მამუკა მდინარაძე: აშშ-ში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი:
2024 წლის 22 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა: ,,ამერიკის შეერთებულ შტატებში მედია საშუალებები, რომლებიც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, ხვდებიან FARA-ს რეესტრში და არიან ფინანსური ანგარიშგების ვალდებულები...რუსეთს ასეთი დათქმა არ აქვს, ჩვენ ეს აღებული გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ანუ „FARA-ს“ პრაქტიკიდან”.
„ფაქტ-მეტრმა“ მამუკა მდინარაძის განცხადება გადაამოწმა.
საქართველოში ხელმეორედ დაინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ყველა იმ არასამთავრობოსა და მედიასაშუალებას შეეხება, რომლებიც დაფინანსების სულ მცირე 20%-ს უცხოელი დონორებისგან იღებენ.
კანონპროექტი, სწორედ რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის მსგავსად, ორგანიზაციას უცხოეთის ინტერესების გამტარებლად (აგენტად) მხოლოდ იმაზე დაყრდნობით აცხადებს, იღებს, თუ - არა ის დაფინანსებას უცხოეთიდან. ამისგან განსხვავებით, დემოკრატიული სახელმწიფოები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, გასაკონტროლებლად მიიჩნევენ არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით თუ დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა.
აშშ-ში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაორგანიზაცია იღებს უცხოურ გრანტებსა და დახმარებას, მაგრამ FARA მათგან უცხოურ აგენტად რეგისტრაციას არ მოითხოვს, რადგან FARA არ ადგენს რეგისტრაციის ვალდებულებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას უცხოური წყაროდან იღებს. რეგისტრაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი უცხოური ძალის პირდაპირი მითითებით და მისი კონტროლის ფარგლებში მოქმედებს.
FARA-ს მიხედვით, დადგენილია პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მედიას აგენტად რეგისტრირება არ მოუწევს. ფარა განსაზღვრავს, რომ თუ მედიასაშუალების 80%-ის მფლობელი და მისი მმართველი აშშ-ს მოქალაქეები არიან და ეს მედია არ არის უცხო ძალის ან უცხო ძალის აგენტის დაფინანსებისა და კონტროლის ქვეშ, მაშინ მასზე აგენტად რეგისტრირების მოთხოვნა არ ვრცელდება. აგენტად მედიის რეგისტრირებისთვის, თუ ის აშშ-ს მოქალაქის მფლობელობაშია, საჭიროა, რომ ეს მედიასაშუალება დაფინანსებას უცხო ძალისგან ან მისი აგენტისგან იღებდეს და მისი პოლიტიკა განსაზღვრული უნდა იყოს ამ უცხო ძალის/მისი აგენტის მიერ. შესაბამისად, ფარას მიხედვით, მხოლოდ დაფინანსების მიღების ფაქტი, აშშ-ში რეგისტრირებული და აშშ-ს მოქალაქის მფლობელობაში არსებული მედიის აგენტად რეგისტრირებისთვის საკმარისი არაა. ამასთან, ორგანიზაციის ფლობა და ორგანიზაციის დაფინანსება ორი განსხვავებული ცნებაა, რომელთაც მამუკა მდინარაძე ერთი და იმავე შინაარსის ტერმინებად გვთავაზობს. მამუკა მდინარაძე ცდილობს, ეს ორი ცნება გააიგივოს და შემდეგი სურათი დაგვიხატოს - თუ 80%-ს ფლობს აშშ-ს მოქალაქე და 20%-ს სხვა ქვეყნის მოქალაქე და ეს აგენტად რეგისტრირების ვალდებულებისგან ათავისუფლებს, ე.ი. თუ 21 %-ს აფინანსებს სხვა ქვეყნის მოქალაქე, აგენტად უნდა დარეგისტრირდე. სინამდვილეში, დაფინანსებაზე ამგვარი ზღვარი დაწესებული არაა. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადება, რომ მათ საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტში ეს ზღვარი აშშ-ს გამოცდილებიდან გადმოიღეს. აშშ-ში ზღვარი მხოლოდ მფლობელობაზეა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, „ფონდი ქართუ“ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, დააფინანსებს 30 მილიონი ლარით, მაგრამ მისი მფლობელი ვერ გახდება. [1]
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ FARA უცხო ქვეყნებიდან მომდინარე მავნე ზეგავლენისგან დასაცავად და საფრთხეების ასარიდებლად გამოიყენება და ამისათვის, ის არა ცალკეულად ფულის აღების ფაქტით ხელმძღვანელობს, არამედ კონკრეტული აქტივობით, რომელიც მესამე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, განხორციელდა. ამრიგად, მამუკა მდინარაძის მტკიცება, თითქოს FARA ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებებს აკისრებდეს ორგანიზაციებს, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, მათ 20%-ზე მეტი დაფინანსება უცხოეთიდან, მიიღეს, თუ - არა, მიღებული თანხების მიზნობრიობის უგულებელყოფით, სიმართლეს არ შეესაბამება, ამიტომ, „ფაქტ-მეტრი“ მის განცხადებას ვერდიქტით ტყუილი აფასებს.
უფრო ვრცლად აშშ-ში მოქმედი FARA-ს შესახებ იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.
[1]
FARA-ს მიხედვით, ტერმინი „უცხო ძალის აგენტი“ არ მოიცავს ახალ ამბებს, პრეს სერვისს ან ასოციაციას, რომლებიც ორგანიზებული არიან აშშ-ს კანონმდებლობის ან რომელიმე შტატის კანონმდებლობის საფუძველზე, ან სხვა კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ექცევა აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ. ასევე, ნებისმიერ გაზეთს, ჟურნალს, პერიოდულ გამოცემას ან პუბლიკაციას, რომელიც შესაბამისობაშია შეერთებული შტატების საფოსტო სერვისის მოთხოვნებთან, ან სხვა ნამდვილად ჟურნალისტურ აქტივობებს მანამ, სანამ აქტივობის განმახორციელებელი პირის 80 %-ის მაინც მფლობელი, მისი მმართველები და დირექტორები აშშ-ს მოქალაქეები არიან და თუ ასეთი ახალი ამბების თუ პრესის სერვისი, ასოციაცია, გაზეთი, ჟურნალი, პუბლიკაცია არ არის უცხო ძალის მფლობელობაში, მართვაში, ზედამხედველობის ქვეშ, კონტროლქვეშ, სუბსიდირებული ან დაფინანსებული და მისი პოლიტიკები არ არის განსაზღვრული უცხო ძალის მიერ, რომელიც განმარტებულია ამავე ქვეთავში, ან უცხო ძალის აგენტის მიერ.
რედაქტორის შენიშვნა: 23 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჩვენს სტატიას გამოეხმაურა და განაცხადა: "გუშინ რაც მითქვამს, თქვენ რაც გიპასუხეთ, ეს ყოფილა ტყუილი. რატომ იცით? 20 პროცენტი რომ ვახსენე, აბა თქვენ მითხარით თუ შეიძლება. იქ წერია, 20 პროცენტი არ წერია მართლა, 80 პროცენტს თუ არ ფლობს ამერიკის მოქალაქე, ან ამერიკული ორგანიზაცია, ეს ნიშნავს თუ არა, გარედან ფლობას და გარედან დაფინანსებას 20 პროცენტზე მეტისას?“
სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მოცემული იყო აშშ-ში მოქმედი უცხოეთის აგენტთა რეგისტრაციის აქტის სრული ციტატა, რაც შინაარსის აღქმას ართულებდა. აღნიშნული ციტატა გადატანილია ფუტნოუტში და სტატიაში მისი შინაარსია დატოვებული. რეალურად, ორგანიზაციის ფლობა და მისი დაფინანსება განსხვავებული ტერმინებია. ფარა 80%-ს ორგანიზაციის წილის ფლობის ზღვრად ადგენს და დაფინანსების რაოდენობაზე საერთოდ არ საუბრობს.