„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში აკრიტიკებს მტკიცებას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიები და კომპანია, რომლის ტექნოლოგიებიც გამოიყენებოდა, მაღალი სანდოობის არის (არქივირებული ბმული). დეკანოიძის მტკიცებით, კომპანია „სმარტმატიკი“ (Smartmatic), რომლის ელექტრონული ტექნოლოგიებიც გამოიყენება საქართველოში არჩევნების ჩასატარებლად, საკმაოდ კონტრვერსიალურია. ხატია დეკანოიძე არგუმენტად ორ ფაქტს ასახელებს:
1.მაგალითად, 2024 წლის აგვისტოში მისი ორი კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ვენესუელის მოქალაქეები ალეხანდრო მარტინესი და მიგელ ვასკესი ფლორიდაში ფედერალური ბრალდებით დააკავეს. ბრალის საფუძველი 2015-2017წწ. ფილიპინების ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხუან ბაუტისტასთვის ერთი მილიონი დოლარის ქრთამის გადახდა იყო.
2.კიდევ ერთი: აშშ-ს მედიამ მოიპოვა დოკუმენტები, რომ სმარტმატიკმა მისი ტექნოლოგიების გამოყენების უფლება მადუროს რეჟიმს ორჯერ საიდუმლოდ მისცა. ორი გაყალბებული არჩევნები 2017 და 2018 წწ. სმარტმატიკის ტექნოლოგიებით ჩატარდა. საბოლოოდ, ეს ფაქტები თვითონ კომპანიამ დაადასტურა, რომ მადუროს 2018 წლის არჩევნებზე სმარტმატიკის ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული.
„ფაქტ-მეტრმა“ ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებული მტკიცებები გადაამოწმა.
პირველ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ში „სმარტმატიკის“ აღმასრულებელი თანამდებობის პირებს ნამდვილად წაუყენეს ბრალი (დააკავეს და შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს) ფულის გათეთრებისა და ქრთამის აღების ბრალდებით. საქმე ეხებოდა ფილიპინებში 2016 წელს ჩატარებულ არჩევნებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, „სმარტმატიკის“ იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ქრთამის საშუალებით უზრუნველყვეს, რომ ფილიპინებს ხმის მიცემის აპარატების შესყიდვის კონტრაქტი მათ კომპანიასთან გაეფორმებინა. რაც შეეხება, ფულის გათეთრების ნაწილს, ამ შემთხვევაში გამოძიება ბრალდებულებს ედავება, რომ 2015-2018 წლებში ფილიპინებთან კონტრაქტში ელექტრონული აპარატების ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი და გაფორმებული იყო სხვადასხვა ტიპის ყალბი კონტრაქტები და ხელშეკრულებები. „სმარტმატიკმა“, ბრალის დადასტურებამდე, ორი ბრალდებული (პრეზიდენტი/თანადამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი) სამსახურიდან დროებით დაითხოვა, ხოლო მესამე მათი თანამშრომელი უკვე არ იყო.
ამასთან, რაც საქართველოში „სმარტმატიკის“ საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, „სმარტმატიკი“ აცხადებს, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ბრალდება არ ეხება ხმების გაყალბებას. აღნიშნული დასტურდება იმითაც, რომ აშშ-ის მიერ წაყენებულ ბრალში ხმების გაყალბებაში ან საარჩევნო პროცესში დარღვევებზე საუბარი არაა. საკითხთან დაკავშირებით კომენტირებისას „რადიო თავისუფლებასთან“ ცესკო-მაც ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში მიმდინარე საქმე „სმარტმატიკის“ ტექნოლოგიებს არ ეხება და ამდენად, ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენდა.
შესაბამისად, ხატია დეკანოიძის პირველი მტკიცება აშშ-ში „სმარტმატიკის“ (ყოფილ) მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით რეალურია, თუმცა არ დასტურდება, რომ მოცემული საქმით ეჭვქვეშ დადგა „სმარტმატიკის“ არჩევნების ელექტრონული აპარატების სანდოობა.
ხატია დეკანოიძის მეორე მტკიცების მიხედვით, ამერიკული მედიის თანახმად, „სმარტმატიკმა“ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს რეჟიმს უფლება მისცა, რომ არჩევნები, რომლებიც გაყალბდა, მისი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაეტარებინა. დეკანოიძის აღნიშნული მტკიცებაც რეალობას შეესაბამება.
„სმარტმატიკმა“ 2017 წელს ვენესუელაში მადუროს რეჟიმი არჩევნების, რომელიც „სმარტმატიკის“ ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდებოდა, გაყალბებაში საჯაროდ ამხილა. კერძოდ, 2017 წლის ეროვნული საოლქო ასამბლეის არჩევნების შემდეგ „სმარტმატიკმა“ საჯაროდ განაცხადა, რომ ვენესუელას ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ ხმის მიცემის სისტემის მიერ შეგროვებული შედეგებისგან განსხვავებული შედეგები გამოაცხადა, რის შემდეგაც „სმარტმატიკმა“ ვენესუელაში საქმიანობა ნებაყოფლობით შეწყვიტა.
აღნიშნულის შემდეგ „სმარმატიკმა“ ასევე განაცხადა, რომ კომპანია ვენესუელასთან თანამშრომლობას წყვეტდა. თუმცა ამერიკული მედიის - Miami Herald-ის (არქივირებული ბმული) (წარმოადგენს საკმაოდ სანდო მედიას, რომელიც ფლორიდის შტატში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაზეთია და ასევე აქვს გავრცელება ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში. 1903 წელს დაარსებიდან მიღებული აქვს 22 პულიტცერის პრემია) - მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, „სმარმატიკმა“ ვენესუელას მისი პროგრამის ლიცენზირება გაუწია შემდეგ სამი არჩევნებისთვის, მათ შორის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც ასევე სადავო გახდა. ამასთან, Miami Herald-ის ცნობით, აღნიშნული თანამშრომლობა საიდუმლო იყო და ვენესუელას რეჟიმის ოფიციალური პირებისა და კომპანიის აღმასრულებელი თანამდებობის პირების შეთანხმებით, ისინი „სმარტმატიკის“ ჩართულობის დასამალად სხვა კომპანიას იყენებდნენ; თუმცა, რეალურად, ტექნიკური პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატების სისტემა მზადყოფნაში ყოფილიყო, „სმარტმატიკიდან“ იყო. მაგალითად, დასახელებულია „სმარტმატიკის“ პროგრამის ასოცირებული მენეჯერი ხუან ვალერა (Juan Valera), რომელიც, Miami Herald-ის წყაროს მტკიცებით, 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ვენესუელაში ჩავიდა, როგორც აუდიტის „გარე მრჩეველი“, თუმცა, რეალურად, მისი ჩასვლის მიზანი ელექტრონული მანქანებისთვის სერტიფიკატის ინსტალაცია და ხმის მიცემის პროგრამის აქტივაცია იყო.
თავდაპირველად, „სმარტმატიკი“ Miami Herald-თან აღნიშნულ ფაქტს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წელს „სმარტმატიკმა“ ვენესუელას რეჟიმის საჯაროდ ამხილა არჩევნების გაყალბებაში, „სმარტმატიკის“ პროგრამა ვენესუელაში აღარ გამოიყენებოდა. თუმცა, მედიის თანახმად, „სმარტმატიკის“ პოზიცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ Miami Helard-ს მოცემული ფაქტის დამადასტურებელი საბუთები ჰქონდა. Miami Herald-თან შემდგომ კომუნიკაციაში „სმარტმატიკმა“ აღარ უარყო, რომ 2017 და 2018 წლებში ჩატარებულ სამ არჩევნებში გამოიყენებოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ეს ვერ იქნებოდა მიჩნეული „სმარტმატიკის“ პროგრამად, რადგან კომპანია მის გამოყენებაში არ იყო ჩართული. კერძოდ, „სმარტმატიკის“ განმარტებით, მისი პროგრამა ავთენტურად ვერ მიიჩნევა, თუ ის მხოლოდ პროგრამის ლიცენზირებაში იქნება ჩართული და არა პროგრამისა და ტექნოლოგიების დანერგვის ყველა ეტაპზე (ელექტრონული ხმის მიცემის აპარატების კონფიგურაციაში, ინსტალაციაში, არჩევნების შედეგების აუდიტში და ა.შ.), რაც, კომპანიის მტკიცებით, მათ მიერ 2017 წლის არჩევნების გაყალბებულად მხილების შემდგომ, აღარ მომხდარა. მიუხედავად ამისა, Miami Herald-ი კომპანიას ედავება, რომ 2020 წელს ვებგვერდზე ესპანურად გამოქვეყნებულ განცხადებაში „სმარტმატიკი“ წერს (იხილეთ „სმარტმატიკის განცხადება), რომ მათ 2017 წელს ვენესუელის დატოვების შემდგომ ვენესუელის მთავრობისთვის არავითარი სახის სერვისი აღარ მიუწოდებიათ.
Miami Herald-ში გამოქვეყნებული აღნიშნული მასალის პასუხად „სმარტმატიკის“ ადვოკატმა განაცხადა, რომ კომპანიას ფარული/საიდუმლო ფორმით არ უმოქმედია და ვენესუელისთვის პროგრამის ლიცენზიის მიწოდება ზეწოლის/მუქარის ქვეშ მოხდა; ამ კონტექსტში ადვოკატმა მიუთითა, რომ კომპანია ვენესუელას წინააღმდეგ მსოფლიოს ბანკის ქვეშ არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟში ჩიოდა კომპანიისა და მისი თანამშრომლებისადმი მუქარის გამო, რა დროსაც კომპანიას, დაშინების გამო, მოუწია პროგრამის ლიცენზიის მიწოდება.
შესაბამისად, ხატია დეკანოიძის მტკიცება აღნიშნულ ნაწილშიც მართალია. დეკანოიძე მიუთითებს, რომ 2017 წლის გაყალბებული არჩევნების შემდგომ „სმარტმატიკის“ ტექნოლოგიებით ვენესუელაში ორი არჩევნები ჩატარდა, თუმცა ამერიკული მედია სამ არჩევნებზე მიუთითებს; მაგრამ აღნიშნული ფაქტი დეკანოიძის მტკიცების პათოსს არ ცვლის და პირიქით, აძლიერებს.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ „სმარტმატიკის“ რეპუტაციულ პრობლემებზე საუბრისას, ხატია დეკანოიძე ორივე ფაქტს კომპანიასთან დაკავშირებით სწორად ასახელებს. თუმცა აღნიშნული ფაქტები არაა პირდაპირ კავშირში საქართველოში „სმარტმატიკის“ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან და „სმარტმატიკის“ ელექტრონული ტექნოლოგიების სანდოობას ეჭვქვეშ არ აყენებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო დარღვევებზე საუბრისას „სმარტმატიკის“ ელექტრონულ ტექნოლოგიებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ (მაგალითად, იხილეთ ეუთო/ოდირის წინასწარ ანგარიშში, NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშში, IRI-ის სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშში, ENEMO-ს წინასწარ ანგარიშში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტსა და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღის დაკვირვების შემაჯამებელ განცხადებაში (სადაც, მათ შორის, საარჩევნო დღეს დაფიქსირებული დარღვევებია ჩამოთვლილი), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ელექტრონული ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტში და ა.შ.).