ათ დღეზე მეტია, რაც აჭარიდან ახალგაზრდების პროტესტი დანარჩენი საქართველოს პროტესტს უწყვეტად უერთდება და სულ უფრო ხმამაღლა ისმის. ეს პროტესტი დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი ძალით იფეთქა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის გაფიცვას კი გადამდები ეფექტი ჰქონდა - მალე პროტესტს საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც შეუერთდნენ. დღეს ეს ახალგაზრდები დგანან ყველგან, სადაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, იქნება ეს აჭარის ა/რ მთავრობის სახლი, საკონსტიტუციო სასამართლო, საქალაქო სასამართლო, ბათუმის ქუჩები, მოედნები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, იუსტიციის სახლი თუ სხვა. მათ აკავებენ, სცემენ, ათავისუფლებენ და ისევ აკავებენ. თუმცა ახალგაზრდებს ეს არ აჩერებს, არ აშინებს და ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებენ, რადგან ნათელ მხარეს დგანან.

როგორ დაიწყო მათი პირადი პროტესტი, რამ გააერთიანა ისინი, რა წინააღმდეგობებს აწყდებიან და უმკლავდებიან აქტივიზმის გზაზე - ამის შესახებ ახალგაზრდები „ფაქტ-მეტრთან“ ჰყვებიან.

არჩილ ბერიძე: სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „როცა სოფლიდან ჩამოვედი და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ ყველაფერი ისე არ იყო ქალაქში, როგორც სოფლიდან ჩანდა. ძალიან ბევრ უსამართლობას წავაწყდი, მათ შორის, სოციალურსაც - გადასახადები, სამსახურის მოძიება, სახლიდან უნივერსიტეტამდე მისასვლელად - საცობები... ხელვაჩაურში ვცხოვრობდი და ყველა გაწვიმების დროს, წყალი არ გვქონდა. მივხვდი, რომ გადასახადების გადამხდელ ადამიანს ასეთი ტიპის პრობლემები სახელმწიფომ უნდა მოუგვაროს. მაგისთვის ვირჩევთ ხელისუფლებას და არა იმისთვის, რომ რეზინის ტყვიები დაგვიშინოს და წყლის ჭავლი გვტყორცნოს. ამ რაოდენობის წყალი რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამოიყენონ, უწყლობის პრობლემა მოგვარდებოდა. უნივერსიტეტშიც ძალიან ბევრი პრობლემა იყო, ლექტორების კვალიფიკაცია არ იყო მაღალი, ისინი იყვნენ პარტიულად პოლიტიზებულები, ადგილობრივი არჩევნების წინ, ბათუმის საკრებულოს წევრები ღიად შემოდიოდნენ და უნივერსიტეტის ეზოში სუსის მანქანა დარბოდა. მაშინ მივხვდი, რომ რეალობა ძალიან უსამართლოა.

რაც ახლა ხდება, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებაზე აისახება. აქტიურობა დავიწყე, მათ შორის, სოციალურ ქსელში. გამოჩნდნენ თანამოაზრეები. მერე ვმართავდით დისკუსიებს უნივერსიტეტში. იყო გარკვეული წინააღმდეგობა ადმინისტრაციის მხრიდან, ვგულისხმობ, პარტიულ თემებს (ძალადობა, პოლიტიკური იდეოლოგიები და სხვა), მაგრამ არ გვაინტერესებდა ეგ წინააღმდეგობა. უნივერსიტეტი სტუდენტებისაა და არა ადმინისტრაციის. პარტიაში რომ წავედი, იყო ბევრი კრიტიკაც. მქონდა კომპლექსი, რადგან ოპოზიციური პარტიების მარგინალიზება ხდებოდა. ეს კომპლექსი გადავლახე, რადგან მივხვდი, რაც მეტი ახალგაზრდა წავა პარტიაში, ბელადომანია დაიმსხვრევა. ახალგაზრდები ბევრად დამოუკიდებელი ვართ, დავალებებს ბრმად არ ვასრულებთ, კრიტიკულად განსჯისა და გააზრების უნარი გვაქვს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რაც გავაკეთეთ, ეგ სპონტანურად მოხდა. მარტის აქციებზე დამეგობრებული ახალგაზრდები შევხვდით. ოთხი ოპოზიციური პლატფორმის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვიყავით და უბრალოდ, თავისუფალი მოქალაქეები, აქტივისტები. ცხარე კამათი გვქონდა, მაგრამ შევთანხმდით ისეთ აქტივობაზე, რომელსაც სტუდენტების მხარდაჭერა ექნებოდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია მქონდა, როგორ იყო ჩართული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არჩევნების მოპარვის პროცესში. ისინი ცდილობდნენ ლექციებზე შესული სტუდენტების ჩვენთან დაპირისპირებას, მაგრამ ამ სტუდენტების ნაწილი უკვე ღიად დგას ჩვენ გვერდით. ისინი კი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ახლა შემალული არიან კაბინეტებში და უწევთ „გააპრაონ“ რუსული რეჟიმი. ხმას ვერ იღებენ უსამართლობაზე და ფეხბურთელების ან საეკლესიო პოსტებს აზიარებენ. არც კი მჯერა, რომ მორწმუნე, ეკლესიურ ადამიანს შეუძლია, ამ დარბევებსა და სისასტიკეზე ჩუმად იყოს. ბათუმში ათამდე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის, არასრულწლოვანი. რამდენიმეს ხუთდღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და გუშინ გათავისუფლდნენ. იყო ზეწოლა და როგორც ისინი ჰყვებიან, ცემის ფაქტებიც. როგორც ჩანს, ბევრი ადამიანის დანახვამ პოლიცია შეაშინა და რობოკოპები გამოიყვანეს. ისინი იღლებიან, სისტემა იღლება და მაქვს მოლოდინი, რომ მოვიგებთ. ჩვენ ვნახეთ მოძალადეების სია. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო რომ მოძალადეების პერსონალურ ინფორმაციას ვერ იცავს, ჩვენ როგორ დაგვიცავს?“

ნოკო მირცხულავა, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი: „ჩემი ოჯახი არის აფხაზეთიდან. ბავშვობიდან მუდმივად მქონდა რუსეთის მიმართ უსამართლობის განცდა. მივხვდი, რომ, როცა ადამიანები უსამართლობის წინააღმდეგ ხმას არ იღებდნენ, ეს უსამართლობა სისტემურ ხასიათს იძენდა და ეს მაღიზიანებდა. თანდათან დავიწყე აქციებზე გამოსვლა, ვუყურებდი, როგორ მოქმედებდნენ აქტივისტები და ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი აქტივისტად. აქციებზე რომ ადამიანი გამოდის, აქტივისტები ცდილობენ, არ დაკარგონ თვალთახედვიდან, ერთმანეთს პოულობენ, ეკითხებიან, რამ გაუჩინა უსამართლობის განცდა, ახალ სახეს აკვირდებიან, ეუბნებიან, რომ ისტორიის სწორ მხარეს დგას. თავდაპირველად შეიძლება გაგეცინოს, აი მე, ერთ ადამიანს, ისტორიაში რისი შეცვლა უნდა შემეძლოს. მერე აღმოაჩენ, რომ თანამოაზრეების დიდი ოჯახის ნაწილი ხდები, რომელშიც, იქნებ, ყველას სახელითა და გვარით არ იცნობ, მაგრამ ქუჩაში თბილად ესალმებით ერთმანეთს, აზრებს ცვლით...

ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც ამ აქტივიზმმა მოგვიტანა, იყო „რუსული კანონის“ პროექტის გაწვევა. მართალია, მერე დაამტკიცეს, მაგრამ იმ დღეებში თბილისში ვიყავი და ვხედავდი, როგორ უპირისპირდებოდა ცხოველების ერთი ჯგუფი ადამიანებს, ვიღაც ერთი კაცის ინტერესებისთვის. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო პირები არ ტოვებდნენ წაქცეულს, მიდიოდნენ, დახმარებას ცდილობდნენ, თავსაც გასწირავდნენ, რომ ის ადამიანი იმ ცხოველებისგან გამოეყვანათ.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წინ აქციაზე დამაკავეს. ყველაზე მეტად რა გულისტკივილიც გამიჩნდა აჭარის საზმაუს მიმართ, იყო მისი თანამშრომლის განცხადება, თითქოს აქტივისტის მიერ გასროლილმა გაზმა დააზიანა. გდდ-ის (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის) თანამშრომლებმა მანქანასთან მიმიმწყვდიეს, როცა არასრულწლოვანს სცემდნენ. გასწირეს ეს ბავშვი, ყვიროდა, არასრულწლოვანი ვარო, მაგრამ არ აინტერესებდათ. ჩვეულებრივი ბრბო იყო, რომელიც მოქმედებდა ისე, როგორც უკარნახეს. იმ ბავშვთან ერთად, მეც მცემეს ჯერ მანქანასთან, მერე გადაყვანის დროს. დაწოლილ მდგომარეობაში შემიყვანეს მანქანაში, გდდ-ის თანამშრომლები ჩასხდნენ. ერთ-ერთმა ყური ამიწია. ამას გულისტკივილით ვამბობ, ისეთი შეურაცხმყოფელი იყო... [პროცესზე] შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ შინაგანად სჯეროდა, მე რომ დამნაშავე ვიყავი. მოსამართლემ, რომელიც ჩემს უნივერსიტეტში ასწავლის და ქვეყნის სირცხვილია, ეგ ადამიანი რომ რობაქიძის უნივერსიტეტში ასწავლის სამართალს, გამოაცხადა, ხუთდღიანი პატიმრობა ნიკოლოზ მირცხულავასო! რის საფუძველზე - არ უთქვამს. ორი დღე ვიყავი ბათუმის წინასწარი დაკავების საპატიმროში, სამი დღე - ფოთში. როგორც მითხრეს, ბათუმში ადგილები აღარ იყო. პირველ ორ დღეს თვალის გახელა მიჭირდა, დაზიანებული მაქვს. ასევე ყური მაქვს დაზიანებული, ნეკნები, თირკმელი, ფეხები, ხერხემლის არე... სხვათა შორის, დაკავებული რომ ვიყავი, იქ არანაირი მუქარა და შეურაცხყოფა არ ყოფილა. მივხვდი, რომ შიგნიდან დაწყებულია სისტემის რღვევა. [დასაქმებულები] გვეუბნებოდნენ, ბიჭებო, არ გიყურებთ, როგორც კრიმინალებს, გვჯერა, უდანაშაულო ხართ. ასეთი ფრაზები მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორებში კი არ ისმოდა, არამედ საპატრულო ეკიპაჟების მხრიდანაც, მანდატურების მხრიდანაც... ცდილობდნენ, მალულად გამოეხატათ თანაგრძნობა. ჩემი ძმა თბილისშია. თავი აქვს გატეხილი, დარბეულია გაზით და წყლის ჭავლით... ჩემი ოჯახის წევრებს უთხრეს, ხომ ხედავ, შენი შვილი რამდენს აქტიურობს, იქნებ გააფრთხილო, რომ მოერიდოსო. [საპატიმროდან] რომ გამოვედი, ჩემი ძმის პოსტი ვნახე, თურმე ჩვენი მშობლები და უმცროსი ძმა თვითონაც იდგნენ ბათუმში აქციებზე“.

ლინდა ცინცაძე, აქტივისტი, მოძრაობა „პერსპექტივის“ დამფუძნებელი: „აქტივისტურ მოძრაობაში ვარ მარტის აქციებიდან, როცა მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. მერე წამოვიდა აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ და ახლა უკვე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. საკმაოდ გამოცდილები გამოვედით ამ აქციებზე. ზოგადად, ქალი აქტივისტი საკმაოდ რთული თემაა, რადგან საქართველოში, განსაკუთრებით, რეგიონებში, ქალისთვის არსებობს ორი ცხოვრება: ან მშობლებთან ცხოვრობს და მათ ექვემდებარება, ან ცხოვრობს ქმართან და ექვემდებარება ქმარს. ამიტომ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შემხვდა ახლობლებისგან, საზოგადოებისგან. ოჯახშიც მქონდა გარკვეული წინააღმდეგობები. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს სჯეროდათ ჩემი და ამაყობდნენ კიდეც, საზოგადოების განწყობას ჰქონდა გავლენა. თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიე. უკვე ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე და ბრძოლა გავაგრძელო. ამ აქციებმა მასწავლა ბრძოლა და ერთიანობა, ქუჩაში ყოფნისა და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი შემძინა. საზოგადოებაში იყო ნიჰილიზმი, აგრესიული დამოკიდებულება ჩემ მიმართ. თუმცა დღეს მათმა ნაწილმა შეიცვალა დამოკიდებულება, მეუბნება, რომ არ გავჩერდე, არ დავნებდე... შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან იყო ხშირად მოწოდებები, რომ გოგო ვარ და ცოდვა ვარ, აქ რომ ვიდგე. ვიცი, ასეთი დამოკიდებულება სადამდე შეიძლება მივიდეს. სიმართლე გითხრათ, ამ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობ და სქესს არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა განსაკუთრებით საშიში გარემოა იმ ქალებისთვის, რომლებიც ხმას იღებენ და პოზიციას აფიქსირებენ. ოღონდ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი თაობა ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ჩვენ შორის ასეთი დამოკიდებულება არ არის. ფაქტობრივად, ფემინისტურ მოძრაობაში ვარ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც შევედი უნივერსიტეტში ღამისთევით, ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე, რომ გოგოები წარმოჩნდნენ უფრო მეტად. რეალურად, ჩვენს ქვეყანაში ასე ხდება: გოგოები იბრძვიან, გოგოების ფონზე ჩანან ბიჭები. ქალის ადგილი კი არის ყველგან“.

თათო მახარაძე, საზოგადოება „შშმ ქალთა ალიანსის“ წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტი: „ჩვენი თემისთვის ახალი არაა ბრძოლა თანასწორობისთვის, ჩვენი ხმისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი თემი დღემდე წარმოუდგენიათ, როგორც მოწყვლადი, როგორც ჯგუფი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერს შეუძლია საკუთარი, მათ შორის, პარტიული ინტერესებისთვის. გარდა იმისა, რომ შშმ თემს წარმოვადგენ, ვარ იშვიათი დაავადების მქონე და ჩემმა ოჯახმა ჩემთვის, ჩემთან ერთად, ძალიან ბევრი იბრძოლა. სწორედ დასავლური განათლების მქონე ქართველმა ექიმმა დამისვა სწორი დიაგნოზი... ჩემმა კონკრეტულმა შემთხვევამ დამარწმუნა, რომ ერთი ადამიანის ხმას ფასი აქვს. დასავლური ორგანიზაციების შრომამ მოგვიტანა კანონი შშმ პირთა შესახებ, რომლის თანახმადაც, ყოველი შენობა, ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენთვის. ამას ბევრი ფინანსები არ სჭირდება. თუმცა დღესაც გვაქვს ასეთი პრობლემები. ხელისუფლება გამოდის პენსიის წახალისებით, რაც არის შეურაცხმყოფელი. რახანია, მოდელის შეცვლისთვის ვიბრძვით, რათა გარემომ ჩემში კი არ დაინახოს პრობლემა, თითქოს მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, არამედ თავად გარემო რომ არ არის მისაწვდომი და ეგ მზღუდავს. ამის მოგვარება სახელმწიფოს ძალიან მარტივად შეუძლია, მაგრამ არ აქვს ნება, დღემდე მოუგვარებელია საბაზისო, ელემენტარული პრობლემები. ეს პროტესტი დაგროვდა. ჯერ მხოლოდ მე და ჩემი ოჯახი ვიბრძოდით, როცა კონკრეტული ჯანდაცვის პრობლემები იდგა ჩვენ წინაშე. უცებ აღმოვჩნდი სხვა პროტესტში ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად. ამან მომცა ერთობის შეგრძნება. მაგალითად, დავით სარალიძის ამბების დროს ვიყავი რუსთაველზე, ასევე, ლუკა სირაძის საქმეზე... ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი პროტესტი და მერე ხდება, რომ რაღაც მომენტში, ეს პროტესტები გვაერთიანებს. წარმოუდგენელია, ამდენი ადამიანი გავერთიანდეთ და ვერ გავიმარჯვოთ. თუმცა ინფრასტრუქტურა... პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობაც კი არ გვაქვს თანასწორი. 3 დეკემბერს მე და ჩემი თემის წევრები ვიყავით საპროტესტო აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან და უამრავი პოლიციელი დადგა ჩვენს წინ. ჩემმა მეგობარმა, ეტლით მოსარგებლემ, მიმართა, ადაპტირებული მაინც თუა შენობა, რას იცავთ, რომელი შევალთო. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თემი ასე გააქტიურებულია, ასე მკაფიოდ და სწორად აკეთებს აქცენტებს. ამან ხელისუფლება შეაწუხა და ახალი მესიჯბოქსი აქვს, რომ ჩვენ „ნაცსექტა“ გვიყენებს. თითქოს დამოუკიდებლად ვერ ვაზროვნებთ. ვფიქრობ, ხელისუფლება იმიტომაც არ აგვარებს საბაზისო პრობლემებს, რომ დაგვყოს სხვადასხვა თემი, მარგინალიზება გააკეთოს ადამიანებს შორის, ეს ერთიანობის შეგრძნება დააბინძუროს, შეურაცხყოს, წაგვართვას. პოზიტიური დისკრიმინაციითაც ცდილობს, გამოგვყოს. თუმცა ტატამზე ჩემს მთავარ თანამებრძოლად მყავს მამაჩემი. როგორი სახიფათო ბრძოლაც უნდა იყოს, ის არ მეუბნება, რომ სახიფათოა და არ გავაკეთო. მეუბნება, სახიფათოა და ერთად გავაკეთოთ. ეს ძალიან დიდი ძალაა. მე რომ აქ საერთოდ არ ვიდგე, ჩემი მშობლები მაინც დადგებიან. დედა განიცდის, რომ კლინიკიდან, პირდაპირ აქციის შუაგულში აღმოვჩნდი. ცხადია, არის იმ მხრიდან „რჩევები“, ამ მდგომარეობაშია, გაჩერდეს, რა უნდა... ბევრი ჩემი მეგობარი იყო წნეხის ქვეშ. მაგალითად, ოპერაციის დაფინანსება იქნება თუ სხვა ბენეფიტი, ხელისუფლებას უნდა, მადლიერები ვიყოთ და დავკარგოთ შეგრძნება, რომ [სახელმწიფოსგან] ეს კი არ გვეკუთვნის, არამედ კეთილი ნებით კეთდება. არ აწყობს ხელისუფლებას თემის ისე გაძლიერება, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვიყოთ. ტკივილით ვცხოვრობ, ვდგავარ აქციებზე, მიმეჩქარება სახლში, რომ ნემსი გავიკეთო და ისევ აქ დავდგე, რადგან მჯერა, რომ ყველა ხმას აქვს ფასი და აუცილებლად გავიმარჯვებთ.“

აჭარაში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები ბათუმის თითქმის ყველა უბანში მსვლელობას აწყობენ და სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცავებმა უკვე არაერთი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, პროფესორი და დეკანი.

ფოტო:batumelebi.netgazeti.ge