12 ივნისს გაეროს ბავშვთა ფონდმა (იუნისეფი) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ 2017 წლის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ბოლო ორ წელში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფში, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები სახელდება.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს (რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება). 2017 წლის მონაცემებით, უკიდურესად ღარიბია მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7%. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და პენსიონერების) წილი გაზრდილია, როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებითაც.
გრაფიკი 1: უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 2013, 2015 და 2017 წლებში
2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია ზოგადი სიღარიბის დონე (ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება). ზოგად სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, 21.7%-დან 27.6%-მდე. ასევე, იზრდება ზოგად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პენსიონერების რიცხვიც.
გრაფიკი 2: ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 2013, 2015 და 2017 წლებში
ასევე, იზრდება ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელიც (ფარდობითი სიღარიბე აჩვენებს მოსახლეობის რა ნაწილი მოიხმარს მედიანური [საშუალო] მოხმარების 60%-ზე ნაკლებს, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 177 ლარს შეესაბამება). განსაკუთრებით გაზრდილია ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8%-დან 31.6%-მდე.
გრაფიკი 3: ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 2013, 2015 და 2017 წლებში
იუნისეფის კვლევის თანახმად, სიღარიბის ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდი ტემპის შენელებით და სამომხმარებლო ფასების (სურსათზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე და სხვა) მნიშვნელოვანი მატებით, რაც თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით იყო გამოწვეული. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაციური პროცესები უფრო მეტად აისახა დაბალშემოსავლიან ოჯახებზე, ვიდრე მაღალშემოსავლიან ოჯახებზე.
საქსტატის მონაცემებით, 2015-2016 წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3%-ზე დაბალი იყო, 2017 წელს ქვეყნის ეკონომიკა (მშპ) 5%-ით გაიზარდა. თუმცა, კვლევის მიხედვით, ინფლაციის მაღალი დონის (6.7%) გამო, ეკონომიკის ზრდამ სიღარიბის შემცირებაზე გავლენა ვერ იქონია.
მოსახლეობის კეთილდღეობის კველევა აჩვენებს, რომ 2017 წელს შინამეურნეობების შემოსავალები გაიზარდა. თუმცა, სამომხმარებლო ფასების ზრდის და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, შემოსავლების ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახა.
კვლევის თანახმად, სიღარიბის მაჩვენებლებზე დადებითი გავლენა აქვს სოციალურ ტრანსფერებს (პენსია, საარსებო შემწეობა, შშმ პირების დახმარება და სხვა). ამასთან, მიზნობრივი სოციალური დახმარება უფრო მეტად მიმართულია ბავშვიან შინამეურნეობებზე. მიზნობრივ სოციალურ დახმარებას (საარსებო შემწეობა) და ბავშვის დანამატს (10 ლარიანი დანამატი სოციალურად დაუცველ ბავშვებზე) ბავშვთა სიღარიბეზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, რომ არა სოციალური შემწეობები, სიღარიბის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა, კვლევის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, არც სოციალური ტრანსფერები აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ სიღარიბის დონე არ გაზრდილიყო.
იუნისეფის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ წინა კვლევებს თუ გადავხედავთ, 2011-2015 წლებში, საქართველოში, სიღარიბის შემცირების გამოკვეთილი ტენდენცია იყო. გასული ორი წლის განმავლობაში კი სიღარიბის დონე იზრდება.