ვერდიქტი: „მარშალპრესის“ მასალაში მოცემული ინფორმაცია არის ყალბი. რეზიუმე: „მარშალპრესის“ მასალა, სავარაუდოდ, ეყრდნობა Euronews-ის რუსული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნული და, შესაბამისად, ქართული მედიასაშუალებაც გაეროს წარმომადგენლის 21 აპრილის განცხადებას, რომ სირიის რამდენიმე წლიანი კონფლიქტის დროს დაღუპულთა უმრავლესობა ჩვეულებრივ იარაღს ემსხვერპლა და არა ქიმიურს, არასწორად უკავშირებს 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ქიმიური იარაღით თავდასხმას და ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას.გაეროს წარმომადგენლის, სერხიო პინეიროს მიერ 21 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრებები არასწორადაა ინტერპრეტირებული. ანალიზი: 22 აპრილს ონლაინ გამოცემა "მარშალპრესმა" გამოქვეყნა სტატია სათაურით - „გაეროს გამომძიებელი: სირიაში უმრავლესობა არა ქიმიური, არამედ ჩვეულებრივი ბომბებით დაიღუპა“. სტატიაში ნათქვამია, რომ გაეროს გამომძიებლის თანახმად, 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ადამიანების უმრავლესობა ჩვეულებრივი ბომბების და არა ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად დაიღუპა. სტატიაში ასევე მოცემულია ინფორმაცია, რომ პაულო სერხიო პინეიროს თქმით, „გამოძიების შუალედური შედეგებით დადგინდა, რომ საჰაერო იერიში ჩვეულებრივი ბომბებითაც განხორციელდა და რამდენიმე საათის შემდეგ განმეორდა საავადმყოფოზე“. „მარშალპრესის“ სტატიის როგორც სტრუქტურა, ასევე შინაარსი მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს:
- დაუზუსტებელია პაულო სერხიო პინეიროს სტატუსი;
- პინეიროს ციტატის კავშირი შეუსაბამოა სათაურთან;
- არ არის მითითებული ამ განცხადების არცერთი წყარო;
- სტატიაზე თანდართული ფოტო არ არის კავშირში 4 აპრილის ავიაიერიშთან.
როგორც აღვნიშნეთ, საკითხი ეხება 4 აპრილს, სირიაში, იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმას,რომელსაც 80 სამოქალაქო პირი შეეწირა, მათ შორის ბავშვები. იმავე დღეს განხორციელდა საჰაერო დარტყმა კლინიკებზეც, სადაც დაშავებულებს მკურნალობდნენ. თავდასხმის დღესვე, თვითმხილველთა და ჟურნალისტთა განცხადებებისა და ექიმების მიერ სიმპტომების აღწერის საფუძველზე, გაჩნდა ვარაუდი, რომ იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღი, კერძოდ კი ზარინის მომწამლავი ნივთიერება გამოიყენეს. 4 აპრილის თავდასხმის შემდეგ ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრების გარეშე“ (SMF) განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო პერსონალის თანახმად, პაციენტების მდგომარეობა ემთხვეოდა ნეიროტოქსიკური გაზის, ზარინის სიმპტომებს. თავდასხმასთან დაკავშირებით არსებობს ქიმიური იარაღის პრევენციის ორგანიზაციის (OPWC) 19 აპრილის განცხადება, რომლის თანახმადაც, იდლიბის პროვინციაში ნამდვილად მოხდა ზარინის ან მისი მსგავსი მომწამლავი ნივთიერების გამოყენება. ორგანიზაციამ გამოიკვლია 3 გარდაცვლილი და 7 დაშავებული ადამიანის სხეულის ნიმუშები და სწორედ მათი ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე გააკეთა აღნიშნული განცხადება. თურქულმა მხარემ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელობით ლაბორატორიულად შეისწავლა ცხედრები და მათზე დაყრდნობით ზარინის გამოყენება დაადასტურა. ამასთან, საფრანგეთის სადაზვერვო სააგენტოებმა გამოაქვეყნეს არაოფიციალური ანგარიში,სადაც ქალაქ ხან შაიხუნიდან ამოღებული ნიმუშების გამოკვლევით ასკვნიან, რომ ქიმიური თავდასხმა ზარინის გამოყენებით განხორციელდა. „მარშალპრესის“ მიერ გავრცელებული ახალი ამბის გადამოწმების პროცესში აღმოჩნდა, რომ 2011 წლიდან პაულო სერხიო პინეირო არის სირიის საკითხზე დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე გაეროს ეგიდით, რომლის მიზანია გამოიძიოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის დარღვევები და გამოააშკარავოს დამნაშავე მხარე. სერხიო პინეიროს კომისიის მიერ გამოქვეყნებულ უკანასკნელ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კომისია იძიებს 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმას, როგორც სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევას, ისე ამავე დღეს სამედიცინო დაწესებულებებზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს. 21 აპრილს პაულო სერხიო პინეირომ პრესკონფერენციაზე მართლაც ისაუბრა სირიის საკითხზე. პინეირომ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ქიმიური იარაღის, ზარინის ან მისი მსგავსი მომწამლავი გაზის გამოყენების შესახებ. მან ასევე ახსენა, რომ ზოგადად, სირიის კონფლიქტის დროს მსხვერპლთა უმრავლესობა დაღუპულია ჩვეულებრივი იარაღით. ამ შემთხვევაში პინეირო საუბრობს სირიის ომზე, რომელიც 2011 წლიდან მიმდინარეობს და მისი განცხადება კონკრეტულად 4 აპრილის თავდასხმას არ ეხება. „მარშალპრესის“ მასალაში კი პინეიროს ეს განცხადება 4 აპრილის შემთხვევასთანაა დაკავშირებული. ამასთან, პინეიროს კომისიას ჯერ არ გამოუქვეყნებია დასკვნა 4 აპრილს სირიაში მომხდარი თავდასხმის შესახებ, რის შესახებ მტკიცებას „მარშალპრესის“ მასალაში ვხვდებით. „მარშალპრესის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი ამბის მიზანია, მკითხველში ეჭვი გააჩინოს იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც (როგორც არაერთი სანდო წყარო აღნიშნავს) სავარაუდოდ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებამ გამოიყენა, რომლის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი რუსეთია. ასევე აღსანიშნავია, რომ მასალაზე თანდართული ფოტო არ შეესაბამება შინაარსს. ფოტოზე დატანილი ტექსტი - „აშშ-ის საჰაერო დარტყმებს 4 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა“ - სტატიაში მოცემულ ინფორმაციას არანაირად არ უკავშირდება და მიზნად ისახავს მკითხველის დაბნევას, დასავლეთის უარყოფითი პორტრეტის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ „მარშალპრესი“ ხშირად ავრცელებს ანტიდასავლურ და მანიპულაციურ ამბებს, რის გამოც ის მოხვდა "მედიის განვითარების ფონდის" მიერ მომზადებული მედია მონიტორინგის როგორც 2014-2015, ისე 2016 წლის ანგარიშებში. "მარშალპრესის" მფლობელებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კვლევა ჩაატარა, საიდანაც ჩანს, რომ ონლაინ გამოცემას პარტნიორული ურთიერთობა აქვს სხვადასხვა პრორუსულ მედიასაშუალებასთან. „მარშალპრესის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის მსგავსიინფორმაცია, როგორც ჩანს გადამოწმების გარეშე, გამოაქვეყნა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. სტატიის განახლება (29.11.2017) -აღსანიშნავია, რომ სტატიაში განხილული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აგრეთვე გამოაქვეყნეს სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" და imedinews.ge-მ.