2014 წლიდან მუდმივად გვესმოდა მთავრობის დაპირება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მედიკამენტების კომპონენტი დაემატებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ 2017 წელს გახდა შესაძლებელი და ისიც მოსახლეობის მცირე ნაწილს შეეხო.

2017 წელს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ მედიკამენტები პენსიონერებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დაუფინანსდებოდათ. საბოლოოდ, მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე სოციალურად დაუცველ (100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე) მოქალაქეებზე გავრცელდა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდება - ჯამში 23 დასახელების მედიკამენტი.

მედიკამენტების შესაძენად ტენდერი სოციალური მომსახურების სააგენტომ აპრილში გამოაცხადა. რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. პროგრამის ამოქმედების დროისთვის მხოლოდ 13 დასახელების მედიკამენტის გაცემა იყო შესაძლებელი, ეტაპობრივად დაემატა დანარჩენი მედიკამენტებიც.

პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც უნდა წარადგინოს ქრონიკული დაავადების დამამტკიცებელი ფორმა 100, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის რეცეპტი და პირადობის მოწმობა. პროგრამის ბენეფიციარს ერთჯერადად, მაქსიმუმ 3 თვის საკმარისი მედიკამენტის გატანა შეუძლია. ბენეფიციარის მხრიდან თანაგადახდა მაქსიმუმ 1 ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით“ 2017 წელს 13 010 ადამიანმა ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ახალ ამოქმედებულია და ეტაპობრივად მოთხოვნა გაიზრდება. ამასთან, რთულია წინასწარ ზუსტად განსაზღვრო რამდენი ადამიანი ისარგებლებს პროგრამით. თუმცა, ფაქტია, რომ პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობასა და სამინისტროს წინასწარ გათვლებს შორის მაინც დიდი სხვაობა აღმოჩნდა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის 2017 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 3 360 ათასი ლარით განისაზღვრა, თუმცა რეალურმა ხარჯმა 2 686 ათასი ლარი შეადგინა. 2018 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს, 23-დან 45-მდე გაიზრდება. ასევე გაფართოვდება კონტიგენტი და მედიკამენტების პროგრამაში ჩაერთვებიან პენსიონერები, შშმ პირები და სხვა. თუმცა, ჯერჯერობით, ამ თემაზე მხოლოდ განცხადებები კეთდება და ოფიციალური გადაწყვეტილება (დადგენილება) არ არსებობს.

შეგახსენებთ, მედიკამენტებზე გაწეული ხარჯი ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების დაახლოებით 50%-ია, ამასთან მედიკამენტების ფასი მუდმივად იზრდება. იმისთვის, რომ შემცირდეს ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები, აუცილებელია მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა მნიშვნელოვნად გაფართოვდეს. ის უნდა შეეხოს არა მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებს, არამედ დაბალშემოსავლიან მოქალაქეებსაც. ამასთან, ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების გარდა, პროგრამაში გათვალისწინებული უნდა იყოს ექიმის მიერ დანიშნული სხვა აუცილებელი მედიკამენტების დაფინანსებაც. სხვაგვარად ჯანდაცვაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ვერ მიიღწევა.

თეგები: