ნათია თურნავა: 2023 წელს რეზერვები 1.3 მლრდ დოლარით შევავსეთ და 2024 წელს შედარებით ნაკლები, 540 მლნ გავყიდეთ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მეტწილად მცდარი.
საერთაშორისო რეზერვების ფლობა და განკარგვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა. რეზერვები ადგილობრივი თუ საერთაშორისო კრიზისებისგან და შოკებისგან დაცვის ან როგორც მინიმუმ მათი გავლენის შერბილების ერთგვარი გარანტიაა.
2023 წელს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა სავალუტო აუქციონსა და Bmatch პლატფორმაზე ჯამში 1.280 მლრდ-ს მიაღწია, თუმცა რეზერვების მოცულობა მხოლოდ 108 მლნ დოლარი 5 მლრდ-მდე გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში წმინდა გაყიდვებმა 540 მლნ დოლარი შეადგინა (თუ ნათია თურნავას განცხადება სიმართლეს შეესაბამება, Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგები 25 ნოემბერს გახდება საჯარო), თუმცა რეზერვები ბევრად უფრო მეტით, 925 მლნ-ით შემცირდა.
მხოლოდ სავალუტო შესყიდვების სტატისტიკიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის ნოემბრამდე რეზერვების მოცულობა 760 მლნ-ით გაიზარდა. სინამდვილეში, ის პირიქით, 817 მლნ-ით შემცირდა.
თანხობრივ რაოდენობაზე მეტი ყურადღება ადეკვატურობის კოეფიციენტს ექცევა, რომელიც უკვე 2023 წელს, ჯერ კიდევ მაშინ იყო დარღვეული, როცა რეზერვები ამჟამინდელთან შედარებით 1 მლრდ დოლარით მეტს შეადგენდა, ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის ზრდის ფონზე ეს მაჩვენებელი გაუარესებულია. სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებითაც, ის ყველაზე დაბალია BB რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის.
ნათია თურნავამ აქცენტი მხოლოდ წმინდა გაყიდვებზე გააკეთა, რაც ორწლიან პერიოდში რეზერვების ზრდის შთაბეჭდილებას ქმნიდა, მაშინ, როცა ის მკვეთრად 28-თვიან მინიმუმამდე შემცირდა. გარდა ამისა, სების პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ყურადღება არც ადეკვატურობის კოეფიციენტის დარღვევისთვის მიუქცევია, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ნათია თურნავას განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი.
ანალიზი:„ტვ იმედზე“, „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას, ეროვნული ბანკი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ რეზერვებთან დაკავშირებით განაცხადა: „2024 წლის დასაწყისიდან ჩვენი რეზერვების ე.წ. წმინდა გაყიდვები შეადგენს 540 მილიონ დოლარს. ეს თანხა არ არის მცირე, მთლიანობაში, ჩვენი რეზერვები 4-დან 5 მილიარდამდე დიაპაზონში მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან, რეკორდული რაოდენობის რეზერვები (დოლარი) შევიძინეთ და რეზერვები შევავსეთ მილიარდ 300 მილიონი დოლარით, ამასთან შედარებით ეს არის შედარებით მცირე თანხა“.
ფინანსური კრიზისის პერიოდში, საგარეო შოკების ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვისა და საქართველოს მთავრობისათვის უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობისთვის, ეროვნულ ბანკს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საერთაშორისო რეზერვები გააჩნია. რეზერვების მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა (ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 3).
რეზერვები შეიძლება რამდენიმე გზით შეივსოს/დაიხარჯოს. პირდაპირი შესყიდვებით ან ვალის აღებით რეზერვების მოცულობა იზრდება, ვალის დაფარვითა და სავალუტო ინტერვენციებით კი პირიქით, მცირდება.
დოლარის ყიდვა/გაყიდვა სავალუტო აუქციონსა და Bmatch პლატფორმაზე ხორციელდება. სავალუტო აუქციონების შესახებ ინფორმაცია იმავე დღეს ვრცელდება, Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობის კი მხოლოდ მომდევნო თვის 25 რიცხვში.
2023 წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 167 მლნ დოლარი გაყიდა, Bmatch პლატფორმაზე კი 1.475 მლრდ შეიძინა და 28 მლნ გაყიდა. ჯამში, წმინდა შესყიდვებმა 1.280 მლრდ დოლარი შეადგინა (1475-28-167).
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს წმინდა სავალუტო შესყიდვებმა მართლაც მიაღწია 1.3 მლრდ-ს, რეზერვების მოცულობა მხოლოდ 108 მლნ დოლარით 4.902 მლრდ-დან 5.010 მლრდ-მდე გაიზარდა. ანალოგიურად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერშიც წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 540 მლნ შეადგინა, მაგრამ სავალუტო რეზერვები ბევრად უფრო მეტით - 925 მლნ დოლარით, 4.085 მლრდ-მდე შემცირდა.
სავალუტო ვაჭრობის გარდა, რეზერვების მოცულობა შესაძლოა, სახელმწიფო ვალის აღებამ/დაფარვამაც შეცვალოს. 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი 9.033 მლრდ-ს შეადგენდა (8.648 მლრდ მთავრობის ვალი და 386 მლნ ეროვნული ბანკი ვალი), 31 ოქტომბრის მდგომარეობით კი 201 მლნ-ით ნაკლებს 8.832 მლრდ-ს (8.454 მლრდ მთავრობის ვალი და 379 მლნ ეროვნული ბანკი ვალი). 201 მლნ-ის დაფარვას ითვალისწინებდა საგარეო ვალის დაფარვის გრაფიკიც.
ნათია თურნავამ აქცენტი მხოლოდ სავალუტო შესყიდვებზე გააკეთა, რაც დამატებითი განმარტების გარეშე მანიპულაციურია და ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის ნოემბრამდე, რეზერვების 760 მლნ-ით გაიზარდა (1300-540). რეალურად, ამ პერიოდში, არათუ გაიზარდა რეზერვების მოცულობა, არამედ პირიქით, 817 მლნ დოლარით შემცირდა.თუ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 4.9 მლრდ-ს შეადგენდა, 2024 წლის ოქტომბერში მისი მოცულობა 4.1 მლრდ-ს ჩამოსცდა.
გრაფიკი 1: ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
რეზერვები, როგორც თანხობრივად დოლარებში (რეზერვები შეიძლება სხვა ვალუტაშიც, ფასიან ქაღალდებსა და ოქროშიც იყოს განთავსებული, თუმცა საერთო საზომად მაინც აშშ დოლარია მიჩნეული), ასევე ადეკვატურობის კოეფიციენტის გაანგარიშებით იზომება. ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე უფრო მნიშვნელოვანი ადეკვატურობის კოეფიციენტია, რადგან პირობითად, 10 მლრდ დოლარიანი რეზერვი საქართველოსთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნებოდა, მაგრამ გერმანიისთვის კატასტროფული.
რეზერვების ადეკვატურობას სავალუტო ფონდი საკუთარი მეთოდოლოგიით აფასებს. ის გამოითვლება ფორმულით: ARA Metric=5% × ექსპორტი + 5% × ფართოფული + 30% × მოკლევადიანივალი + 15% × სხვა ვალდებულებები. უმჯობესია, თუ ადეკვატურობის კოეფიციენტი 100%-150%-ის ფარგლებში იქნება. ამ ზღვრებში რეზერვები პირველად 2006 წელს მოექცა და 2014 წლის ჩათვლით, ადეკვატურობის ზონაში ნარჩუნდებოდა, გარდა 2008 და 2012 წლებისა. 2015 წელს რეზერვების მოცულობა მინიმალურ 100%-ია ნ ზღვარს ჩამოსცდა და ადეკვატურობის ზონაში დაბრუნება 2020 წელს მოხერხდა, თუმცა მხოლოდ 2 წლით. 2022 წელს ადეკვატურობის კოეფიციენტი 96%-მდე, ხოლო2023 წელს 90%-მდეშემცირდა.
გრაფიკი 2: რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
რეზერვების კიდევ ერთი საზომი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტია. რეზერვები მომდევნო 3 თვის მოსალოდნელ იმპორტს უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს მას. ამ დათვლით, საქართველომ მოთხოვნა პირველად 2009 წელს დააკმაყოფილა და 2023 წლამდე ყოველთვის 2014 წლის გარდა, რეზერვების მოცულობა მომდევნო 3 თვის იმპორტს აჭარბებდა, 2023 წელს აღნიშნული კოეფიციენტიც2.76-მდეშემცირდა.
გრაფიკი 3: რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტის მიხედვით
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
რეზერვებთან დაკავშირებით სარეიტინგო კომპანია Fitch-მა მიმოხილვაში აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები BB შეფასების მქონე სხვა ქვეყნების ნიშნულზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვები 2024 წლის მდგომარეობით, მისი საგარეო გადახდების 2.6 თვის პერიოდს ფარავს, მაშინ, როდესაც BB რეიტინგის სხვა ქვეყნებში რეზერვების მოცულობა საშუალოდ საგარეო გადახდების 4.7 თვის ტოლია, ნათქვამია Fitch-ის მიმოხილვაში.
ფაქტია, რომ რეზერვების მოცულობა თანხობრივადაც 28-თვიან მინიმუმზეა და ადეკვატურობის კოეფიციენტიც დარღვეულია. დამატებითი კითხვები შეიძლება ინტერვენციების მოცულობასთან დაკავშირებით დაისვას. მიმდინარე წლის ოქტომბერში სავალუტო აუქციონზე 213 მლნ დოლარი გაიყიდა, რაც ერთთვიან ჭრილში რეკორდულია. 10 თვეში - 382 მლნ, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური გაყიდვაა.
გრაფიკი 4: სავალუტო აუქციონები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ზოგადად, რეზერვების გაყიდვა შოკების ჩასაცხრომად და უარყოფითი მოლოდინების გასანეიტრალებლად მიღებული პრაქტიკაა, თუმცა კითხვას აჩენს გაყიდვის მასშტაბი, კურსის უცვლელად შენარჩუნებისთვის რამდენად აუცილებელი იყო 544 მლნ-ის (თუ Bmatch პლატფორმაზე ოქტომბერში მართლაც 331 მლნ გაიყიდა) გაყიდვა.
მიმდინარე წლის მაისში, როდესაც სანქციების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ერთ კვირიან მონაკვეთში - 14-დან 20 მაისამდე, ლარი დოლართან მიმართებით 2.68-დან 2.76-მდე გაუფასურდა, ივნისში - 2.87-მდე, ივლისის მეორე ნახევრიდან კი 2.70-იან ნიშნულს დაუბრუნდა. მაის-ივნისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონსა და Bmatch პლატფორმაზე ჯამში, 199 მლნ გაყიდა, მაგრამ დაუშვა, რომ კურსი ერთ კვირაში 8 თეთრით, ხოლო ერთ თვეში 19 თეთრით გაუფასურებულიყო. ამის საპირისპიროდ, სექტემბერ- ოქტომბერში 3.3-ჯერ მეტი - 650 მლნ დოლარი მიაწოდა ბაზარს და კურსის ვარდნა 6 თეთრზე მეტით არ დაუშვა. 1-ელ სექტემბერს დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.69-ს შეადგენდა. საპარლამენტო არჩევნებამდე, მაქსიმალურ მაჩვენებელს - 2.75-ს, 8 ოქტომბერს მიაღწია, არჩევნების წინა დღეს კი მისი ღირებულება 2.72 იყო.
ნათია თურნავამ აქცენტი წმინდა გაყიდვებზე გააკეთა, მან ორი რიცხვი: 1.3 მლრდ და 540 მლნ დაასახელა. მხოლოდ ამ ორ რიცხვზე დაყრდნობით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მარეგულირებელმა 2023 წელს 1.3 მლრდ იყიდა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 540 მლნ გაყიდა და შედეგად არასრულ ორ წელიწადში რეზერვების მოცულობა 760 მლნ დოლარით გაიზარდა, მაშინ, როცა რეალურად, 2022 წლის 31 დეკემბრის შემდეგ რეზერვების მოცულობა 817 მლნ დოლარით შემცირდა.
რიცხვებით მანიპულირების გარდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს არც ადეკვატურობის კოეფიციენტზე უსაუბრია. ადეკვატურობის კოეფიციენტი, ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიით დათვლით, უკვე 2023 წელს იყო დარღვეული.
ცალკე აღებული სავალუტო შესყიდვების სტატისტიკა, მაშინ, როცა მთლიანი რეზერვები 28- თვიან მინიმუმზეა და ადეკვატურობის კოეფიციენტიც დარღვეულია, სურათის ობიექტური ანალიზის საშუალებას არ იძლევა. აღნიშნული მდგომარეობის შერბილების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ნათია თურნავას განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად მცდარი.