საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს რეგიონულ მედიასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, რომლებზეც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. ფაქტ-მეტრმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული რამდენიმე განცხადება

გადაამოწმა.

"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2011-2012 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით მსოფლიოში 137-ე ადგილზე იყო. მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით, 2012 წლამდე ბოლოდან მეექვსე ადგილას ვიყავით და დღეს საოცარი გარდატეხა მოხდა. საქართველო მაკროეკონომიკური გარემოს თვალსაზრისით უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებსაც კი, როგორიც არის ბელგია, საფრანგეთი, აშშ, ესპანეთი, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და ა.შ."

naxevrad_simartle

ბიძინა ივანიშვილის განცხადების გადასამოწმებლად, ფაქტ-მეტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ბოლო ხუთ ანგარიშს გაეცნო.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გლობალური კონკურენტუნარიანობის დასადგენად სხვადასხვა ინდიკატორს იყენებს. მათ შორისაა მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა: ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, დანაზოგების მოცულობის შეფარდება მშპ-თან, წლიური ინფლაცია, საშუალო საპროცენტო განაკვეთი, სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-თან და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. კვლევებში 142 ქვეყნის მონაცემებია ასახული.

თითოეული წლის რეიტინგი წინა წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის შედგენილი. მაგალითად, 2015-2016 წლის რეიტინგი 2014 წლის შეფასებას ემყარება. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს პოზიცია ბოლო წლების პოზიციას შევადაროთ, ამისთვის კონკურენტუნარიანობის შემდეგი ანგარიშები უნდა გამოვიყენოთ: 2013-2014 და 2015-2016. 2015 წლის მდგომარეობა 2016-2017 წლების ანგარიშში აისახება, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება. ბიძინა ივანიშვილი კი, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შესაფასებლად 2011-2012 წლების ანგარიშს იყენებს, როდესაც სწორი იქნებოდა 2013-2014 წლების ანგარიშით შეფასება.

2011-12 წლების ანგარიშის მიხედვით (რომელიც 2010 წელს აფასებს), საქართველო კონკურენტუნარიანობის მიხედვით 88-ე იყო. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ გარემოს, საქართველომ 137-ე ადგილი დაიკავა. საქართველო ამ ინდიკატორების გათვალისწინებით (მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით), 142 ქვეყანას შორის ბოლოდან მეექვსე ადგილს იკავებდა.

2013-14 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გაუმჯობესებული ჰქონდა როგორც კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი, ისე მაკროეკონომიკური გარემო (61-ე ადგილი). აღსანიშნავია ისიც, რომ 2011-12 წლების ანგარიშის შემდეგ, მაკროეკონომიკური გარემოს შესაფასებლად საშუალო საპროცენტო განაკვეთის ინდიკატორი აღარ გამოიყენება, რამაც საქართველოს რეიტინგზე დადებითად იმოქმედა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლო, 2015-16 წლების კვლევის მიხედვით, საქართველო კონკურენტუნარიანობით 66-ე ადგილზეა. თავის მხრივ, გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური გარემო და საქართველომ 51-ე ადგილი დაიკავა. ამ თვალსაზრისით, საქართველომ მართლაც გაუსწრო ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა ბელგია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, იაპონია და დიდი ბრიტანეთი.

წლები 2011-12 2012-13 2013-14 2014-15 2015-16
მაკროეკონომიკური გარემო - ადგილი მსოფლიოში 137 88 61 48 51
ბიუჯეტის დეფიციტი/მშპ 87 37 38 40 45
ეროვნული დანაზოგები/მშპ 135 122 98 72 96
ინფლაცია 115 115 81 78 53
საპროცენტო განაკვეთი 129 - - - -
სახელმწიფო ვალი/მშპ 66 53 44 41 50
საკრედიტო რეიტინგი 97 91 80 84 84

ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ყველა ფაქტობრივი მონაცემი ზუსტია, თუმცა, შეცდომაა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის შესაფასებლად ის 2011-12 წლების კვლევას იყენებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტუნარიანობის მხრივ, საქართველო ყოველ მომდენვნო წელს უკეთეს ადგილს იკავებს, მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით კი, უკუსვლა მხოლოდ 2015-16 წლების ანგარიშში გვქონდა.

 "ვალების ეკონომიკიდან გადავედით ინვესტიციების ეკონომიკაზე"

metcilad_simartle

იმის გასაგებად, თუ რამდენად მართალია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას უნდა გავეცნოთ.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მთლიანი ვალის შესახებ მონაცემები 2016 წლის პირველი კვარტლის ჩათვლითაა გამოქვეყნებული. ფაქტ-მეტრმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო სამწლიანი პერიოდი 2013 წლიდან 2016 წლის პირველ კვარტლამდე პერიოდს შეადარა.

2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძო და სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი ჯამში 8.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2012 წლის 31 დეკემბერს - 13.2 მილიარდს. 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით კი, ვალი 14.6 მილიარდია. შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო სამ წელში მთლიანი ვალი 4.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა, "ქართული ოცნების" მმართველობის სამ წელსა და ერთ კვარტალში კი - 1.3 მილიარდით. აღსანიშნავია, რომ 2010-12 წლებში მთავრობის აღებული ვალი 1.5 მილიარდი დოლარით, 2013-16 წლებში კი 265 მილიონით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2010-2012 წლებში საგარეო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად რუსეთ-საქართველოს ომის და ფინანსური კრიზისის შედეგების აღმოსაფხვრელად მოზიდული კრედიტების მიღებით იყო განპირობებული.

ცალკე აღსანიშნავია, როგორ იცვლებოდა საქართველოს საშინაო სახელმწიფო ვალი. 2010-2012 წლებში საშინაო სახელმწიფო ვალი 202 მილიონი ლარით, ხოლო 2013-2014 წლებში 932 მილიონი ლარით გაიზარდა. 2010-2012 წლებში საშინაო ვალი მშპ-ის მიმართ 2.2% პუნქტით შემცირდა, ხოლო 2013-2015 წლებში 1.7% პუნქტით გაიზარდა. შედეგად, მივიღეთ, რომ თუ წინა მთავრობა უფრო მეტ საგარეო ვალს იღებდა, "ქართული ოცნების" მთავრობა უფრო მეტ საშინაო ვალს იღებს.

რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას, 2013-2015 წლებში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პუი) 4.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო სამ წელში საქართველოში 2.8 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა სამწლიან პერიოდში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე, 2006-2008 წლებში დაფიქსირდა - 4.7 მილიარდი დოლარი. რაც შეეხება ყოველწლიურ ზრდას, 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3%-ით, ხოლო 2014 წელს 87%-ით გაიზარდა. 2015 წელს კი, ინვესტიციები 11%-ით შემცირდა.

ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მილიონი აშშ დოლარი

წელი პუი
2005 449
2006 1 190
2007 2 014
2008 1 564
2009 658
2010 814
2011 1 117
2012 911
2013 941
2014 1 758
2015 1 564

 წყარო: საქსტატი

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო სამ წელში მთლიანი საგარეო ვალი დოლარში უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე "ქართული ოცნების" მმართველობისას. ინვესტიციებიც 2013-15 წლებში მეტი შემოვიდა, ვიდრე 2010-12 წლებში. 2013-15 წლებში, საშუალოდ, ვალად აღებულ ყოველ ერთ დოლარზე საქართველში 3.2 დოლარის ინვესტიცია ხორციელდებოდა, 2010-12 წლებში კი 0.6 დოლარის.

თუ ასეთი მიმართულებით წავიყვანთ ქვეყანას და ასეთ მთავრობას შევინარჩუნებთ, როგორიც გვყავს დღეს, ჩვენ გვაქვს რეალური შანსი იმის, რომ 2030 წლისთვის აშშ-ის მსგავსი ეკონომიკა იყოს საქართველოში

mcdari

ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან შესადარებლად ერთ-ერთი მიღებული მაჩვენებელი საერთაშორისო დოლარებში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტია. აშშ-ისა და საქართველოს ეკონომიკის ერთმანეთთან შესადარებლად კი, მიზანშეწონილია საერთაშორისო დოლარებში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გამოვიყენოთ, ვინაიდან ქვეყნების მახასიათებლები (ფართობი, მოსახლეობის ოდენობა) მნიშვნელოვნად განსხვავებულია.

2015 წლის მდგომარეობით, რეალური მშპ ერთ სულზე საქართველოში 9 109, ხოლო აშშ-ში 52 549 საერთაშორისო დოლარს შეადგენდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წელს საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 3.87 მლნ იქნება. იმისათვის, რომ საქართველო ამერიკის დღევანდელ ეკონომიკური განვითარების დონეს გაუთანაბრდეს, საერთაშორისო დოლარში გამოხატულმა მშპ-მა 2030 წელს 203 მლრდ-ს უნდა მიაღწიოს. 2015 წლის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 33.5 მლრდ საერთაშორისო დოლარი შეადგინა, შესაბამისად, 2030 წლისათვის სასურველი მაჩვენებლის მისაღწევად მომდევნო 15 წლის განმავლობაში წლიური ზრდის ტემპი 12.74%-ის დონეზე უნდა შენარჩუნდეს. აღსანიშნავია, რომ გასული 15 წლის განმავლობაში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით დაანგარიშებული მშპ საშუალოდ 5.8%-ით, 2013-2015 წლებში კი 3.6%-ით იზრდებოდა. მოცემული ტემპის (3.6%) შენარჩუნების პირობებში, ივანიშვილის მიერ დასახელებული შედეგის მიღწევას 51 წელი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის შეფასება სავარაუდოდ ეყრდნობა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის (PPP) ცვლილების საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში (World Economic Outlook) მოყვანილ მონაცემებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლის ზრდას დიდწილად ერთი მხრივ მოსახლეობის შემცირების ტენდენცია, მეორე მხრივ კი დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად საქართველოში დოლარის გაზრდილი მსყიდველუნარიანობა განაპირობებს (იხ. ფაქტ-მეტრის შესაბამისი კვლევა).

მსყიდველობითი პარიტეტის გათვალისწინების გარეშე საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2015 წელს 4 010, აშშ-ში კი 51 486 დოლარს შეადგენს. 2030 წელს საქართველოს რეალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 199 მლრდ დოლარი უნდა შეადგინოს, რათა ამერიკაში დღეს არსებულ მაჩვენებელს გაუთანაბრდეს. აღნიშნული შედეგის მისაღწევად კი, მომდევნო 15 წლის განმავლობაში რეალური მშპ-ის წლიური ზრდის ტემპი დაახლოებით 19%-ის ნიშნულზე უნდა შენარჩუნდეს. 2012-2015 წლებში დაფიქსირებულ საშუალო ზრდის ტემპის (3.7%) გათვალისწინებით აღნიშნული მაჩვენებლის მისაღწევად დაახლოებით 71 წელია საჭირო.

"სამუშაო ადგილები 2006-2012 წლამდე 23 000-ით შემცირდა. ჩვენი მოსვლის შემდგომ, 60 თუ 65 000-ით გაიზარდა სამუშაო ადგილები და ხაზს გავუსვამ, რომ ეს არ გაზრდილა სახელმწიფო სტრუქტურების ხარჯზე"

metcilad_mcdari

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2006-2012 წლებში დასაქმებულთა ჯამური ოდენობა 23 000 ერთეულით შემცირდა, კერძო სექტორში დასაქმებულთა ოდენობა კი, იგივე პერიოდში 63 000-ით გაიზარდა. შესაბამისად, ჯამური მაჩვენებლის კლება ბიუროკრატიის შემცირების მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია. 2008 წლის მდგომარეობით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ოდენობა უკვე 85 000 ერთეულით იყო შემცირებული 2006 წელთან შედარებით და 2012 წლის მაჩვენებელს უტოლდებოდა. 2012-2015 წლების განმავლობაში კერძო სექტორში დასაქმებულთა ოდენობა, საქსტატის ინფორმაციით, 55 000 ერთეულით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი კი 1 000-ით გაიზარდა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, ხელფასის მიმღებთა ოდენობა, დეკემბრის მდგომარეობით, 2012-2015 წლებში 94 286 ერთეულითაა გაზრდილი.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ივანიშვილის მიერ დასახელებული რიცხვები ცალ-ცალკე მეტწილად თანხვედრაშია ოფიციალურ მონაცემებთან, თუმცა მათი ერთმანეთთან შედარება მიზანშეუწონელია, ვინაიდან სხვადასხვა სიდიდეებს შეესაბამება. ფაქტ-მეტრის პოზიციით, სტატისტიკური მონაცემების ანალიზისას დაშვებულმა მსგავსმა უნებლიე თუ შეგნებულმა ხარვეზებმა შესაძლებელია საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

"ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპით, რომელიც არასდროს არ ყოფილა წინა ხელისუფლების დროს. როდესაც რეგიონში არის კრიზისი, როდესაც ევროპაში არის კრიზისი და საერთოდ ეკონომიკური კრიზისია, იქ ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება ძალიან მაღალი ტემპებით და ამ პროცესში საქართველო არის ლიდერი ეკონომიკის ზრდის ტემპებით"

mcdari

საქართველოში 2015 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ჯგუფში კლასიფიცირებულ 12 ქვეყანას შორის, აღნიშნული მაჩვენებლი ჩამოუვარდება სომხეთის (3%), უზბეკეთის (8%) ყირგიზეთის (3.5%), ტაჯიკეთის (3%) და თურქმენეთის (6.5%) ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. ევროპის განვითარებად ქვეყნებს შორის კი, საქართველოს მსგავსი და უფრო მაღალი ზრდის ტემპი აქვს ბოსნია-ჰერცოგოვინას (2.8), ბულგარეთს (3), უნგრეთს (2.9), კოსოვოს (3.3), მონტენეგროს (4.1), მაკედონიას (3.7), პოლონეთს (3.6), რუმინეთს (3.7) და თურქეთს (3.8). შესაბამისად მტკიცება, რომ ზრდის ტემპის მიხედვით საქართველო ლიდერია, საფუძველს მოკლებულია. ამავდროულად, 2005-2007 წლებში საქართველოს ევროპის განვითარებად ქვეყნებზე მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა, 2010-2011 წლებში მხოლოდ თურქეთს ჩამორჩებოდა, ხოლო 2012 წელს ისევ პირველ ადგილზე იყო.

რაც შეეხება ევროპასა და რეგიონში კრიზისის არსებობას, უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცება რეგიონში მიმდინარე მოვლენების უარყოფითი გავლენის შესახებ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე სამართლიანია. თუმცა, ევროპაში კრიზისის არსებობაზე მითითება გაუგებარია, ვინაიდან ევროპის ეკონომიკა 2012 წელს 0.5%-ით შემცირების შემდგომ, 2013-2014 წლებში შესაბამისად 0.2 და 1.4%-ით გაიზარდა, 2015 წელს ზრდის ტემპმა ზრდა განაგრძო და 1.9% შეადგინა.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი