7 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პრემიერმა ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადებების დიდი ნაწილი გადაამოწმა.

განცხადება: 2012 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები იყო. 2020 წლისთვის ეკონომიკა გავზარდეთ დაახლოებით 50 მილიარდ ლარამდე... 2021-2022-2023 წლებში ჩვენ გვქონდა საშუალო ეკონომიკური ზრდა 9,7%, წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკა დაახლოებით 40 მილიარდით გავზარდეთ, ამ წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკა იქნება უკვე 90 მილიარდი ლარი

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

2012 წელს ეროვნულ ვალუტაში დათვლით საქართველოს ნომინალური ეკონომიკა 27.9 მლრდ ლარს შეადგენდა. 2023 წელს - 80 მლრდს, 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 87.7 მლრდ ლარია, მაგრამ რადგან იანვარ-აგვისტოში მშპ დაგეგმილზე თითქმის ორჯერ სწრაფად - 10%-ით გაიზარდა, დასაშვებია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკის მოცულობამ მართლაც 90 მლრდ-ს მიაღწიოს. პრემიერის მიერ დასახელებულ მონაცემებში, პრობლემა არა რიცხვებში, არამედ ინფლაციის უგულებელყოფაშია.

2012 წლის შემდეგ, 2013-2024 წლებში სამომხმარებლო ფასები ჯამურად 65%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ამჟამინდელი 90 მლრდ მსყიდველუნარიანობით 2012 წლის 54.5 მლრდ-ს უთანაბრდება. ანუ რეალური ეკონომიკა 27.8-დან 54.5 მლრდ-მდეა გაზრდილი (იმ დაშვებით, თუ 2024 წელს ნომინალური ეკონომიკა მართლაც მიაღწევს 90 მლრდ-ს და წლის ბოლომდე 1.1%-იანი ინფლაცია შენარჩუნდება).

გარდა ამისა, „რთული ვითარებიდან“ ზრდა რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს. 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უარესი 2003 წელს იყო, თუმცა 2003-2012 წლებში ნომინალური ეკონომიკა 8.6 მლრდ-დან 26.2 მლრდ ლარამდე გაიზარდა (2010 წლამდე საქსტატს მშპ ძველი მეთოდოლოგიით აქვს დაანგარიშებული და 2012 წლის ცდომილებაც ძველი მეთოდოლოგიით 26.2 და ახალი მეთოდოლოგიით 27.9 მლრდ ამ მიზეზითაა გამოწვეული). ნომინალური სისწორის, ინფლაციის უგულებელყოფისა და მცდარი ინტერპრეტაციის (თითქოს 2013-2023 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა და იქამდე ან არ იზრდებოდა, ან უფრო დაბალი ტემპით იზრდებოდა) გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

განცხადება: 8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს. ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გავზარდეთ ბიუჯეტი - 2024 წლისთვის უკვე თითქმის 28 მლრდ ლარამდე

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ირაკლი კობახიძე, სავარაუდოდ, ნაერთ ბიუჯეტს გულისხმობს, რაც სახელმწიფოსთან ერთად ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებსაც აერთიანებს. 2012 წელს ნაერთი ბიუჯეტი 8.6 მლრდ ლარს შეადგენდა, 2024 წლის პროექტის მიხედვით კი 28.3 მლრდ-ს აღწევს. ხელფასებისა და მშპ-ის მსგავსად პრემიერმა ინფლაცია ამ შემთხვევაშიც უგულებელყო. რეალური ზრდა 8.6-დან 17.2 მლრდ-მდეა.

ირაკლი კობახიძე სასტარტო პერიოდს, ამ შემთხვევაშიც, როგორც რთულს, ისე აფასებს. ნაერთი ბიუჯეტის შესახებ ფინანსთა სამინისტროს გვერდზე ინფორმაცია 2012 წლიდან იძებნება, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2003-2012 წლებში პროცენტულად კიდევ უფრო მეტად - 1.4 მლრდ-დან 7.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ნომინალური სისწორისა და ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

განცხადება: ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, დოლარში 2012 წელს შეადგენდა დაახლოებით 10 000 დოლარს, ოდნავ მეტს, 10 040 დოლარს და მსოფლიოში ვიყავით 109-ე ადგილზე ამ მაჩვენებლით, იყო ძალიან მძიმე ვითარება ეკონომიკური თვალსაზრისით. 2024 წლისთვის ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ 25 000 დოლარს მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით. 109-ე ადგილიდან გადავინაცვლეთ 77-ე ადგილზე.

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

ირაკლი კობახიძე ეკონომიკას, ამ შემთხვევაშიც, მიმდინარე ფასებში ითვლის და არა მუდმივში. 2021 წლის მუდმივ ფასებში დათვლით მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2012-2023 წლებში 13 195 დოლარიდან 22 250 დოლარამდე გაიზარდა, იქამდე, 2003-2012 წლებში, 7230-დან 13 195-მდე. ანუ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, 11-წლიან პერიოდში - 70%-ით და იქამდე 9 წლიან პერიოდში - 83%-ით.

რაც შეეხება მსოფლიოში პოზიციას, 2003 წელს საქართველო 114 ადგილს, 2012 წელს 102-ე ადგილს, ხოლო 2023 წელს 82-ე ადგილს იკავებდა. ჯუჯა სახელმწიფოები, ისეთები როგორებიცაა სან-მარინო და ლიხტენშტაინი, ასევე გაეროს არაწევრი ჰონგ-კონგი და მაკაუ, ზოგ კვლევაში ცალკეა მოხსენიებული, ზოგში არა, რის გამოც რეიტინგში შეიძლება ერთი და იგივე თანხობრივი მაჩვენებლით, ვთქვათ 22 250 დოლარით, საქართველომ სხვადასხვა პოზიცია დაიკავოს.

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ნამდვილად გაიზარდა, მაგრამ არა 150%-ით. უფრო მაღალი ჯამური ზრდა 2004-2012 წლებში დაფიქსირდა, თუმცა უფრო მაღალი პოზიციური წინსვლა 2013-2023 წლებში იყო. ნომინალური სისწორისა და ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

განცხადება: 2012 წელს 26.7% იყო უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ახლა კი ეს მონაცემები განახევრებულია და დღეის მდგომარეობით, 13.7%-ს შეადგენს

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ პრემიერი 2012 წლის წლიურ მაჩვენებელს მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს ადარებს, კვარტალური მონაცემების წლიურ მაჩვენებელთან შედარება არამართებულია, რადგან უმუშევრობის მაჩვენებელზე სეზონურ დასაქმებას დიდი გავლენა აქვს. ამიტომაც, სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, 2012 წლის მაჩვენებელი 2023 წლის მაჩვენებელს შევადარეთ.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს უმუშევრობის დონე 26.7% იყო, 2023 წელს კი უმუშევრობის დონემ 16.4% შეადგინა.

გრძელვადიანი პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ, 2016-2019 წლებში ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა, რის ხარჯზეც, დასაქმების ზრდის გარეშე, უმუშევრობის დონემ იკლო. პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა და უმუშევრობის დონეც გაიზარდა. პანდემიის შემდგომ პერიოდში, 2022-2023 წლებში, ქვეყანაში სამუშაო ძალა და დასაქმების პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შესაბამისად, შემცირდა უმუშევრობის დონეც.

გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის დონის კლების ჯამური მაჩვენებელი არ იყო მხოლოდ დასაქმებით ზრდით განპირობებული და მასზე გავლენა სამუშაო ძალის კლებამაც იქონია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა და სამუშაო ძალის მიღმა გადაინაცვლა ან ქვეყანა დატოვა, რაც ცალსახად უარყოფითი მოვლენაა.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე. ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

განცხადება: 1 217 000 ადამიანი იყო დასაქმებული 2021 წელს და მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, 170 000-ით გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი ქვეყანაში. შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

პრემიერი დასაქმებულთა რაოდენობაზე საუბრობს და მიმდინარე წლის II კვარტლის მონაცემებს 2021 წლის წლიურ მაჩვენებელს ადარებს. ანუ მონაცემები შედარებულია პანდემიურ პერიოდთან, როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო და დასაქმებულთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა. ამგვარი შედარება მანიპულაციურია და ობიექტურ რეალობას არ ასახავს. გარდა ამისა, დასაქმების მაჩვენებელში სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხავად, კვარტალური მაჩვენებლები შესაბამისი კვარტლის მაჩვენებელს უნდა შედარდეს.

2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, პანდემიამდე პერიოდთან ანუ 2019 წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 72.2 ათასით არის გაზრდილი. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2023 წლის მონაცემებით, გასული 4 წლის განმავლობაში, დამატებით, მხოლოდ 38.7 ათასი ადამიანი დასაქმდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

2020-2021 წლებში ანუ პანდემიურ პერიოდში ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. 2022 წლიდან დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების ტენდენციაა, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ეკონომიკური ზრდის თანმდევი პროცესია და ასევე, სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა, მათ შორის, სოციალურად დაუცველთა დასაქმება ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ სამუშაოებზე და სხვა.

ამრიგად, ირაკლი კობახიძე სტატისტიკით მანიპულირებს და არსებულ პროგრესს მკვეთრად გადაჭარბებულად წარმოაჩენს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი.

განცხადება: ძალიან მნიშვნელოვანია, ხელფასების ზრდა და ამ კუთხითაც ჩვენ გვქონდა საკმაოდ რთული ვითარება - 712,5 ლარი იყო 2012 წლისთვის საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. უკვე დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 2005 ლარამდე

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

საქსტატის ცნობით, საშუალო დასაბეგრი ხელფასი 2012 წელს ნამდვილად 713 ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 1858 ლარს. რაც შეეხება პრემიერის მიერ დასახელებულ რიცხვს 2005 ლარს ის 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემს ასახავს, კვარტალური მაჩვენებლის წლიურ მაჩვენებელთან შედარება მეთოდოლოგიურად არასწორია. 2012 წელს საქსტატი ხელფასებს კვარტალურად არ ითვლიდა, ამიტომ ბოლო შესადარებელი მონაცემი 2023 წელია.

2023 წელს ნომინალური ხელფასი 2012 წელთან შედარებით 2.6-ჯერ იყო გაზრდილი, თუმცა ხელფასებზე საუბრისას, აუცილებელია ინფლაციის გათვალისწინებაც, რადგან მთავარია არა ის, თუ რამდენი ლარი აქვს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება, არამედ ის, თუ რისი შეძენა შეუძლია ხელფასით. 2023 წლის 1858 ლარი მსყიდველუნარიანობით 2012 წლის 1133 ლარს უთანაბრდება. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, რეალური ხელფასი გაზრდილია მხოლოდ 1.6-ჯერ ანუ 60%-ით და არა 160%-ით. ნომინალური სისწორისა და ინფლაციის უგულებელყოფის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.

განცხადება: 1 120 000 ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 11.8%-მდე შემცირდა სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში და დღეის მდგომარეობით, 440 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ჯამში, დაახლოებით 679.6 ათასით, 30%-დან 11.8%-მდე, შემცირდა. აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირება ნიშნავს, რომ აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა თავი დააღწია უკიდურეს სიღატაკეს, თუმცა უმეტესწილად ისინი კვლავ რჩებიან ზოგად სიღარიბეში.

აბსოლუტური სიღარიბე შემცირდა შემოსავლების ზრდის ხარჯზე, აღნიშნული შემოსავლები კი მოიცავს, როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე სოციალურ დახმარებებსა და გზავნილებს.

ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირების პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად არის გაზრდილი. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები არის ჯამში, 680,833 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.4%-ს შეადგენს. 2012 წლის ოქტომბერში, როცა მმართველმა გუნდმა ხელისუფლება გადმოიბარა, 472,093 ათასი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 12.6%) იყო სოციალურად დაუცველი. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა, როგორც კლებისკენ, ასევე ზრდისკენ. 2020 წლიდან ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება და 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

პრემიერი აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკურ მაჩვენებლებს სწორად ასახელებს, თუმცა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა, ეს უკანასკნელი ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე მიუთითებს და ამავდროულად აბსოლუტური სიღარიბის დონის კლებას უწყობს ხელს.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე. ამ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

განცხადება: ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი - სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო. მხოლოდ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

2012 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება საწარმოების შექმნა იყო. კოალიციის მაშინდელი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ „ასეულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება რეალური“. ლოგიკური იყო, ყველას ევარაუდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მსხვილი საწარმოების - ქარხნების გახსნას გულისხმობდა და არა მცირე საწარმოების, რომლებიც მთავრობის ხელშეწყობის გარეშეც წლიურად საშუალოდ 20 000-მდე ისედაც რეგისტრირდებოდა.

მოსაზრებას, რომ ივანიშვილი ნამდვილად მსხვილ საწარმოებს გულისხმობდა, მისი შემდგომ პერიოდში გაკეთებული განცხადებაც ადასტურებდა, სადაც ის აცხადებდა, რომ „თითოეულ რეგიონში ერთი საწარმო მაინც უნდა გახსნილიყო“. ცხადია, ბიძინა ივანიშვილი რეგიონში ერთი მცირე საწარმოს გახსნას დიდ მოვლენად არ ჩათვლიდა.

ბუნებრივია, რომ ოპონენტებიც, როცა „ქართულ ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად აქცენტს სწორედ გაუხსნელ მსხვილ საწარმოებზე აკეთებენ.

საწარმოები, რომლის სტატისტიკაც პრემიერს მოჰყავს, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების - „შეღავათიანი აგროკრედიტის“ და „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მართლაც დაფინანსდა, ჯამში, 700 საწარმო გაიხსნა და 800 საწარმო გადაიარაღდა. შესაბამისად, პრემიერის მიერ დასახელებული სტატისტიკური მონაცემი ზუსტია, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ დაპირება მსხვილი საწარმოების გახსნას გულისხმობდა, რამაც მოსახლეობაში გადაჭარბებული მოლოდინი გააჩინა, რომ 60 დიდი საწარმო გაიხსნებოდა და მათი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდებოდა.

სინამდვილეში, პროგრამების ფარგლებში ძირითადად მოქმედი ბიზნესმენების მიერ წამოწყებული ახალი საქმე ფინანსდება, ან გამოყოფილი კრედიტი მათი უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებას ხმარდება. ასეთი პროექტების წამოსაწყებად ფინანსების მოპოვება მოქმედ ბიზნესმენებს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშეც შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, პროექტში ჩართული ბენეფიციარების უმრავლესობისთვის სახელმწიფოს მხრიდან მიღებული დახმარება „იაფი ფული“ უფროა, ვიდრე განვითარებისა და ახალი საწარმოს გასახსნელად საჭირო აუცილებელი საშუალება. შესაბამისად, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში უმეტესად ფინანსურად ისედაც ძლიერი სუბიექტები იღებენ კრედიტს. მათი უპირობო მხარდაჭერა კი კონკურენციას აუარესებს და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ვერ ქმნის. ისიც აღსანიშნავია, რომ დასახელებული პროგრამების წლიური დაფინანსება საშუალოდ 200 მლნ ლარს შეადგენს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრემიერის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

განცხადება: 2012 წელს სოფლის მეურნეობის დაფინანსება 172.5 მლნ ლარს შეადგენდა. წელიწადში 200 მლნ ლარიც კი არ იხარჯებოდა სოფლის მეურნეობაზე და ეს დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო. 2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 85.1 მლნ ლარი იყო, უკვე 2012 წელს დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა - 212.8 მლნ ლარამდე, რამაც ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 2.6% შეადგინა, წინა წელს იგივე მაჩვენებელი 1.4% იყო. მომდევნო წლებში - 2018 წლამდე, სამინისტროს ბიუჯეტის ნომინალური მაჩვენებელი მზარდი იყო, მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით კი ერთიანი ტენდენცია არ იკვეთება. 2018 წლიდან მოყოლებული ბიუჯეტი ნომინალში სულ მზარდია, ფარდობითი მაჩვენებელიც 2023 წლამდე იზრდებოდა.

სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე პრემიერი იმის საილუსტრაციოდ აკეთებს, რომ წინა ხელისუფლების დროს დარგი მიტოვებული იყო და მოქმედი ხელისუფლების დროს დაფინანსების ზრდამ სოფლის მეურნეობის პროგრესს შეუწყო ხელი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა მართლაც 2012 წლიდან დაიწყო. მანამდე, დარგის დაფინანსება წლიურად საშუალოდ 30 მლნ ლარს შეადგენდა.

სოფლის მეურნეობის წინსვლის შესაფასებლად მართებულია, ერთი მხრივ, მისი რეალური ზრდის ტემპის (როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ინფლაციის ეფექტის გარეშე) და მეორე მხრივ, იმის გაანალიზება, თუ რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში, ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში.

2004-2012 წლის პერიოდში დარგის რეალური ზრდა თითქმის სულ უარყოფითი იყო, ე.ი. სოფლის მეურნეობა მცირდებოდა. ზრდა მხოლოდ 2005, 2007 და 2011 წლებში დაფიქსირდა (იხ.სტატია). თუმცა შემცირების მიუხედავად, დარგის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 10%-ის ფარგლებში მერყეობდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2012 წლიდან დარგის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობის რეალურმა ზრდამ -2.8% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობა შემცირდა. უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა 2022 წელსაც, ამ წელს სოფლის მეურნეობა 1.8%-ით შემცირდა (წინა წლების შედეგები იხ. სტატიაში). საანგარიშო პერიოდში (2013-2023 წლებში), გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად, სოფლის მეურნეობა 2014, 2015, 2016, 2017, 2022, 2023 წლებში შემცირდა.

რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილს, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, 6.9% შეადგინა. 2022 წელს დარგის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7.6% იყო.

ეს მაჩვენებლები იმის დასტურია, რომ ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ დარგად მიჩნევის და დაფინანსების ზრდის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე დარგი ნაკლებ გავლენას ახდენს.

შესაბამისად, „ნაციონალების“ დროს სოფლის მეურნეობის დაფინანსება მართლაც მწირი იყო. ამ დაფინანსების შესაბამისი იყო შედეგებიც, დარგი თითქმის ყოველწლიურად მცირდებოდა, თუმცა მისი წილი მთლიან ეკონომიკაში 10%-ის ფარგლებში იყო. „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა შედეგები მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესა, 13 წლის განმავლობაში თითქმის ნახევარში დარგი შემცირდა, 2020 წლიდან მოყოლებული კი მცირდება სოფლის მეურნეობის წილი მთლიან ეკონომიკაში. აღნიშნული მონაცემები დარგის წინსვლის და წარმატებულობის დასტურად ვერ გამოდგება.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

განცხადება: 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტობანი, მაგისტრალი იყო აშენებული ჩვენს ქვეყანაში. თავიდან ბოლომდე მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი დაგვხვდა

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 430 კილომეტრია. 2007 წლიდან (2006 წელი გათვალისწინებული არ არის, რადგან ამ წელს მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი) დღემდე მოძრაობა ავტობანის 276 კილომეტრ გზაზეა გახსნილი (მთლიანი გზის 64%). აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 207.85 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. შესაბამისად, „ნაციონალების „ პერიოდში მოძრაობა ავტობანის მართლაც 68 კილომეტრ გზაზე გაიხსნა.

„ქართულმა ოცნებამ“ ავტობანის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ააშენა. თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე - ხელისუფლების ცვლილებამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდე გაფართოება (3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.

პრემიერმა გამოსვლისას იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ავტობანის მშენებლობა სრულად 2025 წელს დასრულდება და ეს ფაქტი „ოცნების“ ეფექტიანი მუშაობის დასტურად მოიყვანა. მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ავტობანის დასრულების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ, ყველაზე პრობლემურ - სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთს, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და დღემდე მისი დასრულება ვერ მოხერხდა (იხ.სტატია). ამ გზის მე-4 მონაკვეთის 10-კილომეტრიანი გზა შარშან დასრულდა. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთზე მშენებლობა ამჟამადაც მიმდინარეობს, ხოლო პირველ მონაკვეთზე 2023 წლის თებერვალში ჩანგრეული ხიდის რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული გზის მონაკვეთიც მთავრობის ეფექტიანობის მაგალითად ვერ გამოდგება.

განხილულიდან გამომდინარე, პრემიერის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

განცხადება: ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 5 მლრდ აშშ დოლარი, რაც გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას.

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

2022 წლის იანვრიდან 2024 წლის ივლისამდე საქართველოში შემოსულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 4.9 მლრდ დოლარს გადააჭარბა. თანხობრივად რეკორდული იყო 2022 წელი, როდესაც ინვესტიციები 2.3 მლრდ-ს მიუახლოვდა. 2023 წელს ინვესტიციები 350 მლნ-ით შემცირდა, კლება 2024 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციები 34%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია კიდევ ორი გარემოება, რეინვესტირების მაჩვენებელი 2022-2024 წლებში 70%-ს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ინვესტიციები მინიმუმამდეა შემცირებული და პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით შემცირებულია ინვესტიციების მშპ-სთან ფარდობაც. ნომინალური სისწორის, პარალელურად უარყოფითი ტენდენციისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების უგულებელყოფის გათვალისწინებით „ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5673 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია