„ქართულმა ოცნებამ“ 88 ხმით 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდასა და 3%-იან ინფლაციაზეა დაგეგმილი. ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ნომინალური მშპ 99 მლრდ ლარს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9700 დოლარს მიაღწევს. მთავრობის ვალი მშპ-ის 35.9%-ითა და ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2.5%-ით განისაზღვრა.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 27.9 მლრდ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის (სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებული ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი) ხარჯვითმა ნაწილმა 32.9 მლრდ ლარს უნდა მიაღწიოს. წინა წლების მსგავსად, 2025 წელსაც პრიორიტეტად სოციალური მიმართულებები დასახელდა, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის თითქმის მესამედი მოხმარდება.

პირველი წარდგენის შემდეგ, საბოლოო დამტკიცებულ ვარიანტში, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები (ყველა შემოსავალი ერთად) 710 მლნ-ით 27.6 მლრდ ლარამდე და გადასახდელები (ყველა ხარჯი ერთად) 893 მლნ-ით 27.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

შემოსულობებში 23.4 მლრდ ლარი შემოსავლებია, 3.4 მლრდ ლარი ახალი ვალი, 400 მლნ ფინანსური აქტივების კლება და 300 მლნ პრივატიზაციიდან მისაღები სახსრები.

2024 წლის გეგმასთან შედარებით, გრანტების მოცულობა 66 მლნ ლარით - 200 მლნ-მდე მცირდება, მათ შორის ევროკავშირისგან მისაღები გრანტები - 105 მლნ-დან 7 მლნ-მდე. ოქტომბერში, ბიუჯეტის პირველი წარდგენის შემდეგ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებდა, რომ საბოლოო ვარიანტში ევროკავშირიდან მისაღები გრანტების მოცულობა აუცილებლად გაიზრდებოდა, თუმც ამ მიმართულებით კორექტივები არ გაკეთებულა. უფრო მეტიც, 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადგან ევროკავშირში 2030 წლამდე გაფართოება არ იგეგმებოდა, საქართველო 2028 წლის ბოლომდე მოლაპარაკების გახსნის საკითხს არ დააყენებდა და ასევე 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირის გრანტებზეც უარს აცხადებდა.

ცხრილი 1: შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

როგორც შემოსავლებში, ასევე მთლიან გადასახდელებში ძირითადი წილი გადასახადებზე მოდის. გადასახადებით მთავრობა 21.9 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 2.8 მლრდ-ით აღემატება.

გადასახადებისგან მისაღები სავარაუდო თანხის მოცულობა პირველი წარდგენის შემდეგ 700 მლნ ლარით გაიზარდა. მთავრობა თამბაქოზე აქციზის განაკვეთის 20 თეთრით კოლოფზე ( 1.70 ლარიდან 1.90 ლარამდე) ზრდას გეგმავს. 15%-დან 20%-მდე იზრდება მოგების გადასახადის განაკვეთი ონლაინ აზარტულ თამაშებზეც. ამავდროულად, საკანონმდებლო ცვლილებების გზით, მთავრობა სამშენებლო სექტორიდან გადასახადების სახით დამატებით 200 მლნ ლარის მიღებას გეგმავს. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ამჟამად სამშენებლო სექტორში დასაქმებულ მუშებს მცირე მეწარმის სტატუსს ანიჭებენ და ისინი 20%-ის ნაცვლად 1%-ით იბეგრებიან.

გრაფიკი 1: გადასახადების სახით მისაღები შემოსავლები (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გრაფიკზე არ ჩანს მხოლოდ ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივ გადასახადთა კატეგორიას მიეკუთვნება და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიემართება. რადგან საქართველოს სავაჭრო პარტნიორების დიდ ნაწილთან, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ან მასთან გათანაბრებული ხელშეკრულება აკავშირებს, იმპორტის გადასახადის მოცულობა კვლავ მინიმალურ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მისი წილი გადასახადებში 0.7%-ია.

ხარჯები დეტალურად მეექვსე თავშია აღწერილი. ყველაზე დიდი მხარჯავი უწყების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 1 მლრდ-ით - 8.8 მლრდ-მდე იზრდება. ეს რიცხვი ბიუჯეტის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 120 მლნ ლარით მეტია. მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე 4.5 მლრდ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, ანუ 570 მლნ-ით მეტის, ვიდრე 2024 წელს. 119 მლნ-იანი ზრდის შემდეგ სოციალურ დახმარებებზე გამოყოფილი თანხა 1.6 მლრდ-ს გადააჭარბებს. 185 მლნ-ით - 1.2 მლრდ-მდე იზრდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებაც.

სიდიდით მეორე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დაფინანსება 275 მლნ დოლარით მცირდება, რისი მიზეზიც უმთავრესად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსების 320 მლნ-ით - 905 მლნ ლარამდე შემცირებაა.

577 მლნ ლარიანი ზრდის შემდეგ, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 3 მლრდ-ს გადააჭარბებს. ამ თანხის ნახევარი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებას მოხმარდება.

350 მლნ ლარით - 1.7 მლრდ-მდე იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიც. თანხის ეს ოდენობა ნომინალურად რეკორდული იქნება, მაგრამ ინფლაციის გათვალისწინებით, 2007-2008 წლებში, თავდაცვის სამინისტროზე გამოყოფილი ასიგნებები (1.5 მლრდ ლარი) 2024 წლის მსყიდველუნარიანობით 3 მლრდ ლარს აღემატება. მშპ-სთან მიმართებითაც 2005-2017 წლებში დაფინანსება 2%-ს[1] , ზოგ შემთხვევაში 8%-საც აღემატებოდა. 2018 წლიდან კი 2%-ს ამოსცდა.

135 მლნ-ით, ძირითადად შრომის ანაზღაურების ხარჯზე, 1.4 მლრდ-მდე იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაც.

გრაფიკი 2: ასიგნებები ცალკეული სამინისტროებისთვის

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დაფინანსება სხვა სამინისტროებსაც ეზრდებათ. თანხობრივად ყველაზე მეტად ეკონომიკის სამინისტროს, პროცენტულად კულტურის სამინისტროს. კულტურის დაფინანსების ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა (საბიუჯეტო კოდით 33 02) 98 მლნ-დან 147 მლნ ლარამდე იზრდება. ბიუჯეტის დამტკიცების მომენტში, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა, თუმცა მათი გაყოფა საპარლამენტო არჩევნებამდე დაანონსდა.

გრაფიკი 3: ასიგნებები სამინისტროებისთვის

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

რაც შეეხება სხვა მხარჯავ უწყებებს. ამ შემთხვევაშიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაფინანსება თითქმის ყველას ეზრდება. დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანადაფინანსებისთვის, სუს-ისთვის, საერთო სასამართლოებისთვის, ცესკოსთვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, პარლამენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, თითოეულის შემთხვევაში 100 მლნ ლარზე მეტის დახარჯვაა დაგეგმილი.

გრაფიკი 4: ასიგნებები სხვა მხარჯავი უწყებებისთვის

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2025 წლისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 10 მლნ-ის, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციისთვის 29 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. უცვლელი, 25 მლნ ლარიანი დაფინანსება უნარჩუნდება საპატრიარქოს. მისი დაფინანსება წლებია 25 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

ბიუჯეტში ჩნდება ახალი ჩანაწერებიც, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა 20 მლნ ლარით უნდა დაფინანსდეს, რაც არასამთავრობოთა ნაწილის დაფინანსებას გულისხმობს.

ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა კანონმდებლობა მასში კორექტივების შეტანის შესაძლებლობას იძლევა. თუ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდება, ბიუჯეტი, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუ უფრო დაბალი - შემცირდება. დასაშვებია ცალკეული უწყებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ცვლილებაც.


[1] NATO-ს წევრი ქვეყნების მეთაურების შეთანხმების მიხედვით, ალიანსის თითოეული წევრი თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ს უნდა ხარჯავდეს.