რომან გოცირიძე: ბოლო ორ თვეში ეროვნულმა ბანკმა 600 მლნ დოლარი გაყიდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ რომან გოცირიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს
ეროვნული ბანკი რეზერვებს სხვადასხვა გზით ავსებს/ხარჯავს, მათგან შეიძლება გამოიყოს ორი: სავალუტო აუქციონი და Bmatch პლატფორმა. სექტემბერში სავალუტო აუქციონი არ გამართულა, Bmatch პლატფორმაზე 107 მლნ დოლარი გაიყიდა. ოქტომბერში სავალუტო აუქციონზე 213 მლნ გაიყიდა, Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობის შედეგები მოგვიანებით 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.
ერთთვიან ჭრილში, სავალუტო აუქციონზე 213 მლნ-ზე მეტი მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის იანვარში გაიყიდა, მაშინ, როცა ლარი სწრაფი ტემპით უფასურდებოდა, თითქმის ამდენივე 200 მლნ კი 2020 წლის ოქტომბერში. გარდა პანდემიისა, 2020 წლის ოქტომბერშიც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა. 100 მლნ დოლარი გაიყიდა 2016 წლის ოქტომბერშიც, ასევე საპარლამენტო არჩევნების წინ, იმ წელს სებ-მა სავალუტო აუქციონზე სულ 280 მლნ გაყიდა და 278 მლნ იყიდა, ანუ სალდო თითქმის ნულოვანი იყო.
29 ოქტომბრის მდგომარეობით, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ სექტემბერ-ოქტომბერში სავალუტო აუქციონზე და მხოლოდ სექტემბერში Bmatch პლატფორმაზე 320 მლნ დოლარი გაიყიდა. რამდენი მლნ დოლარი გაყიდა ან იყიდა Bmatch პლატფორმაზე ოქტომბერში ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ იკვეთება წინასაარჩევნოდ ე.წ. „კურსის დაჭერის“ პოლიტიკა, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემის ნახვამდე, შეუძლებელია ზუსტად დადგენა, ორ თვეში მართლაც გაყიდა, თუ - არა 600 მლნ ეროვნულმა ბანკმა, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.
ანალიზი: დეპუტატმა რომან გოცირიძემ რეზერვების შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა: „600მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა სექტემბერ-ოქტომბერში, ლარი რომ არ ჩამოიშალოს. ნახევარ მილიარდ დოლარზემეტი მხოლოდოქტომბერში. ასეთი რამ პანდემიის დროსაც კი არ მომხდარა“.
საერთაშორისო რეზერვების ფლობა და განკარგვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა. 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 4.7 მლრდ დოლარს შეადგენდა. სექტემბერში რეზერვების მოცულობა 127 მლნ დოლარით შემცირდა, ჯამურად 9 თვეში 297 მლნ-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 560 მლნ-ითა და 2023 წლის აგვისტოსთან (მაქსიმალურ მაჩვენებელთან) შედარებით 724 მლნ-ით. ოქტომბრის მონაცემები 7 ნოემბერს გახდება ცნობილი.
გრაფიკი 1: ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფინანსური კრიზისის პერიოდში, საგარეო შოკების ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, ლიკვიდურობის უზრუნველყოფისთვისა და საქართველოს მთავრობისათვის უცხოური ვალუტით გადახდების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობისთვის, ეროვნულ ბანკს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საერთაშორისო რეზერვები გააჩნია. რეზერვების მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა (ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 3).
აბსოლუტური მონაცემების გარდა, რეზერვების ადეკვატურობას სავალუტო ფონდი საკუთარი მეთოდოლოგიით აფასებს. ის გამოითვლება ფორმულით: ARA Metric=5% × ექსპორტი + 5% × ფართო ფული + 30% × მოკლევადიანი ვალი + 15% × სხვა ვალდებულებები. უმჯობესია, თუ ადეკვატურობის კოეფიციენტი 100%-150%-ის ფარგლებში იქნება. ამ ზღვრებში რეზერვები პირველად 2006 წელს მოექცა და 2014 წლის ჩათვლით ადეკვატურობის ზონაში ნარჩუნდებოდა, გარდა 2008 და 2012 წლებისა. 2015 წელს რეზერვების მოცულობა მინიმალურ 100%-იან ზღვარს ჩამოსცდა და ადეკვატურობის ზონაში დაბრუნება 2020 წელს მოხერხდა, თუმცა მხოლოდ 2 წლით. 2022 წელს ადეკვატურობის კოეფიციენტი 96%-მდე, ხოლო 2023 წელს 90%-მდე შემცირდა.
რეზერვების კიდევ ერთი საზომი იმპორტის გადაფარვის კოეფიციენტია. რეზერვები მომდევნო 3 თვის მოსალოდნელ იმპორტს უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს მას. ამ დათვლით, საქართველომ მოთხოვნა პირველად 2009 წელს დააკმაყოფილა და 2023 წლამდე ყოველთვის 2014 წლის გარდა რეზერვების მოცულობა მომდევნო 3 თვის იმპორტს აჭარბებდა, 2023 წელს აღნიშნული კოეფიციენტიც 2.76-მდე შემცირდა.
იმ ფონზე, როცა რეზერვები თანხობრივად შემცირებულია, სავაჭრო ბრუნვისა და სხვა ეკონომიკური პარამეტრების ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის რეზერვების ადეკვატურობის კოეფიციენტი მაღალი ალბათობით გაუარესებული უნდა იყოს.
ეროვნული ბანკი რეზერვების შესავსებად და დასახარჯად რამდენიმე საშუალებას იყენებს, მათგან ერთ-ერთი სავალუტო აუქციონია. ოქტომბერში ოთხჯერადი ინტერვენციით სებ-მა 213 მლნ დოლარი გაყიდა, იქამდე მაის-ივნისში სამჯერადი ინტერვენციით 169 მლნ ანუ ჯამში 382 მლნ.
ეროვნული ბანკი დოლარს ძირითადად კრიზისებისა და მოკლევადიანი შოკების, მათ შორის, მოლოდინებით გამოწვეული გაუარესებული სიტუაციის გასანეიტრალებლად ან გავლენის მასშტაბების შესამცირებლად ყიდის, დადებითი ტენდენციის შემთხვევაში კი პირიქით, ყიდულობს.
2023 წელს სავალუტო აუქციონზე სებ-მა სულ 167 მლნ გაყიდა, 2022 წელს 94 მლნ გაყიდა და 80 მლნ იყიდა, 2021 წელს 333 მლნ-ს გაყიდვა მოუწია, 2020 წელს რეკორდული 873 მლნ-ის. 873 მლნ-იანი ინტერვენციის მიუხედავად, გაზრდილი საგარეო ვალის დამსახურებით, 2020 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მაინც 400 მლნ დოლარით 3.5-დან 3.9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
წლის დასასრულამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი და თეორიულად შეიძლება სებ-მა შეისყიდოს ვალუტა, თუმცა თუ აღარაფერი მოიმოქმედა, 382 მლნ დოლარიანი ინტერვენცია უკვე სარეკორდოა, 2020 წლის შემდეგ.
გრაფიკი 2: სავალუტო აუქციონები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მოკლევადიან პერიოდში ერთ-ერთი მოლოდინებია. მოლოდინს არჩევნებიც აჩენს. არჩევნების წინ ინტერვენციების მოცულობა ადრეც გაზრდილა.
2020 წელს სავალუტო აუქციონზე სარეკორდო მოცულობის 873 მლნ დოლარი გაიყიდა, მათ შორის 200 მლნ ოქტომბერში ანუ საარჩევნო თვეში. 2016 წლის ოქტომბერში სავალუტო აუქციონზე 100 მლნ დოლარი გაიყიდა, საგულისხმოა, რომ იმ წელს სებ-მა სულ 280 მლნ გაყიდა და 278 მლნ იყიდა, ანუ სალდო ფაქტობრივად ნულოვანი იყო. თვითმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე, 2021 წლის 30 სექტემბერს სებ-მა 60 მლნ გაყიდა, რაც იმ წელს ბოლო ინტერვენცია აღმოჩნდა.
ერთთვიან ჭრილში სავალუტო აუქციონზე რეკორდული ოდენობის თანხა - 220 მლნ დოლარი, 2014 წლის იანვარში გაიყიდა, ეს ის პერიოდია, როცა ლარმა სწრაფი ტემპით დაიწყო გაუფასურება და ვარდნის ტემპის შესამცირებლად 2013 წლის 8 ნოემბრიდან 2014 წლის 25 იანვრამდე ეროვნულ ბანკს 440 მლნ დოლარის გაყიდვა მოუწია, თუმცა იმავე პერიოდში ოფიციალური კურსი მაინც 1.67-დან 1.78-მდე გაუფასურდა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით რეზერვები 3.1 მლრდ-ს შეადგენდა, 2014 წლის 31 იანვარს კი 2.6 მლრდ-ზე ნაკლებს. 3 თვეში რეზერვების მოცულობა 17%-ით შემცირდა.
სავალუტო აუქციონების გარდა, ეროვნული ბანკი Bmatchპლატფორმაზე ვაჭრობს. ამ გზით ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში 107 მლნ დოლარი გაყიდა, ოქტომბრის მონაცემები 25 ნოემბერს გახდება ცნობილი, თუმცა იქამდე 7 ნოემბერს რეზერვების მოცულობა გასაჯაროვდება, რაც მთლად ზუსტს ვერა, მაგრამ მიახლოებით წარმოდგენას შექმნის ვაჭრობის მოცულობაზე. სექტემბერში სავალუტო აუქციონი არ გამართულა, Bmatchპლატფორმაზე 107 მლნ გაიყიდა და რეზერვები 127 მლნ-ით შემცირდა.
სექტემბერში Bmatchპლატფორმაზე და სექტემბერ-ოქტომბერში სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა ნამდვილად გაყიდა 320 მლნ დოლარი. რამდენი გაყიდა ან იყიდა ოქტომბერში Bmatchპლატფორმაზე ეროვნულმა ბანკმა ამის შესახებ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი, (600 მლნ-მდე ასასვლელად 280 მლნ უნდა იყოს გაყიდული) და მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ იკვეთება საარჩევნოდ ე.წ. „კურსის დაჭერის“ პოლიტიკა, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემის ნახვამდე, წინასწარ რაიმეს დადასტურებულად თქმა მაინც შეუძლებელია, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება ვერდიქტის გარეშე დატოვა.