მიმდინარე წლის 13 იანვარს, ესტონურ დელეგაციასთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მიერ თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მან, ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა დაწინაურდა საერთაშორისო რეიტინგებშიც. მისი განცხადებით, „კორუფციის რისკების მიხედვით, საქართველო მე-11 ადგილზეა და ბევრ განვითარებულ ქვეყანას უსწრებს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
როგორც კვლევამ აჩვენა, Trace International და RAND Corporation-ის თანამშრომლობით გამოქვეყნებულ "კორუფციის რისკების ინდექსში"საქართველო 198 ქვეყნიდან მართლაც მე-11 ადგილს იკავებს.
რანგი | ქვეყანა | რისკის ქულა | მთავრობასთან ურთიერთობა | ანტიკორუფციული კანონები და მათი განხორციელება | სამთავრობო და სამოქალაქო გამჭვირვალობა | სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის უნარი |
1 | ირლანდია | 20 | 15 | 24 | 30 | 4 |
2 | კანადა | 22 | 25 | 22 | 20 | 9 |
3 | ახალი ზელანდია | 23 | 13 | 48 | 23 | 18 |
4 | ჰონკონგი | 23 | 4 | 51 | 27 | 30 |
5 | შვედეთი | 23 | 9 | 53 | 25 | 20 |
6 | ფინეთი | 24 | 11 | 52 | 26 | 23 |
7 | სინგაპური | 26 | 1 | 54 | 37 | 35 |
8 | იაპონია | 26 | 33 | 17 | 6 | 10 |
9 | გერმანია | 27 | 28 | 31 | 33 | 1 |
10 | აშშ | 27 | 35 | 23 | 1 | 7 |
11 | საქართველო | 27 | 17 | 24 | 19 | 39 |
12 | ნორვეგია | 28 | 21 | 52 | 32 | 16 |
13 | ნიდერლანდები | 29 | 20 | 55 | 29 | 21 |
14 | საფრანგეთი | 29 | 32 | 38 | 27 | 14 |
15 | ჩილე | 30 | 33 | 30 | 20 | 25 |
16 | შვეიცარია | 31 | 22 | 52 | 37 | 19 |
17 | სამხრეთ კორეა | 31 | 38 | 1 | 7 | 15 |
ეს ინდექსი ბიზნეს სექტორზეა ორიენტირებული და მათთვის ბიზნესგარემოსთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე სანდო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად. თითოეულ სახელმწიფოს ნულიდან ასამდე ქულა ენიჭება, სადაც მაღალი ქულა კორუფციის მაღალ რისკს შეესაბამება.
კვლევა ოთხი ძირითადი მიმართულებით ჩატარდა: მთავრობასთან ურთიერთობა, ანტიკორუფციული კანონები და მათი განხორციელება, სამთავრობო და სამოქალაქო გამჭვირვალობა, სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის უნარი. ამ უკანასკნელ კომპონენტში საქართველომ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და ამ მხრივ, ბევრი ისეთი ქვეყანაც უსწრებს, რომელიც საერთო რეიტინგში უფრო დაბალ პოზიციაზე მოხვდა.
რეიტინგში საქართველო მართლაც წინ უსწრებს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანას, მათ შორის ნორვეგიას, შვეიცარიას, საფრანგეთს და ინგლისს. საქართველოს ამ ქვეყნებთან შედარებით საგრძნობლად მაღალი პოზიცია აქვს, განსაკუთრებით მეორე კომპონენტში, რომელიც ანტიკორუფციულ კანონმდებლობას და მათ აღსრულებას შეეხება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება სამოქალაქო საზოგადოების ზეგავლენის შესაძლებლობის კუთხით.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ინდექსი პირველად იქნა შემუშავებული, შეუძლებელია კონკრეტული ქვეყნების პოზიციების ცვლილებაზე დაკვირვება და იმის განსაზღვრა, გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით, თუმცა 2 წელიწადში კორუფციის რისკის ინდექსის განახლება იგეგმება, რაც ამას შესაძლებელს გახდის.
აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგით წარმოდგენილი სურათი და ქვეყნების პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ცნობილი ინდექსებისგან, მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსისგან.ამ რეიტინგში საქართველო წელს 175 ქვეყნიდან 52 ადგილზე მოხვდა. როგორც Trace International განმარტავს, ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი განსხვავებულ მატრიცას იყენებდნენ და ამ შემთხვევაში ოთხიდან ერთ კომპონენტში მიღებული დაბალი ან მაღალი ქულა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთო ქულაზე.
დასკვნა
როგორც ფაქტ-მეტრმა დაადგინა, Trace International და RAND Corporation-ის თანამშრომლობით გამოქვეყნებულ კორუფციული რისკების ინდექსში საქართველო მე-11 ადგილს იკავებს და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ინდექსები მნიშვნელოვნად განსხვავებულ შედეგებს იძლევიან, აღნიშნული კვლევის მიხედვით საქართველო ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: "კორუფციის რისკების მიხედვით, საქართველო მე-11 ადგილზეა და უსწრებს ბევრ განვითარებულ ქვეყანას," არის სიმართლე.