წლის 29 ივლისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილული კანონებიდან ერთ-ერთი თამბაქოზე აქციზის გაზრდას ეხებოდა. უმცირესობის წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა, კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მას ამ კანონის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა, არსებობს რამდენიმე პრობლემა, რაც ამ კანონის მიღებას შეიძლება მოჰყვეს. მისი თქმით, აქციზმა არ უნდა გაზარდოს ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანა. დეპუტატი ასევე დაინტერესდა იმ 26 მილიონით, რომელიც აქციზის გაზრდის შედეგად ბიუჯეტში შემოვა და მოითხოვა, რომ ფინანსთა სამინისტრომ წინასწარ განსაზღვროს ამ თანხის მიზნობრიობა. ამ კონტექსტში მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მას კიდევ უფრო უმყარდება აზრი იმის შესახებ, რომ კორექტირებულ ბიუჯეტში 247 მილიონი ლარის გარღვევა, რომელიც ექვსი თვის (ორი კვარტლის) შემდეგ გამოიკვეთა, მართლაც მეტად საშიშია და აქციზის გაზრდის შედეგად შემოსული თანხების გამოყენება სწორედ ამ დეფიციტის დასაფარად იგეგმება.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა გადაემოწმებინა, მართლაც არის თუ არა კორექტირებული ციფრებით ბიუჯეტში 247 მილიონი ლარის გარღვევა ბოლო 6 თვის (ორი კვარტლის) განმავლობაში.
საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონისთანახმად, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გეგმის მიხედვით 7 მილიარდ 422 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს. აქედან, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები (მოგების, დღგ, საშემოსავლო და სხვა) 6 მილიარდ 920 მილიონი ლარია. შემოსავლების დანარჩენი წილი კი გრანტებიდან და სხვა შემოსავლებიდან (პროცენტები, დივიდენდები, რენტა, ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახადები და სხვ.) აკუმულირდება.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოს ბიუჯეტის კანონში წინასწარ გაწერილი გეგმა (შემოსავლების, ხარჯების და სხვა მუხლების შესახებ) მხოლოდ წლიურია და მისი ცვლილება წლის განმავლობაში მხოლოდ პარლამენტში მისი განხილვის და დამტკიცების შედეგად არის შესაძლებელი. რაც შეეხება კვარტალურ გეგმას, ის ბიუჯეტის კანონში ასახული არ არის და ფინანსთა სამინისტროს შიდა დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში ცვლილებას და კორექტირებას ექვემდებარება. ამ გეგმების, ისევე როგორც კორექტირებამდე არსებული კვარტალური გეგმის მოძიება, ფინანსთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სახით შესაძლებელია. ჩვენ ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ და მასზე დაყრდნობითჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ მაჩვენებლების კორექტირება ორჯერ მოახდინა - ერთხელ 2013 წლის დასაწყისში, პირველი კვარტლის პერიოდში, მეორედ კი - მეორე კვარტლის დროს.
იმისათვის, რომ მიხეილ მაჭავარიანის განცხადების სიზუსტე გადაგვემოწმებინა, ავიღეთ (1) სახელმწიფო ბიუჯეტის საწყისი კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლები კორექტირებამდე, (2) ფინანსთა სამინისტროს მიერ პირველი კვარტლისთვის კორექტირებული მაჩვენებლებიდა (3) ბიუჯეტის შესრულების 6 თვის სტატისტიკა. ამ მონაცემების ანალიზით შევეცადეთ გაგვერკვია, მართლაც არის თუ არა ბიუჯეტში „247 მილიონი ლარის გარღვევა კორექტირებულ ბიუჯეტთან“ მიმართებაში, როგორც ამას უმცირესობის წარმომადგენელი აცხადებს.
ზემოთ მოყვანილ ცხრილში ნაჩვენები მონაცემები ფინანსთა სამინისტროს შიდა კვარტალური კორექტირებამდე არსებული (საწყისი) გეგმიური მაჩვენებლებია, რაც 2012 წლის ბოლოს იქნა შემუშავებული. პირველ და მეორე კვარტალში ერთად შემოსავლების სახით 3,469,803,500 ლარის მობილიზება იყო ნავარაუდები, საიდანაც 3,229,290,000 ლარი გადასახადების სახით უნდა შემოსულიყო. თუ ამ მონაცემებს 6 თვის საკასო შესრულებას შევადარებთ [ანუ იმ თანხას რაც რეალურად შემოვიდა ბიუჯეტში 6 თვის თავზე], დავინახავთ, რომ გადასახადების მუხლში 247,767,900 ლარის [2,981,522,100 - 3,229,290,000 = -247,767,900] გარღვევას აქვს ადგილი, ხოლო მთლიანი შემოსავლების კუთხით 310,560,000 ათასი ლარის [3,159,243,500 - 3,469,803,500=-310,560,000] გარღვევა ფიქსირდება. 247 მილიონი ლარის გარღვევა, ისიც გადასახადების მუხლში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოდის, თუ 6 თვის საკასო შესრულებას კორექტირებამდე არსებულ საწყის საპროგნოზო მაჩვენებელს ვადარებთ.
ფინანსთა სამინისტრომ პირველი კვარტლის პერიოდში მაჩვენებლების კორექტირება მოახდინა, რითაც შეამცირა მიღებული შემოსავლების, მათ შორის, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზი (იხ. ცხრილი ქვემოთ).
პირველი კორექტირების შემდეგ, 2013 წლის პირველი ექვსი თვის შემოსავლის სახით 3,361,674,700 ლარის მობილიზება იქნა ნავარაუდები, რაც 108,128,800 ათასი ლარით ნაკლებია 2012 წლის ბოლოს ნავარაუდებ შემოსავალზე [3,469,803,500 - 3,361,674,700 = 108,128,800].პირველ კვარტალში კორექტირებული მაჩვენებლების მიხედვით, შემოსავლებში 202,431,200 ლარის გარღვევა, ხოლო გადასახადებიდან შემოსულ თანხებში კი - 166,181,900 ლარის გარღვევა ფიქსირდება.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორე კვარტლის ბოლოს, პირველი კვარტლის დაზუსტებული მონაცემების გათვალისწინებით, ბიუჯეტში 202 მილიონი ლარით ნაკლები შემოვიდა, ვიდრე ნავარაუდები იყო. რაც განსხვავდება მიხეილ მაჭავარიანის მიერ ნახსენები 247 მილიონისგან, თუმცა აჩვენებს დეპუტატის საკითხისადმი მიდგომის მართებულობას.
დასასრულს, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ მეორე კვარტლის ბოლოს კორექტირებულ მონაცემებზე, რომელიც ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია ნაჩვენები.
ამ ცხრილის მეორე სვეტში ნაჩვენებია 6 თვის დაზუსტებული გეგმა, რომელიც კიდევ უფრო ნაკლებია, ვიდრე პირველი კვარტლის ბოლოს დაკორექტირებული გეგმა. ამ მონაცემების მიხედვით, შემოსავლების საკასო შესრულება დაზუსტებულ გეგმას 8,175.0 ათასი ლარით აჭარბებს, ფაქტიური გადასახადებისგან მიღებული შემოსავალი კი გეგმიურზე 4,505.0 ათასი ლარით მეტია. აქედან გამომდინარე, მეორედ კორექტირებულ ბიუჯეტზე დაყრდნობით, გარღვევა არ ფიქსირდება. შესაბამისად, თუ მხოლოდ მეორე კვარტლის ბოლოს დაზუსტებულ მონაცემებს დავეყრდნობით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება არაზუსტია. თუმცა, 2012 წლის გეგმისა და 2013 წლის პირველი კვარტლის პერიოდში კორექტირებული მონაცემების გათვალისწინებით, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება მეტწილად სიმართლეს შეესაბამება. დასკვნაზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოს პირველ და მეორე კვარტალში ბიუჯეტის კორექტირება რომ არ მოეხდინა, ოფიციალური მონაცემებით ბიუჯეტში პირველ 6 თვეში გარღვევა გვექნებოდა.
თუ 6 თვის საკასო შესრულებას საწყის, წინასწარ გეგმას შევადარებთ, ბიუჯეტში გადასახადების მუხლში 247,767,900 ათასი ლარის გარღვევას აქვს ადგილი, რაც ზუსტად დეპუტატის მიერ ნახსენები მონაცემებია. თუ 6 თვის საკასო შესრულებას პირველად კორექტირებულ მონაცემებს შევადარებთ, ბიუჯეტის გადასახადების მუხლში გარღვევა 166,181,900 ათას ლარს გაუტოლდება. იმ შემთხვევაში, თუ 6 თვის საკასო შესრულებას 6 თვის თავზე დაზუსტებულ გეგმას [მეორეჯერ კორექტირებულ ბიუჯეტს] შევადარებთ, გადასახადების მუხლში არა გარღვევას, არამედ 4,505,000 ლარის გადაჭარბებას ექნება ადგილი.
ჩვენი ანალიზის შედეგად ვასკვნით, რომ უმცირესობის დეპუტატის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადება „ბოლო 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტში არის 247 მილიონი ლარის გარღვევა, ეს არის კორექტირებული ციფრები, კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით’’, არის მეტწილად სიმართლე.