„რუსთავი 2“-ის ეთერში "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა 2012 წლის მოწვევის პარლამენტში, ნოდარ ებანოიძემ ხარაგაულის გამგეობა მუნიციპალიტეტის კუთვნილ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობისა და ადმინისტრაციული ხარჯის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა.
„ადგილობრივი ბიუჯეტი, ეს არის ფაქტობრივად მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯები, მარტო ხარაგაულში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 600 კაცით გაიზარდა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რიცხვი“, - განაცხადაებანოიძემ.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩვენ ხარაგაულის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობრივი მონაცემები 2012 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში განვიხილეთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, პაატა გოგოლაძის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით,ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2012 წელს 21 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მოქმედებდა. მათში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 327 თანამშრომელს შეადგენდა. 2013 წელს ა(ა)იპ-ების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. სამ ახალ ა(ა)იპ-ში - „შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი“, „რ. თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი“ და „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმაციის მუნიციპალური ცენტრი“ - 22 ადამიანი დასაქმდა. გამგეობის ა(ა)იპებში მომუშავეთა საერთო რაოდენობა კი 410 გახდა.
ცხრილი 1:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 2012-2016 წლებში
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა | 327 | 410 | 528 | 700 | 712 |
ყველაზე მეტი თანამშრომლით ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება“ შეივსო, რომელშიც 2012 წელს 28 თანამშრომელი საქმიანობდა, 2016 წელს კი 4-ჯერ მეტი, 115 ადამიანი დაასაქმეს. 71-დან 183-მდე გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ა(ა)იპ „ე. კიკვიძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში“. „ხარაგაულკეთილმოწყობაში“ თანამშრომელთა რაოდენობა ამ წლების განმავლობაში 3-ჯერ და მეტადაა გაზრდილი, 15-დან 53-მდე.
საერთო ჯამში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რიცხვი 2012 წლის შემდეგ 385 ერთეულით (327-დან 712-მდე, ანუ 118%-ით) გაიზარდა.
ბუნებრივია, ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა ზრდა ბიუჯეტიდან ადმინისტრაციული ხარჯის ზრდას ავტომატურად იწვევს. მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებ-ში დასაქმებულთა რაოდენობისა და დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების შესახებ კვლევის შედეგები 2016 წლის ივლისის ბოლოს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა. კვლევა 2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონაცემებთ, აღნიშნულ პერიოდში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 450-დან 641-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯიც გაორმაგდა.ამ კვლევის მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ამ პერიოდში ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით იმერეთის 11 რაიონულ მუნიციპალიტეტს შორის პირველ ადგილზეა (191 ახლადმიღებული თანამშრომლით). მეორეადგილოსანმა ჭიათურამ ამ პერიოდის განმავლობაში ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რიცხვი 100 ერთეულით გაზარდა.
დასკვნა 2012წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებულ 21 ა(ა)იპ-ში 327 კაცი იყო დასაქმებული. უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, 2014 წლის 1 მაისის მონაცემებით, მათი რიცხვი 450 იყო, რაც 2016 წლისთვის 712-მდე, ანუ 262 ერთეულით გაიზარდა. მართალია, ზრდა ბოლო ორი წლის განმავლობაში შთამბეჭდავია, თუმცა ის ნოდარ ებანოიძის მიერ დასახელებულ რიცხვზე (600 კაცი) ბევრად ნაკლებია.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ებანოიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.