წლის ნოემბრამდე, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.73-1.76-ის ფარგლებში მერყეობდა. 2015 წლის 25 თებერვალს მან მაქსიმალურ ნიშნულს, 2.26-ს მიაღწია. ლარის კურსის ვარდნას პროდუქტზე, მათ შორის მედიკამენტებზე და სურსათზე, ფასების ზრდა მოჰყვა.
მთავრობამ შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე დაიწყო ფიქრი. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 21 თებერვლის განცხადების თანახმად, მთავრობა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე გადავიდა. ე.წ. "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას და ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვას გულისხმობდა. 22 თებერვალს ამ თემაზე განცხადება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ე.წ. "ქამრების შემოჭერის" ფარგლებში მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12%-ით შემცირებას გეგმავს. "მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალურ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მიმდინარე წლის 23 თებერვალს იგივე შინაარსის განცხადებასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც გააკეთა: "ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, კვირის განმავლობაში, უახლოეს დღეებში გაიწერება სამოქმედო გეგმა ყველა სამინისტროსადმი".
მიმდინარე წლის 25 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ეკონომიკურ გუნდს შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმა სავალუტო ფონდის მისიის დასრულებისთანავე, 5 მარტს უნდა წარედგინა. თუმცა, ფინანსთა მინისტრის 4 მარტის განცხადებისთანახმად, შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობა არ დასრულებულა. "გეგმაზე მუშაობა ეკონომიკის მინისტრთან ერთად გრძელდება. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა საუბარი სავალუტო ფონდთანაც. მიმდინარე წელს ხარჯები შემცირდება. თქვენ იცით, რომ ალბათ მოგვიწევს მაკროეკონომიკური პროგნოზების გადახედვა. ვფიქრობთ, გარე შოკების გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტამდე შემცირდება," – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე ისაუბრეს დღეს, 5 მარტს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. სამინისტროებს და მთავრობას დაქვემდებარებულ უწყებებს, არა უგვიანეს 16 მარტისა, ფინანსთა სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ სამოქმედო გეგმის წარდგენა დაევალათ. ფინანსთა მინისტრმა სამთავრობო უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცა. "ჩვენ რეკომენდაციით შემოვდივართ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისა. დაახლოებით 30 პროცენტით შევამციროთ საწვავის ხარჯი, რაც, რა თქმა უნდა, არ შეეხება ოპერატიულ მანქანებს. ამავე დროს, ჩვენ გთავაზობთ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები, 20 პროცენტით შემცირდეს ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯები" – განაცხადანოდარ ხადურმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა ანალოგიური შეზღუდვების გამოყენების თხოვნით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც მიმართა, რომლებიც მთავრობას არ ექვემდებარებიან. ესენია: საქართველოს პარლამენტი, სასამართლო, დედაქალაქის მერია, მუნიციპალიტეტები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მათ ადმინისტრაციული ხარჯები წინასწარ შეამცირეს. "რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯების შემცირებას, ჩვენ წინასწარი ცვლილებები გავაკეთეთ. ეს შეეხო ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ შევამცირეთ საწვავის ლიმიტები, სამივლინებო ხარჯები, რაც წინასწარი გათვლებით წელიწადში უნდა იყოს 50-70 ათას ლარამდე. თუმცა, ეს საბოლოო გადაწვეტილება არ არის და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში სამინისტროების მხრიდან ერთიანი სისტემური გეგმა იქნება მიღებული," – აღნიშნა სერგეენკომ.
დასკვნაადმინისტრაციული ხარჯების შემცირების დეტალური გეგმა, რომელიც უკვე 5 მარტს უნდა ყოფილიყო მზად, ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. შესაბამისი რეკომენდაციები, თუ რა მიმართულებით უნდა შეამცირონ ადმინისტრაციული ხარჯები სამთავრობო უწყებებმა, ფინანასთა სამინისტრომ, 5 მარტს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააჟღერა. ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტრო 16 მარტამდე სამინისტროებისგან და სხვა სამთავრობო უწყებებისგან, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაციებს ელოდება.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების 22-23 თებერვლის განცხადებები, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უახლოეს დღეებში გაიწერებოდა ზუსტი არ აღმოჩნდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების მიერ გასულ კვირას გაკეთებული პროგნოზები არის მცდარი.