, არის სხვადასხვა პროექტი, მაგალითად იაფფასიანი კრედიტი - „დანერგე მომავალი“, სადაც 70% სახელმწიფოსგან ფინანსდება და ვისაც შრომა უნდა, მასზე ეს ხელშეწყობაც აისახება.

ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორედ საქმით გამოჩნდება, რამდენად ეფექტურები არიან ისინი. მაჟორიტარი კი ვალდებულია, ამ პროცესები დაჩქარება მოახდინოს, სწრაფად გაკეთდეს რეაგირება თუ რომელიმე პროექტი გაჭიანურდა. ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს, სწორედ ჩვენი შუამდგომლობით უნდა მივიდეს აღმასრულებელ ხელისუფლებამდე.

მედეა აბაშიძე ("პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის")

როგორც ასეთი, სიტყვა დაპირებას მე არ ვიყენებ, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელიც არის დაპირებებით გადაღლილი. მათ არ სჯერათ აღარავისი. მათ შორის, შიგადაშიგ არც ჩვენი პარტიის. მართალია, ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი გვხვდება, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მოდიან, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ დაჯერება. ამიტომ, მე დაპირებას არ ვაძლევ. მე მაძლევს ჩვენი პარტიის ეკონომიკური პროგრამა იმის საშუალებას, რომ მე მათ შევთავაზო, რომ ეს ყველაფერი კარგად გაიაზრონ რას ვთავაზობთ ჩვენ მათ. სულ ვეუბნები, რომ სხვასაც შეხვდით, მოუსმინეთ და იქიდან გამომდინარე გააკეთეთ არჩევანი, რომელი პოლიტიკური პროგრამა თქვენთვის მისაღებია. მე თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა არის საუკეთესო და ამას ოპონენტებიც აღიარებენ, ეს სწორედ დაქცეული ქვეყნის რეალობაზე მორგებული, რამაც უნდა ამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე სოციალური ფონიდან. ჩემი ძირითადი მესიჯები მოსახლეობისადმი გახლავთ ეს.

კონკრეტულად რას სთავაზობთ?

მედეა აბაშიძე: კონკრეტულად ეკონომიკის პროგრამა ყველასთვის არის. ჩვენ ვთავაზობთ 250 ლარიან პენსიას და რატომ 250 ლარიანს? იმიტომ, რომ ამ თანხის გადახდა პენსიონერებისთვის დღესაც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ქვეყანა რომ განვითარდება, მერე პენსიაც გაიზრდება.

ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ჩვენს რაიონში არის სოციალურად დაუცველები. ადამიანებს აძლევენ სოციალურად დაუცველის სტატუსს არჩევნებამდე რომ ისინი თავის მომხრეებად მოაზრონ, ჩაივლის თუ არა არჩევნები ადამიანებს აცლიან ამ დახმარებას და ისინი ვერც ერკვევიან რატომ. გარდა ამისა, ეს სოციალური პაკეტი ითვალისწინებს რომ ადამიანი, ვინც ამ დახმარებას იღებს, არ უნდა იყოს დასაქმებული. ჩვენი პოლიტიკური გუნდი სთავაზობს ასეთ რამეს, ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ, ის დაენიშნებათ სრული ოთხი წლის გარანტიით. ამ ოთხი წლის მანძილზე ისინი შესაძლოა დასაქმდნენ, გაუჩნდეთ შემოსავალი და ამით მათ ეძლევათ საშუალება რომ ამ ოთხი წლის შემდეგ ღარიბები აღარ იყვნენ.

სოსო ვახტანგაშვილი („ქართული ფორუმი“)

ჩემი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა, გამოცხადდეს საარჩევნო ოლქის უმეტესი ტერიტორია განსაკუთრებული მზრუნველობის დროებით ზონად.

ჯაბა იმერლიშვილი (საინიციატივო ჯგუფი)

რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ ჩემი მოსახლეობისთვის. მაქსიმალურად ვეცდები, რომ მოკლე პერიოდში შევასრულო ეს დაპირებები. კონკრეტულად გეტყვით, ახლა დაიწყება მეორეხარისხოვანი ვაშლის მიღება - გასულ წელს გააკეთეს ისე, რომ სუბსიდია, რომელიც სახელმწიფომ მისცა გლეხს, რეალურად მათ ჯიბეში არაფერი ჩასულა, რადგან ქარხნებმა უარი თქვეს. ჩემი დაპირებაა, რომ სუბსიდიად დაწესდება ვთქვათ 15 თეთრი და ამას გაუკეთდება მკაცრი კონტროლი, რათა ქარხნის მეპატრონემ მინიმალური თანხა მაინც გადაიხადოს, ვთქვათ 10 თეთრი. ეს უკვე 25 თეთრი გამოდის, ამ ფასად კი უღირს გლეხს, რომ აკრიფოს ვაშლი და ჩააბაროს ქარხნებში.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საზღვრისპირა სოფლებში არსებული მდგომარება, არის ხალხის გატაცება, ხალხი საძოვარზე ვერ გადის, საფლავზე ვერ გადის, ამ საკითხებს კი მოლაპარაკების გარეშე ვერ გადავწყვეტთ.

კითხვა 4: გვითხარით ის რეალური გზები, თუ როგორ აპირებთ დაპირებების შესრულებას მაშინ, როდესაც ამ ტიპის საქმიანობა ძირითადად ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენციაა?

ბადრი ბასიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

მართალია, დეპუტატების საქმე იქნება კანონებზე მუშაობა, მაგრამ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მოსახლეობის პრობლემები მათთან მივიტანოთ. ჩემი დანაპირების შესრულებას მარტივად შევძლებ იმდენად, რამდენადაც ჩემი გუნდი გამარჯვებას აპირებს და ვფიქრობ, ჩვენ პარლამენტში უმრავლესობით შევალთ. ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოვიპოვებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და შესაბამისად, ჩემთვისაც ბევრად მარტივი იქნება მათთან კომუნიკაცია და ხალხის გასაჭირსაც უკეთ მივაწვდი მათ. თვითმმართველობის არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, მე ჩვეულებრივად მექნება მოქმედ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და ასე შუამდგომლობით ვეცდები მათ საკუთარი მოვალეობა მოიხადონ და არსებული პრობლემები მაქსიმალურად მოგვარდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირია საჭირო, რათა მაჟორიტარმა შეძლოს და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით შეასრულოს ის დაპირებები, რასაც მოსახლეობას მისცემს.

გიორგი მჭედლიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

ერთია მათი ძალაუფლება და მეორეა ვინ ითხოვს ამას. დაწყებული პარლამენტიდან, დამთავრებული მუნიციპალიტეტებით, ყველგან ავატალახებთ კარებს. იქამდე, სანამ არ მივაღწევთ დასახულ მიზანს. „ქართლული ჯიქობით“ ამას შევასრულებ.

თემურ ხუბულური („ქართული ოცნება“)

ის პრობლემები, რაც ჩამოვთვალე, შესაძლოა უშუალოდ მე ვერ მოვაგვარო. მთავარია, მე ეს საკითხები მივიტანო იმ ადამიანების ყურამდე, ვისაც მათი გაკეთება ევალებათ. მე არ მაქვს ბერკეტები, რომ მოვაგვარო მსგავსი ტიპის საკითხები, მე ვარ შუამავალი ხალხსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის.

ჩემი პარლამენტში საქმიანობითაც დიდ დახმარებას გავუწევ მოსახლეობას. ბევრი კანონი შესაცვლელი და დასახვეწია. მაგალითად, შესაცვლელია საგადასახადო სისტემა, რომ გლეხებს მეტად შეუმსუბუქდეთ სოფლის მეურნეობის წარმოება. ჩემი აზრით, ყველაზე დიდ შედეგს მაინც მოსახლეობასთან ხშირი კონტაქტი და მუდმივი შრომა გამოიღებს. ამ ყველაფრის მოგვარება 2-3 თვეში ვერ მოხდება, ეს არის დროის ფაქტორი, თუმცა, რა თქმა უნდა, ადვილად მისაღწევიცაა.

მე ვაპირებ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მქონდეს სამინისტროებთანაც და ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც.

სოსო ვახტანგაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

კონსულტაციების გზით.

კითხვა 5: რამდენად არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა (ანუ, რა უფლებები გაქვთ ან არ გაქვთ როგორც მაჟორიტარს და ამ მხრივ რას შეცვლიდით) და ეკონომიკური რესურსი იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც თქვენ იძლევით?

ბადრი ბასიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

დღეს ქვეყანას ნამდვილად აქვს რესურსი, რომ განვითარდეს, თუმცა პრობლემებია თავად საკანონმდებლო სისტემაში. ვფიქრობ, რომ მთავარი არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. ამ მხრივ კანონმდებლობა არ არის გამართული და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რომ ამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით ბიუჯეტში თანხები გამოთავისუფლდეს. ამის შემდეგ, უკვე ეკონომიკური რესურსიც მეტი იქნება, რომ სახელმწიფომ შეძლოს და მეტი პროექტი განახორციელოს და მეტად დაეხმაროს მოსახლეობას. გორის გამგეობასა და შიდა ქართლის გუბერნიაში გაცილებით გაიზარდა ხელფასები, ვიდრე იყო 2012 წლამდე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ დანამატებისა და ხელფასების შემცირებით, რაც გამგეობისა და გუბერნიის თანამშრომლებმა აიღეს, გორის მუნიციპალიტეტში 5-6 საბავშვო ბაღი აშენდებოდა. მოკლედ, ამ მიმართულებით ბევრი მუშაობაა საჭირო, ბევრი კანონი არის დასახვეწი, უფრო მეტად რომ მოერგოს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და არსებული პრობლემების მოგვარება მეტად გამარტივდება.

გიორგი მჭედლიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

შეიძლება ბევრი რესურსი არ აქვს მაჟორიტარს, მაგრამ მთავარია სწორი გზის პოვნა. ჩვენ გვაქვს ფინანსები, რომელიც უაზროდ იფლანგება, გვაქვს კანონდებლობა, რომელიც არასწორია. აუცილებელია ამ ყველაფრის სწორად გათვლა და ჩამოყალიბება. მაგალითად: გრანტებსა და ინვესტირებას ჩვენ არასწორად მოვიხმართ. მე, პირადად ჩემი ცოდნით, შემიძლია სწორად გავთვალო და საკითხები დავაყენო. თუ არაფერი გამომივა, ვიძალავებ - საქმით, სიტყვით და ბოლოს - თოხით.

თემურ ხუბულური („ქართული ოცნება“)

ეკონომიკური რესურსი არის და ეს ყველა იმ გაკეთებულ პროექტით მტკიცდება, რომელიც სახეზე გვაქვს. ეს პროექტებია ძირითადად სოფლის მეურნობის განვითარების კუთხით, გაზიფიცირება საზღვრისპირა რეგიონებში, სარწყავი არხების მოწყობა და ა.შ. შესაძლოა, მომავალი წლის ბიუჯეტი არ იძლეოდეს იმაზე მეტის გაკეთების შესაძლებლობას, რაც უკვე გაწერილია, მაგრამ ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ მომდევნო წლებში ყველა საკითხი მაქსიმალურად მოგვარდეს. რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას, ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომ ბევრ ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყანას შეშურდება. მე ვგულისხმობ სოფლის მეურნეობის კუთხით, ვინაიდან რაიონის მაჟორიტარად ვიყრი კენჭს, ამ მიმართულებით ვგულისხმობ. გლეხები, ვინც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები, არაფრის გადასახადს არ იხდიან მეურნეობის წარმოებაში.

მედეა აბაშიძე („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

საკანონმდებლო ხარვეზები არის ძალიან ბევრი, ყველა მაჟორიტარის უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი კანონები, რომელიც იქნება ჩვენი წიაღიდან ამოსული, ანუ ჩვენი ხალხის პრობლემებიდან გამომდინარე. უნდა შეიქმნას საკანონდებლო ბაზა იმისა, რომ კანონმა არეგულიროს გაჭირვებასთან და სიღატაკესთან ბრძოლა. სურვილი შეიძლება ძალიან ბევრი გქონდეს, მაგრამ კანონი ამის საშუალებას არ გაძლევდეს. უპირველესი არის ის, რომ უნდა არსებობდეს კანონი და შემდეგ უნდა იყოს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ამ კანონს ღირსეულად შეასრულებს. ეს არის ის მთავარი მესიჯი, რაც შეიძლება დღეს მაჟორიტარმა გააჟღერო. მე ვპირდები მოსახლეობას, რომ მე არ ვიქნები ის მაჟორიტარი, რომელიც ერთხელ ნახეს და მეტჯერ ვეღარ ნახავენ. მე მუდმივი ურთიერთობა მექნება ჩემს ამომრჩეველთან, რადგან მე არ ვაპირებ მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტში ყოფნას, დავამტკიცებ რომ მე უამრავი მოწვევის პარლამენტარი ვიქნები, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის რჩეული ვიქნები.

სოსო ვახტანგაშვილი („ეროვნული ფორუმი“)

საკანონმდებლო ბაზა არსებობს ნაწილობრივ, დანაკლისს შევიმუშავებთ საპარლამენტო მუშაობის პროცესში.

ჯაბა იმერლიშვილი (საინიციატივო ჯგუფი)

აუცილებელია, გაკეთდეს სამაცივრე მეურნეობა, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე ხილის რეალიზება, გაკეთდეს შპს-ები. სახელმწიფომ თვითონ უნდა მიიღოს გლეხებისგან ხილი და ევროპაში გაიტანს თუ რუსეთში გაიტანს - ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. ხშირად გლეხს ვალიც კი ედება თავისი პროდუქციის რეალიზაციაზე. ეს უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილი. ასევე შეგვიძლია, კანონმდებლობით მოვაგვაროთ ის, რომ ქართველმა გლეხმა ვთქვათ იწვალა და პომიდორი 10 თეთრად მოიყვანა, უცხოეთიდან არ უნდა შემოვიტანოთ და არ უნდა გავასაღოთ 5 თეთრად. ეს აუცილებლად კანონით უნდა გაკონტროლდეს.

კითხვა 6: რომელი კანონების ინიცირებას გეგმავთ პარლამენტში თქვენს საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით?

ბადრი ბასიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“)

2012 წლამდე ჩვენ ბევრი კანონი მივიღეთ, ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა ბევრი რამ ისევ დასახვეწია. ვიმუშავებდი მაგალითად მცირე მეწარმეების საქმიანობისთვის ხელშემწყობ კანონზე. მათ უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, მეტი თავისუფლება, რომ გააფართოვონ ბიზნესი და მოსახლეობაც დაასაქმონ. ვფიქრობ, რომ უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი, უნდა გაუქმდეს ფინანსური პოლიცია, უნდა აიკრძალოს ეკონომიკურ დანაშაულზე წინასწარი დაპატიმრება, ვგულისხმობ მცირე გადაცდომას. ამ მიმართულებით კანონში აუცილებლად ცვლილებებია საჭირო, რომ ბიზნესმენებს უფრო გაუმარტივდეთ თავიანთი საქმიანობის ეფექტურად წარმართვა.

გავიმეორებ, რომ ამ კატეგორიის სოფლებისთვის უნდა შეიქმნას სპეციფიკური კანონი, მთის კანონის მსგავსი, რომელიც ამ ადამიანებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს ცხოვრებას. დღეს ეს მთის კანონი ზოგიერთ საზღვრისპირა სოფელზეც მოქმედებს, მაგრამ ეს არჩევითობა მოხდა ძალიან უსამართლოდ. მაგალითად, ზემო ნიქოზი რომ მოხვდა პროგრამაში, ქვემო ნიქოზი არ მოხვდა, სოფელ მერეთს შეეხო მთის კანონი, მის გვერდით არსებულ სოფელ კირბალს არა და ა.შ.

ვფიქრობ, სამართალდამცავ სისტემაშიც არის გარკვეული ხარვეზები, კონკრეტულად არ მიფიქრია, მაგრამ კანონპროექტის შემუშავებას ამ მიმართულებითაც ვგეგმავ, აუცილებელია არსებულზე მეტად ლიბერალური კანონების მიღება. ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც იყო ბევრი ისეთი კანონი, რომელიც აუცილებლად შეცვლას საჭიროებდა, მაგალითად დანაშაულთა შეკრებითობა, რომელიც კარგია, რომ შეიცვალა.

გიორგი მჭედლიძე („პატრიოტთა ალიანსი“)

ეს ეხება სასოფლო-სამეურნეო სფეროს, მაგრამ ამჟამად საიდუმლოდ დავტოვებ. პრეზერვატივებისა და ქალების და მამაკაცების შეუღლების საკითხები ჩემი საქმე არ არის.

თემურ ხუბულური („ქართული ოცნება“)

მე, როგორც სპორტსმენი, ვფიქრობ ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები დავაყენო პარლამენტში, რომლებიც სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს, იყოს გამარტივებული ბიზნესი ამ მხრივ, რომ აშენდეს სპორტული დარბაზები, სპორტული მოედნები და ახალგაზრდობას ჰქონდეს განვითარების მეტი შესაძლებლობა. კონკრეტულ კანონპროექტზე არ მიფიქრია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებ.

მედეა აბაშიძე („პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“)

მე დიდი სურვილი მაქვს, რომ შევიტანო პარლამენტში ისეთი კანონი, რომ თითოეულ ოჯახს სოფელში ეკუთვნის სოციალური დახმარება. იქ ყველა დასახმარებელია, იქ ქულები არ არის საჭირო. თუ ვიღაცამ კომუნისტების დროს აიშენა სახლი და დღესაც აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგად არის. რაღაცა დოზით უნდა მ

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი