წლის 31 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის განხილვისას, უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემ, ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის სტატისტიკა შეადარა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0.1% იყო, ხოლო დღეს მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ფაქტ-მეტრი მანანა კობახიძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულისათვის წაყენებული ბრალის დაუდასტურებლობას ნიშნავს. თავის მხრივ, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ პირის ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა.
2004-2012 წლებში სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 9წლის განმავლობაში, სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან, გამამტყუნებელი განაჩენი 64 140 პირის მიმართ იქნა გამოტანილი (64 537-დან). გამამტყუნებელი განაჩენების ცხრა წლის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 98.5%-ს უდრის.
ცხრილი 1: სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა 2004 – 2012 წლებში
წელი | სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეები(პირი) | გამამტყუნებელი განაჩენი | გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობა პროცენტულად |
2004 | 9109 | 9071 | 99.6 |
2005 | 7978 | 7899 | 99.0 |
2006 | 12101 | 12063 | 99.7 |
2007 | 10787 | 10774 | 99.9 |
2008 | 9361 | 9331 | 99.7 |
2009 | 7365 | 7347 | 99.8 |
2010 | 4089 | 4081 | 99.8 |
2011 | 2415 | 2359 | 97.7 |
2012 | 1332 | 1215 | 91.2 |
2013 წლის და 2014
წლის პირველი 6 თვის ანალოგიური მონაცემები განთავსებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (სვეტში „სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეები“ მოყვანილი რიცხვი მიღებულია სასამართლოს მიერ არსებითად განხილულ საქმეებს გამოკლებული შეწყვეტილი საქმეების რაოდენობა. სვეტში „გამამტყუნებელი განაჩენი“ მოყვანილი რიცხვი მიღებულია სასამართლოს მიერ არსებითად განხილულ საქმეებს გამოკლებული შეწყვეტილი საქმეების, გამამართლებელი და ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა).
ცხრილი 2: სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა 2013 წელსა და 2014 წლის 6 თვეში
წელი | სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეები (პირი) | გამამტყუნებელი განაჩენი | გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობა პროცენტულად |
2013 | 1707 | 1587 | 92.9 |
2014 - 6 თვის მონაცემები | 2463 | 2318 | 94.1 |
ზემოთ მიმოხილული სტატისტიკიდან გამომდინარე, 2004-2010 წლებში სასამართლოს მიერ არსებითად განხილულ საქმეებში გამამტყუნებელი განაჩენის რაოდენობა 99%-ს უტოლდებოდა. სასამართლოების მიერ გამამართლებელი განაჩენების გამოტანის რაოდენობის კლება 2011 წელს დაიწყო და მინიმუმს, 91%-ს, 2012 წელს მიაღწია. 2013 წელს გამატყუნებელი განაჩენების რაოდენობა 92%-ს გაუტოლდა. 2014 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით კი, სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან, 94% გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა.
ფაქტ-მეტრი ევროპის ქვეყნების სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის პრაქტიკითაც დაინტერესდა. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) მიერ წარმოებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით,ფაქტ-მეტრმა ევროპის ქვეყნებში 2004-2012 წლებში გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა გამოთვალა.
ცხრილი 3: ევროპის ქვეყნებში გამამტყუნებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა 2004-2012 წლებში
ქვეყანა | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 |
ავსტრია | 56.3 | 55.2 | 53.3 | 52.3 | 54.1 | 52.5 | 50.9 |
ბულგარეთი | 76.8 | 81.7 | 85.6 | 88.8 | 82.1 | 86.8 | 85.1 |
დანია | 83.4 | 82.8 | 82.9 | 83.6 | 83.1 | ||
ლატვია | 93.1 | 93.9 | 96.5 | ||||
ლიტვა | 59.4 | 62.0 | 62.9 | 61.9 | 61.9 | 59.3 | 65.4 |
რუმინეთი | 73.6 | 69.9 | 45.5 | 41.9 | 78.0 | 82.3 | |
სლოვაკეთი | 80.3 | 80.2 | 80.0 | 79.4 | 78.3 | 78.7 | 81.1 |
სლოვენია | 56.2 | 55.6 | 57.1 | 51.4 | 51.7 | 54.1 | 55.1 |
უნგრეთი | 91.1 | 91.2 | 92.8 | 92.5 | 92.7 | 88.6 | |
ხორვატია | 71.4 | 73.1 | 74.1 | 75.3 | 74.3 | 74.9 | 77.3 |
ცხრილში მოყვანილი პროცენტული რაოდენობა გვაჩვენებს, რომ აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობაში გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოში არსებულ სტატისტიკას.
დასკვნაფაქტ-მეტრმა მანანა კობახიძის განცხადების გადამოწმების მიზნით, უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია შეისწავლა. 2004 – 2012 წლებში სასამართლოების მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენის ყველაზე მცირე რაოდენობა 2007 წელს - 0.1%, ხოლო ყველაზე მეტი 2012 წელს (8.8%) დაფიქსირდა. შესაბამისად, მანანა კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ცხრა წლის განმავლობაში გამამართლებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა 0,1-ს უდრიდა, გადაჭარბებულია, თუმცა ის მაინც ახლოს დგას რეალობასთან.
მანანა კობახიძე მართალია, როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გამამტყუნებელი განაჩენების მაღალ პროცენტულ მაჩვენებელზე საუბრობს. თუმცა, ამ კუთხით აღსანიშნავია ისიც, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო ორ წელიწადში ეს მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდებოდა და 2012 წელს გამატყუნებელი განაჩენების პროცენტული რაოდენობა 2013 და 2014 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია.
გარდა ამისა, ევროპულ ქვეყნებში არსებული სიტუაციის ანალიზმა გვაჩვენა, რომ საქართველოში არსებული გამატყუნებელი განაჩენების პროცენტული მაჩვენებელი, დღემდე ძალიან მაღალია და 90%-ს ქვემოთ ჯერ-ჯერობით არც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ჩამოსულა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი (90% და ზემოთ) განხილული ათი ევროპული ქვეყნიდან, მხოლოდ ორში გვხვდება. შესაბამისად, კონტექსტის ის ნაწილი, რომელშიც მანანა კობახიძე უკვე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს, ასევე არამართებულია.
ჩვენ ვასკვნით, რომ მანანა კობახიძის განცხადება „ჩვენ გვახსოვს, როცა 0.1 პროცენტი იყო გამამართლებელი განაჩენები და ფაქტიურად არ იყო ... დღეს მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა“, არის ნახევრად სიმართლე.