ირაკლი ქადაგიშვილი: 34 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არ არის
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება არის მცდარი.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ევროკავშირიდან 105 მლნ ლარის მიღებაა გათვალისწინებული. 2013-2023 წლებში, ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტი 1.4 მლრდ-ის მოცულობის ევროკავშირის გრანტით შეივსო, რაც წლიურად საშუალოდ 127 მლნ-ს ნიშნავს. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტში კი ევროკავშირიდან მისაღები გრანტის სავარაუდო მოცულობა დრამატულად 7 მლნ-მდე მცირდება.
დეპუტატის მტკიცების საპირისპიროდ, დაფინანსება გაუმჭვირვალე ხარჯვის მიზეზით არ შემცირებულა, მისი შემცირების ძირითად მიზეზად პოლიტიკური უთანხმოება და რუსული კანონი იქცა. ამასთან, მართალია 27 მლრდ-იან ბიუჯეტში 100 მლნ ლარის მოკლებით სახელმწიფოს ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნება, მაგრამ 100 მლნ-ის გარდა იკარგება ნდობა და პოტენციურად ინვესტიციები. ფაქტობრივი უზუსტობისა და კონტექსტის გაუთვალისწინებლობის, ან განზრახ დამახინჯების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.
ანალიზი: მეათე მოწვევის პარლამენტის „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების შესაძლო შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა: „სამწუხაროა, რომ 34 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხრიდან საქართველოში რეალური ინვესტირება 100 მილიონზე მეტი არ არის. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ბიუჯეტი 28 მილიარდია. საქართველოს მთავრობა როგორც 28 მილიარდს, ასევე ამ 100 მილიონს აბსოლუტურად გამჭვირვალედ ხარჯავდა. საინტერესოა, ბატონი ბორელი ფიქრობს, რომ არასამთავროებო ორგანიზაციებმა ეს 100 მილიონი ისევე გამჭვირვალედ უნდა დახარჯონ, როგორც საქართველოს მთავრობა ხარჯავს, თუ „შავ ფულად" უნდა იქცეს?!“
ირაკლი ქადაგიშვილამდე განცხადება საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, შესაძლოა, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშიც, 2024 წელთან შედარებით, ევროკავშირიდან მისაღები გრანტი 105 მლნ-დან 7 მლნ ლარამდეა შემცირებული. ბიუჯეტის პირველი ვარიანტი ფინანსთა სამინისტრომ 30 სექტემბერს წარადგინა, მაშინ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებდა, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად გაიზრდებოდა. ბიუჯეტის მესამე გადამუშავებული ვარიანტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე (20 დეკემბრამდე) უნდა დამტკიცდეს, 22 ნოემბრის მდგომარეობით, მეორე გადამუშავებულ ვარიანტში ევროკავშირიდან მისაღები გრანტების მოცულობა უცვლელად 7 მლნ ლარზეა შენარჩუნებული. ირაკლი ქადაგიშვილმა მართალია ახსენა სიტყვა „ინვესტირება“, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით, დეპუტატი გრანტებს გულისხმობდა და არა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
28 მილიარდში დეპუტატი სავარაუდოდ 2024 წლის ნაერთ ბიუჯეტს (სახელმწიფო ბიუჯეტს პლუს მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტი) გულისხმობდა. 2025 წლის შემოსულობები (ყველა შემოსავალი ერთად), პროექტის მიხედვით, 26.9 მლრდ ლარითაა განსაზღვრული, ნაერთი ბიუჯეტი - 31 მლრ ლარით.
ირაკლი ქადაგიშვილი, ერთი მხრივ ამბობს „34 წლის განმავლობაში“, მეორე მხრივ, ბიუჯეტში მისაღებ გრანტზე ერთი წლის მონაცემებს ასახელებს. რეალურად, რა იგულისხმა უმრავლესობის წევრმა, რთული გასაგებია.
დამოუკიდებლობის მთლიან პერიოდს რომ თავი გავანებოთ, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წელიწადში (2013-2023 წლებში) ევროკავშირიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 1.4 მლრდ გრანტი მიიღო, რაც საშუალოდ წლიურად 127 მლნ-ს ნიშნავს.
გრაფიკი 1: ევროკავშირის გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტში
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
რაში იხარჯება ევროკავშირიდან მიღებული გრანტები? 2023 წელს 2 მლნ აჭარის წყალმომარაგების განვითარებისთვის დაიხარჯა, 16 მლნ - ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის, 9 მლნ - სოფლის მეურნეობისთვის. 2019 წელს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას 116 მლნ ლარი მოხმარდა.
დეპუტატის განცხადებით, 28 მლრდ-იან ბიუჯეტში 100 მლნ ბევრი არაა. 100 მლნ მცირე თანხა არაა, მაგრამ თუ ფარდობით წილს ავიღებთ 0.5%-ზე ნაკლებია. მის გარეშე სახელმწიფოს ფუნქციონირებას, საფრთხე არ შეექმნება. ჯარისა და პოლიციის დაფინანსება, სოციალური გასაცემელების გაცემა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გაგრძელდება. პრობლემა, ამ შემთხვევაში, უფრო პოლიტიკურია და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მთლიან ბრიუსელს აქვს და არა რამდენიმე ევროპარლამენტარს.
ირაკლი ქადაგიშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ევროკავშირიდან მიღებულ თანხებს საქართველო გამჭვირვალედ ხარჯავდა, საიდანაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს დაფინანსების შემცირების მიზეზად გაუმჭვირვალე ხარჯვა ან კორუფცია დასახელდა, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. ბორელმა მიზეზად ევროპული გზიდან გადახვევა დაასახელა და არა წარსულში მიღებული გრანტების გაუმჭვირვალედ ხარჯვა. „გაწევრიანების პროცესი წყდება, შეჩერებულია მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება [ევროპულ] გზას. იმისთვის, რომ ამ გზას დაუბრუნდეს, ბევრი რამე უნდა შეიცვალოს და მანამდე ჩვენ მთავრობისთვის გამოყოფილ თანხას გამოვიყენებთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან“.
გრანტების გარდა, ევროკავშირი და მისი ფინანსური ინსტიტუტები, საქართველოს დაბალპროცენტიანი კრედიტებითაც უზრუნველყოფენ. 2024 წელს, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს უშუალოდ ევროკავშირის 133 მლნ ევრო მართებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) - 204 მლნ ევრო, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) - 1 მლრდ ევრო, რაც ჯამში 1.3 მლრდ ევროზე მეტია. გარდა ამისა, ორმხრივი კრედიტორებიდან საფრანგეთის წინაშე არსებული დავალიანება 730 მლნ ევროა, გერმანიის წინაშე - 555 მლნ ევრო. ჯამურად, ევროკავშირის, ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტებისა და ევროკავშირის ცალკეული წევრების წინაშე დავალიანება 2.5 მლრდ ევროს აჭარბებს.
განცხადების კიდევ ერთი ნაწილი არასამთავრობოების დაფინანსებას ეხებოდა, სადაც დეპუტატი დაეჭვდა, ბიუჯეტის მსგავსად გამჭვირვალედ დახარჯავდნენ, თუ - არა ისინი მიღებულ გრანტებს. დონორ ორგანიზაციებს არც არასამთავრობოების ხარჯების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გასჩენიათ კითხვები. საქართველოს ხელისუფლებისა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი სწორედ რუსული კანონი გახდა. „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებდნენ და დღემდე ამტკიცებენ, რომ კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება. საქართველოშიც და ევროკავშირშიც კანონს განსხვავებულად აფასებს.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში (2013-2023 წლებში) ევროკავშირიდან საბიუჯეტო გრანტებმა 1.4 მლრდ ლარს მიაღწია, რაც წლიურად საშუალოდ 127 მლნ ლარს ნიშნავს. დაფინანსება გაუმჭვირვალე ხარჯვის მიზეზით არ შემცირებულა, მისი შემცირების ძირითად მიზეზად პოლიტიკური უთანხმოება და რუსული კანონი იქცა. ამასთან, მართალია, 27 მლრდ-იან ბიუჯეტში 100 მლნ ლარის მოკლებით სახელმწიფოს ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნება, მაგრამ 100 მლნ-ის გარდა, პოტენციურად ინვესტიციებიც იკარგება. ფაქტობრივი უზუსტობისა და კონტექსტის უგულებელყოფის, ან განზრახ დამახინჯების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება შეაფასა როგორც მცდარი.