შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ეს არის ეუთო/ოდირის მკაფიო ანგარიში და დასკვნა და ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის, ევროკავშირი იქნება ერთგული ეუთო/ოდირის დასკვნის
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, რაც საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, წინააღმდეგობაში მოდის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთოს რეკომენდაციებთან. მაშინ, როდესაც სადამკვირვებლო მისია ზოგადად დადებითად აფასებს არჩევნების კონკურენტულ გარემოს და ტექნიკურ ადმინისტრირებას, ის ვრცლად საუბრობს ისეთ დარღვევებზე, როგორიც, მათ შორის, არის ხმის ფარულობის დარღვევა, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა და დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და მარკირების წესის უგულებელყოფა, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ 2016 და 2020 წლებში საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შეფასებებისგან განსხვავებით, როდესაც ეუთო/ოდირი გარკვეულ კრიტიკულ დასკვნებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავდა არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და ამგვარად არჩევნების შედეგების სანდოობაზე მიუთითებდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარ დასკვნებში ხაზგასმულია, რომ „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“. მსგავსი ჩანაწერი გვხვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების შემთხვევაშიც.
ანალიზი
2024 წლის 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა: „ეუთო/ოდირმა საკუთარ ანგარიშში წერილობითაც და ზეპირადაც მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება“.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 2024 წლის 27 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა ანგარიში წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ, რომლის მიზანი იმის დადგენაა, თუ „რამდენად შეესაბამებოდა საარჩევნო პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, სხვა საერთაშორისო სტანდარტებსა და ეროვნულ კანონმდებლობას“.
შალვა პაპუაშვილის განცხადება ხაზს უსვამს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშის მიხედვით, არჩევნები „შემდგარად“ ჩაითვალა, რითაც ის წინასწარი ანგარიშის შინაარსს დამახინჯებულად და არასრულად წარმოაჩენს. სინამდვილეში, წინასწარი ანგარიში მრავალ მნიშვნელოვან დარღვევასა და ხარვეზზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგადად, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა კამპანიის ფარგლებში გამოყენებულმა ვიზუალურმა მასალამ და რიტორიკამ, მათ შორის, ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების გაუქმების თაობაზე გაკეთებულმა განცხადებებმა, პოლიტიკური განხეთქილება მეტად გააღრმავა. ამავე ანგარიშის თანახმად, არჩევნების სამზადისი კარგად იყო ადმინისტრირებული, მათ შორის, ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების თაობაზე ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების თვალსაზრისით, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღე „პროცედურული თვალსაზრისით, კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა“. ამასთან, ეუთო/ოდირი ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოში შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩო ზოგადად, „ადეკვატურ ბაზას იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად“, თუმცა უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ფართო პარტიათაშორისი კონსენსუსის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები შეშფოთებას იწვევს კანონმდებლობის პოლიტიკური სარგებლისთვის პოტენციური გამოყენების გამო და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ხარისხს.
ამავდროულად, სადამკვირვებლო მისია საუბრობს მთელ რიგ დარღვევებზე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს, რომლებიც ეუთო/ოდირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფაზე მეტყველებს და წინასწარი ანგარიშის თანახმად, პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე უარყოფითად აისახება. კერძოდ, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ დარღვევებსა და გამოწვევებზე, როგორიც, მათ შორის, არის არათანაბარი საარჩევნო გარემო სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებთან არსებული დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და დაშინების შემთხვევები, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და ხმის ფარულობის ხშირი დარღვევა. ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო სტანდარტებსა და ეუთო/ოდირის გაცემულ რეკომენდაციებთან საქართველოს შეუსაბამობის თაობაზე ჩანაწერი ანგარიშის ტექსტში 7-ჯერ გვხვდება.
წინასწარ ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 24 პროცენტში საარჩევნო ბიულეტენების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების ან დაკვირვების 7 პროცენტში საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო. ხმის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო, მათ შორის, ბიულეტენის მეორე მხარეს გაფერადების კვალის არსებობითაც. გარდა ამისა, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა დაკვირვებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად „ქართული ოცნებიდან“, ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ, ხოლო კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობების ან კენჭისყრის კაბინების მიმართულებით იყო დამონტაჟებული, რაც ხმის მიცემის ფარულობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევებში, არათანმიმდევრულად იყო დაცული საარჩევნო პროცედურები და ამომრჩეველთა თითებზე მარკირება რეგულარულად არ მოწმდებოდა (7%) ან მარკირება საერთოდ არ ხდებოდა (4%). ყურადღება ასევე გამახვილებულია ადგილობრივი დამკვირვებლების დაშინებისა და მუშაობის ხელშეშლის შემთხვევებზე.
წინასწარ ანგარიშში ეუთო აღნიშნავს იმასაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ფინანსური სტატუსის გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ინიციატივა წამოიწყო, მათ შორის, შემუშავდა და მიღებულ იქნა კანონი სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრის ამნისტიის შესახებ. ანგარიშში ჩამოთვლილია მთავრობის ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც, ეუთოს შეფასებით, ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების ბერკეტს წარმოადგენს. მათ შორის არის კურსდამთავრებულთათვის ანაზღაურებადი სტაჟირების შეთავაზება, პენსიონერთათვის საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირება, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების პენსიების გაზრდა, გადასახადების გადამხდელებისთვის 2021 წლამდე გადაუხდელი დავალიანებების ჩამოწერა და კოვიდ-19-ის პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლება. გარდა ამისა, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველთა, განსაკუთრებით კი საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა დაშინების, იძულებისა და ზეწოლის ფაქტებზე, რაც ზღუდავს თავისუფალი არჩევანისა და ხმის მიცემის უფლებას და იმთავითვე ეწინააღმდეგება ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. ეუთო/ოდირის მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, ხელისუფლების ზემოხსენებულ ქმედებებს პოტენციურად ჯამში 800,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენა შეეძლო.
ეუთო/ოდირის ანგარიშში დაფიქსირებული ფუნდამენტური და მასშტაბური დარღვევები, უპირველეს ყოვლისა, ხმის ფარულობის დარღვევა, ამომრჩეველთა დაშინება ან/და მოსყიდვა და მარკირების პროცედურის უგულებელყოფა, არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებისა და ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად ჩატარდა. აღნიშნული, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგების სანდოობის აღიარებაზე.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არჩევნების „შემდგარად“ შეფასებისას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაფერს ამბობს წინასწარ ანგარიშში მითითებულ მრავალ დარღვევასა და ხარვეზზე და, შედეგად, ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებს არასრულად და არასწორადაც წარმოაჩენს. შალვა პაპუაშვილის მტკიცება, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ „არჩეული ხელმძღვანელობის“ ხსენებასა და ანგარიშში არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობის თაობაზე ჩანაწერის არარსებობას ეყრდნობა. ეს კი არჩევნების შედეგების სანდოობის აღიარებისთვის საკმარისი კრიტერიუმი არ არის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი-ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება, რასაც ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებიც მოწმობს.
ამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია, საქართველოში წინა წლებში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნებს გავეცნოთ. წინა წლებში გამოქვეყნებული დასკვნები, გარკვეულ კრიტიკულ შეფასებებთან ერთად, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა არჩევნების დღეს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე, რაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ფაქტის დადგენისთვის მყარ საფუძველს წარმოადგენდა. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარ დასკვნებში ვკითხულობთ: „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა“. მსგავსი ჩანაწერი გვხვდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების შემთხვევაშიც: „8 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში გაიმართა, სადაც ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო“; „არჩევნების მეორე ტური, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, კონკურენტული იყო და აღნიშნული არჩევნები კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებების პატივისცემით იქნა ადმინისტრირებული, მეორე ტურთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს ნაკლებობის მიუხედავად“.
ამის საპირისპიროდ, 2024 წლის წინასწარ ანგარიშში არაფერია ნათქვამი ამომრჩეველთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე. სამაგიეროდ, მოყვანილია მთელი რიგი ფუნდამენტური დარღვევებისა, რომლითაც წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე ხასიათდებოდა.
ზემოხსენებული მაგალითები ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესისა და არჩევნების დღის პოზიტიურად შეფასების შემთხვევაში, ეუთო/ოდირი შესაბამის მითითებას საკუთარ ანგარიშში ყოველთვის აკეთებს, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში არ მომხდარა.
უნდა აღინიშნოს, რომ 27 ოქტომბერს ეუთო/ოდირის მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარდმა, საარჩევნო პროცესის შეფასებისას, ფორმულირება „არჩეული ხელმძღვანელობა“ გამოიყენა: „მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას“. დიდი ალბათობით, შალვა პაპუაშვილი სწორედ ამ განცხადებას გულისხმობს, როდესაც ამტკიცებს, რომ ეუთოს დასკვნით, „საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება“. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმულირებები ეუთო/ოდირის წინასწარ ანგარიშში ასახული არ არის. მეტიც, წინასწარი ანგარიში საარჩევნო პროცესის დასრულებამდე მომზადდა და სრულ საარჩევნო პროცესს არ მოიცავს. მასში ასახულია მხოლოდ არჩევნების წინა პერიოდი და უშუალოდ კენჭისყრის დღე. ანგარიშის თანახმად, „არჩევნების საბოლოო შეფასება ნაწილობრივ საარჩევნო პროცესის დარჩენილი ეტაპების, მათ შორის, ხმების დათვლაზე, დაჯამებასა და შედეგების გამოცხადებაზე და, ასევე, არჩევნების დღის შემდეგ მოსალოდნელი საჩივრებისა და სარჩელების განხილვაზე იქნება დამოკიდებული“. ეს ნიშნავს, რომ ანგარიშში მოცემული კრიტიკული დასკვნები, თეორიულად, შესაძლოა, კიდევ უფრო გამკაცრდეს მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირი საარჩევნო პროცესს სრულად შეაფასებს.
აღნიშნულ კონტექსტში საგულისხმოა, რომ სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება და ამ პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა. 2024 წლის 30 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ღიად განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე აღინიშნა სერიოზული დარღვევები, რომლებიც „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამება“, და მათი სწრაფი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ევროკომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის კომუნიკაციაში ნათქვამია, რომ „[ეუთო/ოდირის] წინასწარი დასკვნები ადასტურებს კომპლექსური საარჩევნო რეფორმის საჭიროებას, რაც წინა რეკომენდაციებშიც იყო ხაზგასმული“.