პაატა მანჯგალაძე: სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი ვერ ააშენეს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა მანჯგალაძის განცხადება არის სიმართლე.
გასული წლის თებერვალში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი ჩავარდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოფიციალური ინფორმაციით, მდინარე რიონის ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაშინ აცხადებდა, რომ როგორც კი მდინარე რიონში წყლის დონე დაიწევდა, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა. ამ შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა, დღემდე ხიდი არათუ არ აღდგენილა, მის მშენებლობა/რეაბილიტაციაზე ტენდერიც კი არ გამოცხადებულა.
ხიდის საექსპერტო სამუშაოებს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახორციელებდა. ექსპერტიზის შედეგები ხიდის ჩავარდნიდან 10 თვის თავზე გახდა ცნობილი. საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ხიდის სამშენებლო სამუშაოები პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ განხორციელდა.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პაატა მანჯგალაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე სხვა საკითხებთან ერთად ინფრასტრუქტურასაც შეეხო და განაცხადა: „სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი ვერ ააშენეს“.
შეგახსენებთ, გასული წლის თებერვალში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი ჩავარდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით, მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. მათივე ინფორმაციით, რადგან იმ დროისთვის მდინარე რიონის წყლის დონე დიდი იყო, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ვერ ხერხდებოდა და წყლის დონის დაწევისთანავე ბურჯის აღდგენა დაიწყებოდა.
მოგვიანებით,დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მშენებარე სახიდე გადასასვლელის საექსპერტო სამუშაოებს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახორციელებდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა.
ექსპერტიზის შედეგები შემთხვევიდან 10 თვის თავზე გახდა ცნობილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია) იყო. წყალდიდობამ როსტვერკის ქვეშ გრუნტი წარეცხა, რომლის ფილამ დგარების დაწოლას ვეღარ გაუძლო. დგარებმა როსტვერკი ჩახვრიტა, რის გამოც ბურჯის ორი მილი მდინარის კალაპოტში ჩაიშალა. ექსპერტიზა ხიდი სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც ჩაუტარდა და აღმოჩენილი იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ხიდის პროექტირება-მშენებლობის ტენდერს ახლო მომავალში გამოაცხადებდა, მანამდე კი, რადგან ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა, ექსპერტიზის დასკვნას საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნიდა.
შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღნიშნული გზის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინანსების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB).
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ოთხივე ლოტის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა (იხ: სტატია). განსაკუთრებულად პრობლემური გზის პირველი და მეორე მონაკვეთი აღმოჩნდა.
ჩვენთვის საინტერესო, სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზე, რომლის საერთო სიგრძე 11,5 კილომეტრია, 26 მიწისქვეშა გასასვლელის და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასვლელის, მათ შორის - 3 ხიდის და ერთი რკინიგზაზე გასასვლელი ხიდი-ესტაკადის მშენებლობა იგეგმებოდა. სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და საავანსო თანხის ამოსაღებად ( 18 338 910 ევრო) საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა და დავა მოიგო. მონაკვეთის დარჩენილ სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ 2018 წლიდან ახორციელებდა. 2021 წელს კი მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, რათა პროექტის საბოლოო კონტრაქტორი შეერჩია. ტენდერში კომპანია „ჯეუ გრუპმა” გაიმარჯვა, რომელსაც 73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.
2022 წლის ბოლოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთის შესახებ საუბრობდა და აცხადებდა, რომ „გზის მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა გამოწვევად რჩება რიონზე ასაშენებელი ხიდი, რომლის დიდი ნაწილი - ბურჯები, ამოყვანილია. თუმცა მე-7 ბურჯი ჯერ კიდევ გამოწვევა არის და მნიშვნელოვანი ძალისხმევაა კონტრაქტორის მხრიდან და გეგმაზომიერად, შესაბამისი ტექნოლოგიებით მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოწვევა დროულად იქნას გადაჭრილი და შემდგომ უკვე გათვალისწინებული სამუშაოები ასევე მაღალი ხარისხით იქნას ნაწარმოები“.
როგორც ხიდის ჩავარდნამ ცხადყო, გამოწვევა გამოწვევად დარჩა და პრობლემურ მე-7 ბურჯს, მე-8 ბურჯიც დაემატა და აღნიშნულმა საბოლოოდ, ხიდის დაზიანება გამოიწვია.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის ჩანგრევიდან ერთი წლის თავზე, ხიდი არათუ აშენებული, არამედ ჯერ მის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული, ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით, ხიდი პროექტთან შეუსაბამოდ, უხარისხოდ, ხარვეზებით აშენდა, ხიდის ჩავარდნიდან 9 თვის თავზე გამოქვეყნდა. შესაბამისად, პაატა მანჯგალაძის განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არის სიმართლე.