ირაკლი კობახიძე: ქვეყნის მასშტაბით უმუშევრობა განახევრდა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
2023 წელს უმუშევრობის დონემ 16.4% შეადგინა, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 26.7% იყო. ამრიგად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში უმუშევრობის დონე ნამდვილად შემცირდა, თუმცა არ განახევრებულა.
გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის დონის კლება არ იყო მხოლოდ დასაქმებით ზრდით განპირობებული და მასზე გავლენა სამუშაო ძალის კლებამაც იქონია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა და სამუშაო ძალის მიღმა გადაინაცვლა ან ქვეყანა დატოვა, რამაც უმუშევართა სტატისტიკა შეამცირა.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, უმუშევრობა განახევრდა.
ქვეყანაში სამუშაო ძალის სტატისტიკას საქსტატი აწარმოებს, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მეთოდოლოგიას ეფუძნება. უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალის) შეფარდების შედეგად გამოითვლება. სამუშაო ძალა არის დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა. საქსტატის მეთოდოლოგიით, პირი, რომელიც უმუშევარია, მაგრამ არ არის სამუშაოს მაძიებელი (გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდა სამუშაოს), სამუშაო ძალის მიღმა გადადის და უმუშევრად არ მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, უმუშევრობის დონე შესაძლოა ტექნიკურად - სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე შემცირდეს. შესაბამისად, ქვეყანაში უმუშევრობის დონის სწორად შესაფასებლად სამუშაო ძალის და დასაქმების პარამეტრებიც უნდა გავაანალიზოთ.
იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წლის წლიური მონაცემები ჯერ ვერ იქნება ცნობილი, 2012-2023 წლების მონაცემები გავაანალიზეთ.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს უმუშევრობის დონემ 16.4% შეადგინა. ეს არის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული, მაგრამ აქტიურად ეძებს სამუშაოს. 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გადაიბარა, უმუშევრობის დონე 26.7%-ს შეადგენდა. ანუ, 11-წლიან პერიოდში უმუშევრობის დონე ჯამში 10.3 პროცენტული პუნქტით, 1.6-ჯერ შემცირდა. ამრიგად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში უმუშევრობის დონე ნამდვილად შემცირდა, თუმცა არ განახევრებულა.
გარდა ამისა, უმუშევრობის დონის კლებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ, ასევე სამუშაო ძალის კლებამ, ეს უკანასკნელი ცალსახად უარყოფითი მოვლენაა. გრძელვადიან პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახურის ძიება შეწყვიტა ან ქვეყანა დატოვა, რომლებიც ქვეყანაში უმუშევართა რიგებს დააკლდნენ.
2012-2023 წლებში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (1,675.6 ათასი) 2015 წელს დაფიქსირდა. 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა 102.8 ათასით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 12.6 ათასით შემცირდა, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე უმუშევრობის დონე 2015-2019 წლებში 21.9%-დან 17.6%-მდე შემცირდა.
2023 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 1 596.3 ათასი შეადგინა, რაც აღემატება 2019-2022 წლების მონაცემებს, თუმცა წინა წლების (2012-2018) მაჩვენებლებზე ნაკლებია. 2023 წლის მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 79.3 ათასით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 58.4 ათასით ნაკლებია. ამრიგად, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სამუშაო ძალა შემცირდა, რამაც გარკვეული გავლენა იქონია უმუშევრობის დონის შემცირებაზეც.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დასაქმების მაჩვენებლები (დასაქმებულთა რაოდენობა, დასაქმების დონე) იცვლებოდა როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ (იხ. გრაფიკი 1). 2023 წელს ქვეყანაში დასაქმების პარამეტრები გაუმჯობესდა. გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში დაახლოებით 50.9 ათასით (4%-ით) გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობა 2012 წლის მაჩვენებელს დაახლოებით 10%-ით (122.4 ათასით) აღემატება.
2023 წელს დასაქმების დონემ (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 44.5% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. 2012 წელთან შედარებით დასაქმების დონე 4.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ მმართველობის გრძელვადიან პერიოდში დასაქმების მაჩვენებლები ჯამში გაუმჯობესდა, თუმცა არა იმ მასშტაბით, რამდენადაც უმუშევრობის დონე არის შემცირებული. რაც იმით აიხსნება, რომ უმუშევრობის დონის შემცირებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმების ზრდამ, ასევე სამუშაო ძალის კლებამ.
გრაფიკი 1: სამუშაო ძალის მაჩვენებლები 2012-2023 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამრიგად, გრძელვადიანი პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ, 2013-2015 წლებში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. 2015 წლის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა მკვეთრად მცირდება, რის ხარჯზეც მცირდება უმუშევრობის დონეც, დასაქმების ზრდის გარეშე. პანდემიის პერიოდში, 2020-2021 წლებში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლები მკვეთრად უარესდება. პანდემიის შემდგომ პერიოდში, 2022-2023 წლებში, ქვეყანაში სამუშაო ძალა და დასაქმების პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, შესაბამისად, შემცირდა უმუშევრობის დონეც.
2012 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 26.7%-დან 16.4%-მდე, ანუ 1.6-ჯერ შემცირდა. ამრიგად მტკიცება, რომ უმუშევრობის დონე განახევრდა, გადაჭარბებულია. გარდა ამისა, უმუშევრობის დონის კლებაზე გავლენა იქონია როგორც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ, ასევე სამუშაო ძალის კლებამ - ადამიანებმა დატოვეს ქვეყანა ან შეწყვიტეს სამუშაოს ძიება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას ვაფასებთ, ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.